ანქვაბზე ტერაქტის ორგანიზატორობაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა ანქვაბზე ტერაქტის ორგანიზატორობაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა />


  08:07:25     18-04-2012

ანქვაბზე ტერაქტის ორგანიზატორობაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა

a17163.jpg

აფხაზეთში, ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იპოვეს, მაგრამ მისი დაკითხვა ვეღარ მოახერხეს. ყოფილმა ჩინოვნიკმა თავი მოიკლა. ალმასბეი კჩაჩს სამართალდამცველებმა ბინაში მიაკითხეს, თუმცა ოთახში ფანჯრიდან გადასულებს, ობიექტი მკვდარი დახვდათ. კჩაჩმა იცოდა, რომ უნდა დაეპატიმრებინათ და თავი პისტოლეტით მოიკლა.

ალმასბეი კჩაჩი ვლადისლავ არძინბას უახლოესი თანამებრძოლი იყო. ის თავდაპირველად უმაღლესი ორგანოების დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, 1996-2003 წლებში ე.წ. შს მინისტრი იყო, 2003-2005 წლებში კი ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი.

ჯერჯერობით, სოხუმში არ აკონკრეტებენ, რას ერჩოდა კჩაჩი ანქვაბს, მაგრამ ცნობილია, რომ არძინბა და ანქვაბი 90-იან წლებში შეურიგებელი ოპონენტები იყვნენ. ანქვაბს მოწინააღმდეგეები „საქართველოს მიმართ ზედმეტად ლოიალობაში“ ადანაშაულებდნენ. შედეგად, მას 1994 წელს აფხაზეთის დატოვება მოუხდა. ის მოსკოვში გადავიდა და სოხუმში მხოლოდ 2004 წელს დაბრუნდა, როცა ე.წ. პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში გახდა.

გარდა ამისა, ალმასბეი კჩაჩი 2009 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერის, ბესლაბ ბუთბას გუნდის წევრი იყო და მისი გამარჯვების შემთხვევაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზეც მოიაზრებოდა. როგორც ირკვევა, სწორედ ბუთბას გვარის ადამიანმა გაიყვანა გამომძიებლები კჩაჩზე.  ცოტა ხნის წინ დაკავებულ, ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილ პირთა შორის არის ადგილობრივი ბიზნესმენი ანზორ ბუთბა, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ბესლან ბუთბას ნათესავია.

აფხაზეთის პროკურატურაში ამბობენ, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომ კჩაჩი 22 თებერვალს, ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორი იყო. მისი დაკავების შესახებ ხმები, როგორც სოხუმში ამბობენ, დაახლოებით, 4 დღეა, რაც გავრცელდა. კჩაჩი ერთხელ უკვე იყო კიდეც პროკურატურაში, თუმცა უკვე მის დასაპატიმრებლად მისულებს, ის მკვდარი დახვდათ. ეს ფაქტი კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს, რომ კჩაჩს გარკვეული კავშირი ანქვაბზე განხორციელებულ ტერაქტთან, მართლაც ჰქონდა. თუმცა დაპირისპირების მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
0

ავტორი: