09:30:36     17-04-2012
რუსეთმა სმოლენსკის კატასტროფის კვალი წაშალა

ტუ-154-ის ფრაგმენტები, რომლებიც დღემდე არ გადაუციათ პოლონეთისათვის, გადარეცხილია და მასზე ყველა კვალი წაშლილია. ეს საკუთარი თვალით ნახეს პოლონეთის დელეგაციის წევრებმა და ჟურნალისტებმა, რომლებიც სმოლენსკში 10 აპრილს, კატასტროფის შედეგად დაღუპულთა პატივის მისაგებად იყვნენ ჩასულები. ეს ის ფრაგმენტებია, რომლებიც სმოლენსკის ტრაგედიის შესახებ სისხლის სამართლის საქმეში ნივთმტკიცებულებად ითვლება. პოლონელი პროკურორები და ექსპერტები რუსული მხარის მოქმედებაში ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავენ. ეჭვები კი გაუმძაფრდათ.
ფრაქცია „სოლიდარული პოლონეთის“ დეპუტატმა ანჟეი დერამ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ნაწილების „გასუფთავება კვალის წაშლას ნიშნავს“. „არცერთი ნორმალური არ გაწმენდს ნივთიერ მტკიცებულებას. ეს, რაღაც, წარმოუდგენელია. რატომ გააკეთეს ეს? ამას ლოგიკურ ახსნას ვერც მოუძებნი“ - განაცხადა მან და საკითხის გარკვევა პროკურატურისგან მოითხოვა.
პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ მართლაც მოსთხოვა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს აეხსნათ ის მიზეზები, რის გამოც მტკიცებულებები გაანადგურეს, თუმცა, მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ თავად საგამოძიებო კომიტეტს ეს არ გაუკეთებია.
თვითმფრინავის ფრაგმენტების გადაცემას პოლონეთი მოსკოვისგან უკვე ორი წელია ითხოვს. გარდა იმისა, რომ ის ნივთიერი მტკიცებულებაა, თვითმფრინავის ნაწილები კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავი ძეგლის დეტალიც უნდა გახდეს. 2012 წლის 10 აპრილს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ რუსეთი მზადაა დაიწყოს ტუ-154-ის „ფრაგმენტების გადაცემის ტექნიკური შეთანხმების პროცედურა“, მაგრამ თვით გადაცემის საკითხს გამოძიების დასრულებისა და პროცესუალური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განიხილავს.
მანამდეც, თვითმფრინავის ფრაგმენტები, დიდი ვაჭრობის საგნად იყო ქცეული. მოსკოვს, რატომღაც ეს ნამსხვრევები არ ეთმობა. ცოტა ხნის წინ კი საერთოდ, სკანდალი გამოიწვია ვარშავის მუნიციპალიტეტის დელეგაციის სნოლენსკში ყოფნისას მომხდარმა შემთხვევამ, როცა დელეგაციის ერთ-ერთ წევრს აღნიშნული ნივთმტკიცებულების - თვითმფრინავის ფრაგმენტებისა და ბორტზე მყოფი დაღუპული ადამიანების ნივთების, საერთოდ, ყიდვა შესთავაზეს. მაშინ ვარშავის ბურგომისტრმა პეტრე გუზელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ფრაგმენტები და ტრაგედიის მსხვერპლთა სისხლიანი ტანსაცმლის ნაფლეთები სმოლენსკში მოროდიორებისთვის ვაჭრობის საგნადაა ქცეული. უფრო ადრე კი, 2010 წლის ოქტომბერში, მედიაში მოხვდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, როგორ ამსხვრევენ რუსი სამხედროები თვითმფრინავის გადარჩენილ მინებს.
0