კოკოითისა და მისი გუნდის ციხეში გასაშვებად, მასალები უკვე მოძიებულია კოკოითისა და მისი გუნდის ციხეში გასაშვებად, მასალები უკვე მოძიებულია />


  16:11:35     16-04-2012

კოკოითისა და მისი გუნდის ციხეში გასაშვებად, მასალები უკვე მოძიებულია

a17110.jpg

ცხინვალში, რუსული ფულის დატაცების სქემა გამოავლინეს. შედეგები შოკისმომგვრელია. მილიარდ 200 მილიონი უკვალოდ გაქრა.

ედუარდ კოკოითის რეჟიმის დროს დატაცებული რუსული ფულის საქმე, ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა ჯემალ ჯიგკაევმა შეისწავლა. იმ არასრული დოკუმენტების საფუძველზე, რაც მან მოიკვლია, აღმოჩნდა, რომ სულ მცირე, მილიარდ ნახევარი რუსული ფული უკვალოდ არის გამქრალი. ეს ის თანხაა, რაც აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ მოსახლეობას და აღდგენით სამუშაოებს უნდა მოხმარებოდა.

საქმე ეხება ფულის დატაცების ფაქტებს ე.წ. სოციალური ანგარიშებიდან. სპეცანგარიში ცხინვალის რეგიონის ე.წ. ეროვნულ ბანკში იყო გახსნილი. სწორედ აქ რიცხავდნენ რუსები ფულს. როგორც ამბობდნენ, რუსეთში, ამ ფულს, სკოლებშიც კი კრებდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ომით დაზარალებულთა დასახმარებლად, რუს ჩინოვნიკებს ზოგჯერ მთელი თვის ხელფასის დათმობაც უწევდათ. სწორედ ამ „სიმწრით“ ნაგროვებ ფულს კოკოითის რეჟიმმა ალღო უცბად აუღო და ის უკვალოდ გააქრო.

ჯიგკაევი 2 თვეა, რაც ე.წ. პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე დაინიშნა. ის ამბობს, რომ ახალი „პრეზიდენტის“ არჩევამდე დუმდა. ახლა კი თავისი გამოძიების შედეგებს, კოკოითის შემცვლელს, ლეონიდ თიბილოვს გააცნობს. მისი დასკვნებიდან გამომდინარე,  ედუარდ კოკოითი, მისი გენპროკურორი თეიმურაზ ხუგაევი და თავად ჯიგკაევის წინამორბედი ნუგზარ გაბარაევი დასაჭერები არიან.

„ფული უკვე 2008 წელს გადმოირიცხა. თავდაპირველი  ციფრები უცნობია. ამბობენ, რომ საწყისი თანხა მილიარდ 200 მილიონი რუბლი იყო, ან იქნებ ორი, ან სამი მილიარდი? ეს არსადაა დაფიქსირებული. მაგრამ ფული ეროვნული ბანკის ანგარიშზე მხოლოდ 2010 წელს დაჯდა. სად სეირნობდა ეს ორი წელი თანხა, გაურკვეველია“ - ამბობს ჯიგკაევი.

როგორც ვარაუდობს, ფული, შესაძლოა, ერთ-ერთი რუსული ბანკის დეპოზიტზე იდო. და იმ შემთხვევაშიც, თუ მისი თავდაპირველი ოდენობა მილიარდ 200 მილიონი იყო, მხოლოდ ერთ თვეში მასზე დარიცხული თანხა 15 მილიონი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, 2010 წელს სპეცანგარიშზე, რატომღაც, მხოლოდ 750 მილიონი იდო, სად წავიდა 450 მილიონი - გაურკვეველია.

ცნობილია, რომ თავად ე.წ. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, ასევე, გაურკვეველია, რისთვის, მაგრამ ანგარიშიდან მოხსნა 32 მილიონი. ჯიგკაევის წინამორბედმაც მოასწრო და ჯანდაცვის სამინისტროს 35 მილიონი გადაურიცხა. ყოველთვიურად, ანგარიშს 50 მილიონამდე აკლდებოდა. ფული ხან „დაღუპულთა ხსოვნის“ და ხან „დაჭრილების“ ფონდს ერიცხებოდა და საბოლოო ჯამში, მხოლოდ 189 მილიონის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.

„ისინი ამ ფულს უსინდისოდ ხარჯავდნენ, ნაჩქარევად, რომ ეს ფონდები დაეხურათ, არქივში გადაეცათ და მერე დაეწვათ. და მორჩა, მას ვერავინ ვერასოდეს იპოვიდა“ - ამბობს ჯიგკაევი „ეხო კავკაზა“-სთან საუბრისას. ის დარწმუნებულია, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს და გაბარაევი (კოკოითის მრჩეველი), ხუგაევი (კოკოითის გენპროკურორი) და თავად კოკოითი, ულაპარაკოდ, ციხეში უნდა ჩასვან. „ქურდი უნდა ციხეში იჯდეს“ - ამბობს ჯიგკაევი.

0

ავტორი: