15:20:37     14-04-2012
პუტინმა, საბჭოთა კავშირის აღდგენა, რუსეთის უმთავრეს მიზნად გამოაცხადა

მთავრობის საქმიანობის შესახებ სახელმწიფო დუმაში მოხსენებით გამოსვლისას, რუსეთის “ახალმა” პრეზიდენტმა თავისი მომავალი მოღვაწეობის მთავარი მიმართულებებიც დაასახელა. ერთ-ერთი მათგანი ის „ინტეგრაციული“ პროცესებია, რომელსაც პუტინი ახალ „შეფუთვაში“ ევრაზიულ კავშირად მოიხსენიებს, თუმცა ექსპერტების აზრით, ეს სხვა არაფერია, თუ არა, საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი, რისკენ მისწრაფებაც, პუტინს, პრინციპში არც არასოდეს დაუმალავს.
თუმცა მისი ახალი განცხადებები ამჯერად იმით იყო საინტერესო, რომ ვლადიმერ პუტინმა ეს „ინტეგრაცია“ ქვეყნის უმთავრეს მიზნად გამოაცხადა.
„ინტეგრაციისთვის, შეიქმნა ზენაციონალური ორგანო - ევრაზიული ეკონომიკური კომისია… თავისი არსით, ეს ინტეგრაციულ პროცესებს შეუქცევად ხასიათს აძლევს. აქ კი მინდა ხაზი გავუსვა, რომ საბაჟო კავშირისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა, ჩემი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ინტეგრაციული მოვლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში“ - განაცხადა პუტინმა.
მას სჯერა, რომ ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციის ინტერესი იზრდება და რაც მთავარია, ამის საფუძველს ქმნის „რეალიები და დაგროვილი 20-წლიანი გამოცდილება. რადგან ცხადი გახდა, რომ დღეს, ძნელია, მარტო გაუმკლავდე გლობალური ტურბულენტურობის გამოწვევებს“.
ახალმა პრეზიდენტმა პირდაპირ გამოაცხადა პოსტსაბჭოთა სივრცის გაერთიანება რუსეთის უმთავრეს მიზნად:
„ვთვლი, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის გაღრმავება, საკვანძო ამოცანაა რუსეთის ეკონომიკასა და პოლიტიკაში. საკვანძო. ამაზე მნიშვნელოვანი ჩვენ არაფერი გვაქვს. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი“ - განაცხადა მან. პუტინის აზრით, უკვე დაწყებულ ინტეგრაციულ პროცესებს აქვს შედეგი და ეს „ჩვენი პრიორიტეტი გახდება“.
პუტინის ეკონომიკური ინტეგრაციის ინიციატივა რომ საბჭოთა კავშირის „გაგრძელებაა“, ამაზე მის მიერ გასულ წელს გამოთქმული „სინანულიც“ მეტყველებს. მაშინ მან განაცხადა, რომ საჭირო იყო უშიშრად ებრძოლათ საბჭოთა კავშირის მთლიანობისათვის.
„რას გავაკეთებდი მე? საჭირო იყო, საბჭოთა კავშირში თავის დროზე დაწყებულიყო ეკონომიკური რეფორმები… საჭირო იყო თანამიმდევრულად, უშიშრად, თავის ქვიშაში ჩამალვისა და უკანალის გარეთ დატოვების გარეშე გვებრძოლა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისათვის“ - განაცხადა მაშინ სსრკ-ს ნოსტალგიით შეპყრობილმა პუტინმა. 0