12:54:00     13-04-2012
„თქვენ მოჰკალით ძერა“?...

ივანიშვილმა ყველა ხერხი ამოწურა, როგორმე წამებულის იმიჯი მოერგო. მოქალაქეობა შეგნებულად დაკარგა, მერე აღდგენაზე დაიწყო ვითომ ზრუნვა. უამრავი ქართველი და უცხოელი ადვოკატის პატრონმა, თითქოს იმას ვერ მიხვდა, მოთხოვნა მოქალაქეობის აღდგენაზე რა ფორმით უნდა დაეწერა.
რეალურად, ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნებში ვერაფერს მიიღებს. მისი რეიტინგი 10 პროცენტს ვერ აღწევს. მისი მერყევი ხასიათი, პოზიციების ცვლა, პროვინციული მეტყველების მანერა, უქარიზმობა, ჰაბიტუსი ვერ ქმნის ლიდერს.
ივანიშვილის ფსიქოლოგიური წიაღსვლები და ქართული ენის უცოდინრობა უკვე მის ფანატიკურ მომხრეებსაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. პრიმიტიული აზროვნება, გაუნათლებლობა ბევრს აფიქრებინებს, „როგორ იშოვა ამ კაცმა მილიარდები?“
მოკლედ, მითი დაიმსხვრა. უჩინარი ქველმოქმედი, რომელიც დუმდა უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ამბიციური კაცუნა მდარე გემოვნებით. რამდენიმე თვეში მან ყველა რესურსი ამოწურა. მას საოცარი ნიჭი აღმოაჩნდა, პირის ერთი გაღებით წყალში ჩაეყარა ყველაფერი ის, რასაც რუდუნებით ქმნიდა მთელი უჩინარი ცხოვრების მანძილზე.
ისიც და მისი გარემოცვაც მიხვდა, ჯობდა დარჩენილიყო კატად ბნელ ოთახში, რადგან მისი გალომება, ან გავეფხვება, ვერც ერთმა იმიჯმეიკერმა ვერ მოახერხა. მხოხავად დაბადებულმა ფრენა ვერ შეძლო. საკუთარი ფრთებით ფრენა, და არა ვერტმფრენებით. და ასე, მხოლოდ ცოცხზე ამხედრებული დედაკაცების ფრენით რომ მიზნამდე ძალიან შორია, მიხვდა. გამოსავალი საპოვნელი გახდა. და გამოსავლად „ლიკვიდაცია“ იქცა.
გენიოსა ლაშა ნაცვლიშვილის გეგმით, სოზარ სუბარის და ვახტანგ კომახიძის მონაწილეობით გათამაშებული სცენარი მხოლოდ რამდენიმე საათით გახდა სალაპარაკო თემა.
ბრიყვმაც არ დაიჯერა, რომ ჟენევაში ულუკმაპუროდ დარჩენილ, ჯიბეგამოფხეკილ კომახიძეს, ხელისუფლების რომელიღაცა წარმომადგენელმა, ბიძინას შესაძლო ლიკვიდაციის სქემა გადასცა. თუმცა, შერლოკ ნაცვლიშვილის ზღაპრების მიხედვით, კომახიძემ „ფეისბუქში“ მაინც დაწერა - არიქა ბიძინას გვიკლავენ, კაცობა არ მომცემს უფლებას ეს არ ვთქვაო.
ამ ამბიდან ის გამოვიდა, რომ ოლიგარქმა ჟენევაში სასწრაფოდ აფრინა სოზარი, ე ბიჭო, წადი და გაიგე როდის, სად და როგორ მიპირებენ ლიკვიდაციასო. წავიდა სოზარი, ნახა კომახიძე, ჩამოვიდა და თქვა: კომახიძემ მითხრა, სანდო წყარომ მომიყვა, რომ ხელისუფლება ივანიშვილის მკვლელობას გეგმავსო. მე ამ ბიჭს კარგად ვიცნობ და მან დამარწმუნა, რომ მისი „სანდო წყარო“ ნამდვილად სანდოაო.
სოზარი (კაცი რომელმაც გვარს უღალატა, სუბელიანი სუბარად გადაკეთდა, ვითომ უფრო კეთილშობილური ჟღერადობა შესძინა მშვენიერ სვანურ გვარს და ყველა სუბელიანი შოკში ჩააგდო) რამდენიმე დღე ცდილობდა დამაჯერებლად მოეთხრო სევდიანი ისტორია (ყველა სუბარს აქვს ერთი სევდიანი ისტორია), რომელიც მას კომახიძემ უამბო და რომლის მიხედვითაც, თითქოს ივანიშვილის ლიკვიდიაცია მისი რეგიონში სტუმრობისას იგეგმებოდა ხელისუფლების მიერ და ეს ყველაფერი მიუნჰაუზენ კომახიძეს ხელისუფლების წარმომადგენელმა უამბო, რადგან მომავალი პასუხისმგებლობის შეეშინდა...
დაიჯერა ვინმემ თუ არა, ეს არც კომახიძეს უდარდია, არც სოზარს, რადგან, ამ ამბავში მათ საკუთარი ინტერესები უფრო ამოძრავდებდათ, ვიდრე ის, რამდენად ნაკლებად სასაცილო აღმოჩნდებოდა ბიძინა.
მჩხიბავი ნაცვლიშვილის გეგმის მიხედვით: იმის გამო, რომ ივანიშვილს მკვეთრად გამოხატური პრორუსული იმიჯი აქვს, საჭიროა რაიმე „ისეთის“ მოფიქრება, რომელიც მის პროპუტინისტურ წარმომავლობას გააქრობს.
გენიოსამ ჯერ ივანიშვილის „შესაძლო ლიკვიდაცია“ დაგეგმა, მერე ეს ზღაპარი კომახიძეს გაახოვანებინა, ცალკე ბიძინა ანერვიულა, ცალკე სრულიად ჭორვილა და ბოლოს, როცა „მსოფლიო ივანიშვილის გადასარჩენად დაირაზმა“, აღმოჩნდა, რომ „თითიდან გამოწუწნული“ ამ ისტორიის შეთხზვა ოლიგარქს, მხოლოდ ერთი „დეტალის“ გამო დასჭირდა.
ბიძინა ამერიკელი „ტერმინატორების“ ჩამოყვანას აპირებს, რომელთაც მისი სიცოცხლის უსაფრთხოება დაევალებათ. ამერიკელი დაცვის წყალობით ცდილობს პუტინის ქართველი დესანტი საქართველოში, „ბეგრაუნდის“ შეცვლას.
ერთი ორი დღე და აღარავის ემახსოვრება ბიძინას „ლიკვიდაცია“, ამის მერე უნდა ველოდოთ ამბებს მარსიდან, სადაც „ქართული ოცნების“ ოფისი გაავრცელებს დამამტკიცებელ საბუთებს, იმისას, რომ ბიძინა უცხოპლანეტელია და ის კოსმიურმა ძალებმა მოავლინეს სამყაროს გადასარჩენად.
0