პიარი თუ რეალობა: ანქვაბის ლიკვიდაცია ბიზნესმენებმა შეუკვეთეს? პიარი თუ რეალობა: ანქვაბის ლიკვიდაცია ბიზნესმენებმა შეუკვეთეს? />


  11:55:40     13-04-2012

პიარი თუ რეალობა: ანქვაბის ლიკვიდაცია ბიზნესმენებმა შეუკვეთეს?

a17066.jpg

აფხაზეთში, ალექსანდრე ანქვაბზე 22 თებერვალს განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 6 ადამიანი დააკავეს. მათი აყვანისთანავე, წუხელვე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის წინააღმდეგ ტერაქტის შემკვეთები აფხაზეთის მსხვილი ბიზნემენები იყვნენ - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მათი ცნობით, ადგილობრივი გენპროკურატურის წყაროს თანახმად, ანქვაბმა მასზე თავდასხმაში მონაწილეთა ვინაობა თავიდანვე იცოდა.

„იცოდა სახელები თავდასხმის შემკვეთებისა. ის გაფრთხილებებს იღებდა ბიზნესმენებისგან, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ მისი ბრძოლით ჩრდილოვან ეკონომიკასთან“ - წერს „ლაიფ ნიუსი“.

აფხაზეთის პროკურატურის მონაცემებით, ანქვაბმა სამართალდამცავებს ეს სახელები მაშინვე უთხრა და მთელი ამ ხნის განმავლობაში, პროკურატურა მტკიცებულებებზე მუშაობდა. გუშინ საღამოს კი გავრცელდა ცნობა, რომ დააკავეს ტერაქტში ეჭვმიტანილი 6 პირი, რომელთა შორისაც მსხვილი ბიზნესმენები არიან. ხაზგასმით სახელდება ერთ-ერთი მათგანი - ანზორ ბუთბა, ცნობილი მეწარმე დურიფშიდან, რომელიც, სხვადასხვა წყაროების ცნობით, პარტია „აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების“ ლიდერის, ბესლან ბუთბას ნათესავია, რომელიც, თავის მხრივ, ანქვაბის ოპონენტის, სერგეი შამბას პოლიტიკური თანამებრძოლია. ასევე ცნობილია, რომ დაკავებულთა შორის არიან ხუტაბისა და არძიმბას გვარის წარმომადგენლები.

ეჭვმიტანილები აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებში აიყვანეს. მათ შორის, „ლაიფ ნიუსის“ ცნობით, თავდასხმის ორგანიზატორებიც არიან. ეჭვმიტანილთა საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას აღმოჩენილი და ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი: ავტომატები, პისტოლეტები, ხელის ყუმბართმტყორცნი, ღამის ხედვის აპარატურა, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ასევე, ნარკოტიკული საშუალებები - იუწყება „აპსნიპრესი“.

წუხელვე აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროსთან დაკავებულთა ნათესავები შეიკრიბნენ, რომლებმაც სტიქიური მიტინგი მოაწყვეს და მომხდართან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები მოითხოვეს.

რამდენადაც ცნობილია, ეჭვმიტანილთა დაკავებაში აფხაზებს რუსებიც ეხმარებოდნენ, რომლებიც სოხუმში მედვედევის დავალებით ჩავიდნენ.

აფხაზეთის პროკურატურა სხვა დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს, ერთადერთი, რაზეც რუსულ მედიასთან საუბრობენ, არის ის, რომ ანქვაბზე თავდასხმის მიზეზი მისი „უკომპრომისო ბრძოლაა უკანონობასთან“.

0

ავტორი: