09:21:26     13-04-2012
ბჟეზინსკი: რუსეთი ისარგებლებს მომენტით და საქართველოსთან ომს დაიწყებს

სამხედრო კონფლიქტი ირანთან, შეიძლება მასშტაბური დესტაბილიზაციის მიზეზი გახდეს, რომლის შედეგიც, შესაძლოა, საქართველოსთან რუსეთის ახალი ომი იყოს - თვლის ცნობილი პოლიტოლოგი და აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ნაციონალური უშიშროების საკითხებში, ზბიგნევ ბჟეზინსკი. მან რუსეთის, თურქეთისა და ირანის როლის შესახებ ფორუმზე „გლობალური უსაფრთხოება-2012“ თავის კოლეგასთან, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველთან, ბრენტ სკოუკროფტთან ერთად ისაუბრა. აღნიშნული ფორუმი ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.
თუკი ისრაელი შეუტევს ირანის ბირთვულ ობექტებს, შესაძლოა, თეირანმა სიტუაციის დესტაბილიზება მოახდინოს ერაყში - აშშ-ისადმი შურისძიების მიზნით. ბჟეზინსკის აზრით, ამ სიტუაციაში წარმოიქმნება ირანსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის საფრთხეც, ხოლო რუსეთი ისარგებლებს მომენტით და ახალ ომს დაიწყებს საქართველოსთან, რათა შეცვალოს არსებული ხელისუფლება.
„კრიზისის დაწყების გარეშე ამის ალბათობა არც ისე დიდია, მაგრამ კრიზისის შემთხვევაში, ეს ალბათობა იზრდება “ - განაცხადა ბჟეზინსკიმ.
ინტერნეტ-გაზეთი CONTACT ხაზს უსვამს, რომ ბჟეზინსკის განცხადებამ მას შემდეგ გაიჟღერა, რაც ჯეიმსთაუნის ფონდმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი საქართველოს წინააღმდეგ რუსების შესაძლო მოქმედებების შესახებ. ამ დოკუმენტის თანახმად, რუსეთი გაზრდის თავის სამხედრო ძალებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
თუმცა ზოგიერთი ამერიკელი ანალიტიკოსი რუსეთის საქართველოზე თავდასხმის მიზეზს ვეღარ ხედავს. ყოფილი დიპლომატი და სამხედრო დეილ ერსპრინგი ამბობს, რომ რუსეთი, უბრალოდ, ფეხს იმაგრებს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასთან, მისი თქმით, თუ ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური ომი დაიწყება, რუსეთის მორიგი შეჭრა საქართველოში სრულიად გაანადგურებს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს.
ანალიტიკოსი ჯეფ სახაედო, რომელიც კარლტონის უნივერსიტეტის ევროპული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორია, ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პუტინი მიიღებს, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს კავკასიასა ან ახლო აღმოსავლეთში:
„მე დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი მოხარული იქნებოდა, თუ სააკაშვილის წასვლას მოესწრებოდა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებზე წავა“ - განაცხადა სახაედომ.
თავის მხრივ, ამერიკელი ჩინოვნიკები ვაშინგტონში ირწმუნებიან, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალს რუსების მოქმედებას რეგიონში. „ჩვენ ვიცით ბოლო მოვლენების შესახებ“ - მოკლედ აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო „Turan“-თან საუბრისას, როცა ბჟეზინსკის განცხადებაზე აკეთებდა კომენტარს.
„ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ამასვე მოველით სხვებისგანაც“ - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსული მედია აქტიურად იუწყება ჩრდილოეთ კავკასიაში რუსული სამხედრო ძალების ზრდისა და აქტივიზების შესახებ. იწრთვნებიან სომხეთში, გიუმრში არსებულ 102-ე ბაზაზე მყოფი სამხედროები, იგეგმება უპრეცედნეტოდ მასშტაბური სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012“, რაც მართლაც აჩენს ეჭვს, რომ რუსეთი სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადება.
0