პუტინს ჰააგაში უჩივლეს პუტინს ჰააგაში უჩივლეს />


  08:33:02     12-04-2012

პუტინს ჰააგაში უჩივლეს

a17006.jpg

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სარჩელია შეტანილი. სარჩელს ხელს აწერს რუსი ადვოკატი იგორ კოვრიგინი, რომელიც შვედეთში ცხოვრობს და კიდევ 100 ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველები, იურისტები და ჟურნალისტები.

როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს კომპეტენციაშია განიხილოს საქმეები, რომლებიც გენოციდს, სამხედრო და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება. სწორედ ეს ბრალდებები შეიძლება წაუყენონ ვლადიმერ პუტინსაც.

კერძოდ, სარჩელში წარმოდგენილია პუტინის მიმართ ბრალდებები, რომლებიც ეხება ძალოვანი უწყებებისა და საანგებო სამსახურების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ შეკვეთილ მკვლელობებს. შემკვეთად კი სწორედ პუტინი სახელდება.

რუსეთის ძველ და ახალ პრეზიდენტს გენოციდშიც ადანაშაულებენ:

„პუტინის გენოციდის მსხვერპლთა რაოდენობამ რუსეთში, მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა რაოდენობას გადააჭარბა“ - წერს კოვრიგინი სპეციალურად შექმნილ ინტერნეტსაიტზე „putinapodsud.org“. სწორედ აღნიშნულ საიტზე ადვოკატი პუტინის მოწინააღმდეგეთა ხელმოწერებს აგროვებს და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე საუბრობს. მისი თქმით, რუსეთში დამყარებულია პუტინის დიქტატურა, რომელიც დანაშაულის ყველა შესაძლო სახითაა წარმოდგენილი. პუტინის მთელი მოღვაწეობა კი არის გენოციდი, ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და სამხედრო დანაშაული - ამ სიტყვების საერთაშორისო გაგებით, - ნათქვამია საიტზე.

კოვრიგინი და მოსარჩელეები მიმართავენ საერთაშორისო სასამართლოს, გასცეს ორდერი რუსეთის ხუნტის - პუტინისა და მედვედევის დაკავებაზე; დანიშნოს გამოძიება მათ მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე; შეამოწმოს საქმიანობა და დააპატიმროს ყველა იმ კომპანიის ანგარიშები, რომლებიც რუსეთიდან გატანილ ნედლეულთან დაკავშირებულ საშუამავლო ოპერაციებს ახორციელებენ. საუბარია კომპანია „გუნვორზე“, რომელიც სახელდება, როგორც მონოპოლისტი რუსეთის სტრატეგიული რესურსების რეალიზაციაში; მოსარჩელეები ითხოვენ ყველა რეზონანსული პოლიტიკური მკვლელობის გამოძიებას და აცხადებენ, რომ პუტინი კვლავაც რეალურ საფრთხეს უქმნის როგორც რუსი ხალხის არსებობას, ისე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთელს მსოფლიოში.

თავად კოვრიგინი ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლების ყოველდღიური ქმედებები „ცოცხალი ციტატებია“ სისხლის სამართლის კოდექსისა. ის დარწუნებულია, რომ საერთაშორისო სასამართლოს მოსყიდვა შეუძლებელია და ამიტომ, მისი სარჩელიც ხსნა იქნება ქვეყნისთვის.

სარჩელზე, რომელიც ჰააგაშია შეტანილი, ხელის მოწერა, ზემოაღნიშნულ საიტზე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
0

ავტორი: