17:50:51     11-04-2012
კრემლმა „არაბული გაზაფხულის“ სიო იგრძნო…

რუსეთში კონტრრევოლუციურ ზომებს იღებენ. სახელმწიფო დუმაში დსთ-ის საქმეთა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭო იქმნება, რომლის მთავარი მიზანიც „ფერადი რევოლუციის“ საფრთხეების გაანალიზება იქნება. როგორც ჩანს, კრემლს მაინც ეშინია, - გარეთ მსოფლიო ტენდენციის, შიგნით კი ოპოზიციის მუქარის, რომლის თანახმადაც, „მთავარი ბრძოლა სწორედ ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ უნდა დაიწყოს“.
დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ოლეგ ლებედევი ამბობს, რომ „ფერადი რევოლუციების“ საბჭოს მთავარი მიზანი „ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა იქნება“.
ასეთი სტრუქტურის შექმნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ კრემლი „უხერხულ“ მდგომარეობაშ ჩააყენა. ერთის მხრივ, ხელისუფლება ოპოზიციის სისუსტეზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთს „არაბული გაზაფხულები“ და „ფერადი რევოლუციები“ არ ემუქრება, მეორეს მხრივ კი საკანონმდებლო ორგანოში ამ საფრთხის გასაანალიზებელ საბჭოს ქმნის, რითაც ფაქტობრივად აღიარებს, რომ რევოლუციის საშიშროება, ნიშნები და პერსპექტივა, რეალურია.
როგორც „კომერსანტი“ წერს, ერთ-ერთი ექსპერტი, რომელიც ამ საბჭოში მიიღებს მონაწილეობას, ამბობს, რომ ეს „კონტრრევოლუციური ანალიზის ცენტრი იქნება“. აქ გააანალიზებენ და განსჯიან არასამთავრობვო სექტორის როლს ანუ საფრთხეს პუტინის „სტაბილური რეჟიმისთვის“; ასევე ქსელური ტექნოლოგიების საფრთხეს; საპროტესტო მოძრაობების საფრთხეს; ინტერნეტისა და სოციალური ქსელების საფრთხეს და შეიმუშავებენ რევოლუციური მოძრაობის საწინააღმდეგო მეთოდებს.
ექსპერტები დაკავდებიან საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორებითაც და ამ დიასპორებზე სხვა ქვეყნების გავლენას დააკვირდებიან და შესაბამის ზომებსაც მიიღებენ.
„ფერად რევოლუციებთან“ ბრძოლა ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაც იყო. სწორედ „ანტინარინჯისფერი“ პროტესტისთვის შეკრიბეს 4 თებერვალს პოკლონნაიაზე ხალხი, რასაც პუტინის მხარდამჭერი მიტინგი უწოდეს და შეეცადნენ რევოლუციონერების წინაშე „კონტრრევოლუციური ძალების“ დემონსტრირება მოეხდინათ. როგორც ამბობენ, „ანტინარინჯისფერებს“ თავისი იდეოლოგი, პოლიტოლოგ სერგეი კურიაგინის სახით ჯერ კიდევ მაშინ ჰყავდათ.
ინფორმაციამ „ფერადი რევოლუციების საბჭოს“ შექმნის შესახებ რუსეთში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამიტომ, დსთ-ის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი ამბობს, რომ „ფერადი რევოლუციების“ გასაანალიზებელ საკონსულტაციო საბჭოს არანაირი კავშირი არ ექნება რევოლუციებთან და საერთოდაც, „ჩვენ კანონშემოქმედებით ვართ დაკავებულები და არა რევოლუციებით“ - ამბობს სულცკი. მან თემის აჟიტირება ჟურნალისტებს დააბრალა, თუმცა „კომერსანტის“ რესპონდენტი ექსპერტები უკვე საკმაოდ კონკრეტულად ასახელებენ იმ თემებს, რომლებზეც ამ საბჭოში იმუშავებენ. მოსკოვს განსაკუთრებული შიში აქვს არასამთავრობო სექტორის გარედან დაფინანსებისა, რის თაობაზეც კრემლმა თავისი შეშფოთება უკვე გამოთქვა, როცა შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთში არასამთავრობოების დაფინანსებას გაზრდის.
ინტერნეტიც, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი რევოლუციისა, რუსეთში კონტროლზეა აყვანილი და ნებისმიერი თავისუფალი აზროვნება, მით უმეტეს, დასავლურთან მიახლოებული, ექსტრემიზმად ფასდება, რის გამოც პროკურატურასა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში იძახებენ არა მარტო პოლიტიკოსებს, არამედ მწერლებსაც.
0