17:01:37     11-04-2012
პუტინის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერაქტში, დოკუ უმაროვს ადანაშაულებენ

ტერორისტულ აქტში, რომელიც, კრემლის მტკიცებით, პუტინის წინააღმდეგ იყო მიმართული, ორგანიზაცია „კავკასიის იმირატებსა“ და მის ლიდერს, დოკუ უმაროვს სდებენ ბრალს. ეს დასკვნა გამოძიების შედეგად იქნა გამოტანილი, გამოძიებას კი რუსეთის ფედერაციის „ფე ეს ბე“ აწარმოებდა. შედეგად, უმაროვს ბრალდებაც წაუყენეს.
მას შემდეგ, რაც 2012 წლის თებერვალში, ქალაქ ოდესაში ადამ ოსმაევი და ილია პიანზინი დააკავეს, რომლებიც „ფე ეს ბე“-ს აზრით, კრემლის მეთაურზე გეგმავდნენ თავდასხმას, საგამომძიებლო სტრუქტურამ ეს ყოველივე დამოუკიდებელ სისხლის სამართლის დანაშაულად არ შერაცხა და არც ახალი საქმე გახსნა. აღნიშნული საქმე წამოწყებულ გამოძიებას მიაწერეს და მის შემადგენელ ნაწილად შერაცხეს.
გამოძიების ფარგლებში, შესაბამისმა სტრუქტურებმა მოსკოვში, ერთ-ერთ ძირითად ავტობანზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. დაკითხვების სერიის შემდეგ კი, პატიმრებმა აღიარეს, რომ მათი სამიზნე პუტინი იყო. „ფე ეს ბე“-მ კი დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით ორგანიზაციის ლიდერს დოკუ უმაროვს, ადამ ოსმაევსა და ილია პიანზინს.
აღნიშნულ პირებს ბრალს სდებენ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პირების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში, უკანონო ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებაში, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონოდ შენახვასა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ჩამოყალიბებაში.
ოსმაევი და პიანზინი ქალაქ ოდესაში დააპატიმრეს. რუსეთის ფედერაციამ კი ისინი ინტერპოლს გადასცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ექსტრადირება მოხდეს რუსეთის ფედერაციაში.
„ფე ეს ბე“-ს მტკიცებით, 2000 წელს, ოსმაევი, ჩინგისხან გიშაევის გუნდში ეწერებოდა. 2006 წელს კი, ოსმაევმა და გიშაევმა ტერორისტული აქტის წარმოება დაიწყეს რამზან კადიროვის წინააღმდეგ. ასაფეთქებელი მოწყობილობა 20 წლის ლორს ხამიევმა ჩაიტანა გროზნოში, ხოლო როცა ეს უკანასკნელი მოსკოვში დაბრუნდა, იგი და დაჯგუფების სხვა წევრები „ფე ეს ბე“-ს ყურადღების ცენტრში მოექცნენ.
2007 წელს, შესაბამისმა საგამომძიებლო სტრუქტურებმა ხამიევი და მისი ორი თანამოაზრე, უმარ ბატუკაევი და რუსლან მუსაევი დააკავეს. ადამ ოსმაევმა და ჩინგისხან გიშაევმა მიმალვა შეძლეს. მათზე ძებნა ინტერპოლმა გამოაცხადა. მოსკოვში დამნაშავეების დაპატიმრების შემდეგ კი აღმოჩენილ იქნა „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც დამალული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა. თუმცა, როგორც რამდენიმე დღის წინ გამოძიებამ აჩვენა, იმ დროისათვის არ იქნა ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერების სრული მარაგი. ამ ნივთიერების ნაწილი, უკანასკნელი წლების მანძილზე ზემოთაღნიშნულ ავტობანთან ინახებოდა.
ჩინგისხან გიშაევი ლიკვიდირებულ იქნა 2010 წელს ჩეჩნეთში წარმოებული სპეცოპერაციის ფარგლებში. გამოძიების დადგენილებით, დოკუ უმაროვმა იცოდა არსებულ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე და გადაწყვიტა მისი გამოყენება პუტინის წინააღმდეგ. შედეგად, 2011 წელს, უმაროვი საზღვარგარეთ მყოფ ოსმაევს დაუკავშირდა და სთხოვა ტერაქტის მოსაწყობად შესაბამისი კანდიდატის პოვნა. მან საქმეში ჩართო რუსლან მადაევი და ილია პიანზინი. 2012 წლის იანვარში კი, ოდესის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ამუშავდა კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერება. მადაევი გარდაიცვალა, პიანზინი ადგილზევე, ოსმაევი კი მიმდინარე წლის თებერვალში დააპატიმრეს...
0