რუსეთი ცხინვალში მტრებს იმრავლებს: ჯიოევას თანამებრძოლებს მოსკოვის დაკვეთით ასამართლებენ რუსეთი ცხინვალში მტრებს იმრავლებს: ჯიოევას თანამებრძოლებს მოსკოვის დაკვეთით ასამართლებენ />


  17:48:58     10-04-2012

რუსეთი ცხინვალში მტრებს იმრავლებს: ჯიოევას თანამებრძოლებს მოსკოვის დაკვეთით ასამართლებენ

a16960.jpg

მოსკოვის დაკვეთით, „სამხრეთ ოსეთში“ „წესრიგის აღდგენა“ და ოპოზიციონერ ალა ჯიოევას მომხრეთა სრული „ნეიტრალიზება“ იწყება, რითაც, შესაძლოა, კრემლი, თავისზე განაწყენებულ ცხინვალის ოპოზიციონერთა რიგებს კიდევ უფრო აგრესიულად განაწყობს. ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლომ უკვე მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ოპოზიციური საიტის, Uasamonga.ru-ს დამფუძნებელს, ჟურნალისტ სოსლან კოკოევს, რომელიც 2011 წლის 2 დეკემბერს ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს.

კოკოევის, ისე როგორც ჯიოევას სხვა მომხრეების დაკავება სხვადასხვა არაპოლიტიკური და კრიმინალური ხასიათის ბრალდებებით, სწორედ ჯიოევას აქტიურობის პერიოდში მოხდა. ამიტომ, ოპოზიციონერის შტაბის ხელმღძვანელი, ელინა მირზოევა აცხადებს, რომ ეს საქმეები შეთითხნილია და რაც მთავარია, მათი დაკავებისა და ციხეში ჩასმის ბრძნებები მოსკოვშია გაცემული.

მირზოევას ეჭვი არ ეპარება, რომ ოპოზიციონერთა დევნით რუსეთია დაინტერესებული და დაკავებების ბრძანებებიც სწორედ მოსკოვიდან მოდის: „ამ ბიჭების დაპატიმრების ბრძანება ზევიდან, მოსკოვიდან მოდიოდა. ჩვენ კი გვეუბნებოდნენ, რომ ნებისმიერი ჩვენი ჩარევა წარუმატებლობისთვის იქნებოდა განწირული და მხოლოდ დაამძიმებდა დაკავებულთა მდგომარეობას. ეს განსაკუთრებით ეხებოდა სოსლან კოკოევს, რომელსაც სპეცსამსახურებმა სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის მთავარი იდეოლოგის სატატუსი მიანიჭეს“ - ამბობს მირზოევა.

ის აღნიშნავს, რომ ე.წ. საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში, რადგანაც არც ადგილობრივ რეჟიმს და არც მოსკოვს არ აწყობდა დესტაბილიზაცია, ოპოზიციის წარმომადგენლებს არწმუნებდნენ, რომ მათი თანამებრძოლების ციხეში ჩასმას არ აპირებდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც „არჩევნები“ ჩატარდა, პოლიტიკური რეპრესიები კვლავ გააქტიურდა, - ისევ და ისევ მოსკოვი დაკვეთით: „გასაგებია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ვერ აიღებდა თავზე კოკოევის გამოშვების საკითხს, რადგან აქ ადგილი ჰქონდა მსხვილ პოლიტიკურ შეკვეთას ჟურნალისტის მიმართ, რომელიც თავის თავისუფალ სიტყვაში, - როგორც მას ეს ეგონა, რომ ეს ნორმა მოქმედებს რუსეთის ტერიტორიაზე, არასოდეს შეხებია ადგილობრივ ხელისუფლებას და თავის სამშობლოში მხოლოდ სამართლიანობისა და სახალხო ხელისუფლებისთვის იბრძოდა“ - ამბობს მირზოევა.

მისი თქმით, ამჯერად, კოკოევი პოლიტიკური მძევალია, ის ყველაზე დახურულ დაწესებულებაში, „ფსბ“-ს იზოლატორში იმყოფება, სადაც მას ვიღაც უცნობი, საეჭვო პირები სტუმრობენ. მირზოევას ინფორმაციით სწორედ ასეთმა პირებმა კოკოევს შესთავაზეს თავისუფლება და ფულიც კი, თუკი ის ჩვენებას მისცემს თავისი თანამებრძოლის,  ჯამბულატ თედეევის წინააღდეგ. როგორც ცნობილია, თედეევი ჯერ თავად აპირებდა ცხინვალის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობას, თუმცა მას შემდეგ, რაც დაბრკოლებები შეუქმნეს, ის ალა ჯიოევას ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი და თანამებრძოლი გახდა, რის გამოც მოსკოვის რისხვა დაიმსახურა და „ფსბ“-ს მკაცრი ზედამხედველობის ქვეშაც მოექცა. სოსლან კოკოევმა თედეევის „ჩაშვებაზე“ უარი თქვა, რის შემდეგაც, მირზოევას თქმით, მას სიკვდილით ემუქრებიან.

0

ავტორი: