17:23:11     10-04-2012
შალვა ნათელაშვილი: კრიმინალმა ოლიგარქმა საუკუნის ღალატი ჩაიდინა...

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის გამონაკლისის დაშვებას და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების განხორციელებას აპროტესტებს. საქმე ეხება ოლიგარქისთვის, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქისთვის, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე არჩევის უფლების მინიჭებას. პირველი ლეიბორისტი ივანიშვილის პარტიის ყრილობასაც ეხმიანება. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ოლიგარქის დაპირება 21 აპრილს, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე დაფუძნებს პარტიას, პოლიტიკური პიარია და რეალობასთან არაფერ კავშირში არ არის.
შალვა ნათელაშვილი „პრესა.ჯი“-ს ესაუბრა.
- თქვენ აცხადებთ, რომ მოქალაქეობის საკითხს ოლიგარქი პოლიტიკური ქულებისთვის იყენებს, რას გულისხმობთ?
- ივანიშვილმა მოისყიდა მასმედია, პოლიტიკოსები,არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადო და ხელოვნების მუშაკები, მიუსაჯა მათ შინაპატიმრობა და შეყარა ყველა თავის შუშის სასახლეში, რომელიც წინასწარ ააშენა. ამით მან საუკუნის ღალატი ჩაიდინა.
- ივანიშვილის პრესპიკერი ამბობს, რომ თქვენი ნებისმიერ განცხადება ოლიგარქის მიმართ, არის პოპულიზმზე დამყარებული და არ განიხილავს სერიოზულად. რას უპასუხებთ?
- როდესაც ეს ჩემთვის პატივცემული პიროვნება ბრძანდებოდა ელჩად გერმანიაში, ჰოლანდიაში და სხვაგან, ეს იყო პოპულიზმი, თუ მისი გულითადი და რეალური მიდგომა? იქნებ ჰკითხოთ ქალბატონ ფანჯიკიძეს ჩემგან, რატომ არ იყო მაშინ ოპოზიციაში და იყო ელჩი? აი ამაზე რომ გვიპასუხებს, მაშინ გავაკეთოთ მისი განცხადებების ანალიზი.
- ივანიშვილი პარტიას 21 აპრილს დააფუძნებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით არ მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, ამბობს, რომ 21 აპრილს დააფუძნებს პარტიას, როგორც ქვეყნის მოქალაქე. ამის რა თეორიული და პრაქტიკული შანსი არსებობს?
- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოლიგარქ-კრიმინალს არ აინტერესებს მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა.
კაცს პრეტენზია აქვს ფროიდის ფილოსოფიაზე და მის ანალიტიკურ წიაღსვლებზე, პრეტენზია აქვს გეოპოლიტიკური სიღრმეების ცოდნაზე, ადამიანი პრეტენზიას აცხადებს, რომ ის არის უჭკვიანესი პიროვნება, რომელმაც მხოლოდ ჭკუით დააგროვა მილიარდები და ოპოზიციაში წამოსვლის წინ, ენანება 500 ლარი, რომ გადაუხადოს საშუალო დონის იურისტს, რათა გაარკვიოს თავის მოქალაქეობის საკითხის ნიუანსები, რადგან შემდეგ ეს არ გახდეს საყოველთაო ეროვნული პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ 21 აპრილამდე პროცედურულად გამორიცხულია მისი მოქალაქეობის აღდგენა. შეიძლება ეს მოხდეს 21 მაისს, 21 ივნისს, მაგრამ 21 აპრილს გამორიცხულია ეს საკითხი გადაწყდეს. ეს საარჩევნო პოლიტიკურ პიარს გავს და რეალობასთან არაფერი ესაქმება.
- იყო შეფასებაც, რომ ივანიშვილის მიერ მოქალაქეობის დაკარგვა და შემდეგ მისი ვერმიღება ნატურალიზაციის გზით, მისი იურისტების მიერ დაშვებული შეცდომა იყო. ეთანხმებით ამგვარ შეფასებას?
- არავითარი შეცდომა არ იყო არავისგან, ეს იყო განზრახული და მიზანმიმართული მოქმედება ივანიშვილისა. თუმცა თავის ეს სიჯიუტე და სხვა მიზნები, 500 ლარის ნაცვლად დაუჯდება 500 მილიონი. ძუნწი მეტს კარგავსო, ნათქვამია.
- ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა, რომ ის არ აფინანსებდა გენერალ ლებედს და რომ მისი კაპიტალით ფინანსდებოდა ბორის ელცინი, რადგან მას ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხელი შეეწყო. გჯერათ მისი ამ განცხადების?
- ელცინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მტერი. სწორედ ელცინის პრეზიდენტობის დროს დაიწყო აფხაზეთის და ცხინვალის დაკარგვის პროცესი. ელცინი იყო საწყისი ჩვენი ყველანაირი უბედურებისა.
- „ამომრჩეველთა ლიგა“, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის „ლეიბორისტებს“ პირდებიან დახმარებას. მიიღებთ თქვენ მათ დახმარებას არჩევნების დროს?
- ჩემი თხოვნა იქნება, ხელს ნუ შეგვიშლიან და მათი დახმარება არ გვინდა.
- საუბარია იმაზე, რომ „ამომრჩეველთა ლიგას“ ივანიშვილი აფინანსებს. გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?
- კი, ვრცელდება ამის შესახე ხმები, თუმცა დანამდვილებით რთულია ამის თქმა. ხმები ბევრნაირი ვრცელდება, მაგრამ ისიც ბევრს ნიშნავს, რომ არსებობს ასეთი ეჭვები.
0