14:47:22     10-04-2012
იაროსლავ კაჩინსკის ეჭვი აქვს, რომ მისი ძმა ორგანიზებული მკვლელობის მსხვერპლი გახდა

სმოლენსკის ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრნავის კატასტროფის მიზეზები კვლავ ბურუსით მოცული რჩება. როგორც დაღუპული ლეხ კაჩინსკის ძმა, პოლონეთის უდიდესი პარტიის „უფლება და სამართლიანობა“ ძმა იაროსლავ კაჩინსკი ამბობს, დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტად უჩნდება ეჭვი, რომ ეს ორგანიზებული მკვლელობა იყო.
შეგახსენებთ, 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელზეც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან და მთავრობის სხვა მაღალჩინოსან წევრებთან ერთად იმყოფებოდა. კატასტროფის შედეგად, 96 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის გამოძიება როგორც პოლონურმა, ისე რუსულმა მხარემ დაიწყო და შედეგებიც უკვე გამოაქვეყნეს, თუმცა იაროსლავ კაჩინსკი და დაღუპული პრეზიდენტის ქალიშვილი მარტა კაჩინსკაია სწორედ გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მათში ძალიან ბევრი კითხვის ნიაშანია.
იაროსლავ კაჩინსკიმ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის არ ენდობა არცერთი გამოძიების დასკვნას. ის აცხადებს, რომ თუკი თავად მოვა ხელისუფლებაში, მომხდარს სულ სხვაგვარად გამოიძიებს.
„მე შეურაცხმყოფს, რომ პოლონეთი ისე იქცევა, თითქოსდა, არ არის სუვერენული ქვეყანა, და ეს მაშინ, როცა მისი 96 მოქალაქე იღუპება“ - განაცხადა კაჩინსკიმ. ის ფიქრობს, რომ პოლონეთის მმართველი პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ არ არის დაინტერესებული, რომ სმოლენსკის ავიაკატასტროფა რეალურად იყოს გამოძიებული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, „გამოააშკარავდეს ისეთი ფაქტები, რომლებზეც მათ პასუხის გაცემა მოუწევთ“ - განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ. ის ამბობს, რომ დღესდღეობით ვერ დაამტკიცებს, რომ ეს თავდასხმა იყო, მაგრამ ამის ეჭვი უფრო მეტად უღრმავდება. კაჩინსკიმ TVN24-თან ინტერვიუში დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტში სმოლენსკის ტრაგედიასთან დაკავშირებით ჩატარებულ ღია მოსმენაზე გაკეთებული განცხადება:
„თუკი ასეა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში იწყება სახელმწიფოსა და პოლიტიკური ელიტების მეთაურების ლიკვიდაციის პროცედურა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ის არ მოსწონს, მაშინ ეს იქნებოდა ახალი ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში. მსგავს შემთხვევებს ადგილი მხოლოდ აფრიკულ სახელმწიფოებში აქვთ“ - განაცხადა მან.
იაროსლავ კაჩინსკის პარტია „უფლება და სამართლიანობა“ დიდი ხანია რაც აკრიტიკებს პოლონეთის ხელისუფლებას იმის გამო, რომ ის „არ ცდილობს“ გამოარკვიოს კატასტროფის რეალური მიზეზები და პასუხისმგებლობას მფრინავებს აკისრებს. პარტიამ თავისი კომისიაც კი შექმნა, რომელმაც დაადგინა, რომ ტუ-154-ის ჩამოვარდნის მიზეზი ბორტზე მომხდარი ორი აფეთქება იყო და არა ხესთან შეჯახება.
იაროსლავ კაჩინსკი თვლის, რომ მმართველი პარტია მომხდარი ტრაგედიის „არაერთ ფაქტს მალავს“, რაზეც მას პასუხის გაცემა მოუწევს.
დღეს პოლონეთში 2010 წლის ტრაგედიას კიდევ ერთხელ იხსენებენ. სპეციალური ღონისძიებები იმართება თავად სმოლენსკშიც, სადაც პოლონეთის ოფიციალური დელეგაცია გაემგზავრა. 0