07:56:05     21-03-2012
ტიმოშენკოს სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ…
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბრალდებები, შესაძლოა, დამძიმდეს. უკრაინის რადას საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ იულია ტიმოშენკოს ქმედებაში, კერძოდ, 2009 წელს რუსეთთან გაზის კონტარქტების გაფორმების დროს, სახელმწიფო ღალატის ელემენტები აღმოაჩინა.
კომისიის დასკვნიდან გამომდინარე კი, რადაში კენჭისყრაზე გაიტანეს შესაბამისი დადგენილება, რომელსაც 418 დეპუტატიდან 166 მისცა ხმა. დადგენილებაში წერია, რომ უკრაინის „ნეფტოგზასა“ და რუსეთის „გაზპრომს“ შორის კონტრაქტების გაფორმების პერიოდში, უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში, სახელმწიფო ღალატის ნიშნებია აღმოჩენილი.
რადას საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ იულია ტიმოშენკომ 2009 წელს, გაზის სფეროში მოლაპარაკებების წარმოებისას და ხელშეკრულებების გაფორმებისას საზოგადოებასა და ხელისუფლებას დაუმალა, რომ მის კერძო კომპანიას „უკრაინის ერთიან ენერგეტიკულ სისტემებს“ ჰქონდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვალი 405 მილიონი დოლარის ოდენობით. კომისიის მასალების მიხედვით, ტიმოშენკომ შეძლო და დაემალა ისიც, რომ მის მიმართ რუსეთში აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, რომლითაც უკრაინის პრემიერ-მინისტრის ბრალი დადასტურებული იყო, კერძოდ კი ის, რომ ტიმოშენკო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს ქრთამს უხდიდა. კომისიამ ასევე დაასკვნა, რომ „ნეფტოგაზის“ ხელმძღვანელობაზე, რომელსაც არ სურდა გაზის კონტრაქტზე ხელისმოწერა, ტიმოშენკო ზეწოლას ახორციელებდა და საბოლოოდ, აიძულა კიდეც კომპანია, მუქარის ქვეშ მოეწერა ხელი დოკუმენტებზე.
საგამოძიებო კომისიის ანგარიშში მითითებულია, რომ გაზის კონტრაქტების პირობებს, „მოსკოვში, საიდუმლო მოლაპარაკებების დროს, ერთი-ერთზე, პირადად ათანხმებდნენ რუსეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები“, ამ „შეთანხმებულმა პირობებმა“ კი დაარღვია ორ ქვეყანას შორის გაზის სფეროში მანამდე მოქმედი და მისაღები პრინციპები, რომლებიც დოკუმენტურად იყო გაფორმებული და რომელთა შეცვლის უფლებამოსილებაც, არც უკრაინის პრეზიდენტისგან და არც მინისტრთა კაბინეტისგან ტიმოშენკოს არ ჰქონდა.
რადა საგამოძიებო კომისიის მასალებსა და დასკვნას, შესაბამისი რეაგირებისთვის, გენერალურ პროკურატურასა და უშიშროების სამსახურს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროპული სახელმწიფოების მეთაურებს გადაუგზავნის.
0