11:33:56     11-01-2012
ფიტარეთი (ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიიდან)
„...არს მონასტერი ფიტარეთს, შუენიერნაშენი; გუმბათიანი, შუენიერს ადგილს. ზის წინამძღუარი. მის ქუეით ერთვის ქციას ფოცხვერიანის - ხევი, ვენახიანი, ხილიანი...“ (ვახუშტი ბატონიშვილი)
ფიტარეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მდინარე ხრამის შენაკადის თვალწარმტაც ხეობაში, ხეობის მარჯვენა მხარეს, შემაღლებულ ბექობზე მდებარეობს. კომპლექსი ირგვლივ ხშირი ტყით დაფარული მთებით არის გარემოცული. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით არსებულ რელიეფზე სოფელი ყოფილა შეფენილი, სადაც ძველი, მცირე მასშტაბის ნასახლარების ნაშთებიღაა შემორჩენილი.
დახვეწილი ფორმებისა და შესანიშნავი რელიეფებით შემკული ეკლესიის აგების თარიღთან დაკავშირებით თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში (XIX-XX სს.) არამართებული დასკვნა არსებობდა. ტაძარს XIV საუკუნით ათარიღებდნენ, რაც კარიბჭის შიდა კედელზე მოთავსებულ ასომთავრულ წარწერაში, მოხსენიებულ მეფეთ-მეფე გიორგის - გიორგი V ბრწყინვალესთან გაიგივების ტრადიციით იყო განპირობებული. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი, ცოტა მოგვიანებით, დაადგინა აკად. გიორგი ჩუბინაშვილმა. მან ტაძრის სტილისტური ანალიზის საფუძველზე დაასაბუთა, რომ ფიტარეთი XII-XIII საუკუნეთა მიჯნას განეკუთვნება (მ.ბოჭოიძე). საბოლოოდ მისი აშენება თამარის შემდეგ ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს დაუკავშირეს და 1213-1222 წლებით დაათარიღეს.
ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის, სამრეკლოს, ბაქნის, გალავნისა და სხვა დამხმარე ნაგებობებისგან შედგება. ეკლესია საშუალო ზომის, XII-XIII სს. მიჯნის ქართული გუმბათიანი ეკლესიების ტიპს განეკუთვნება და ზედმიწევნით მსგავსებას ამჟღავნებს ამავე პერიოდის ბეთანიის, ქვათახევის, ახტალის და სხვა ტაძრებთან. აღნიშნულ ეკლესიებში ცენტრალურ სივრცეს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი, რომელიც შექმნილია თავისუფლად მდგომი ორი სვეტითა და საკურთხევლის კედელთან შეზრდილი წყვილი პილონით. ტაძარი კვადრატული გეგმით გამოირჩევა. მას მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს სამხრეთის მხრიდან. ინტერიერში მისი მასშტაბები კიდევ უფრო შემცირებულია ოდნავ შეისრული თაღების საშუალებით. ამ თაღებისა და ოთხკუთხა კომპაქტური სივრცის გამო, ნაგებობის შიგნით ძალზე მყუდრო გარემო იქმნება.
ტაძრის ფასადები XI-XII საუკუნეების ეკლესიათაგან განსხვავებით არ არის მთლიანად დაფარული კედლის თაღედებითა და განუწყვეტელი დეკორატიული ელემენტებით, აქ მხოლოდ ნიშები და ღიობებია დეკორით აქცენტირებული, რის გამოც ტაძრის გარეგნული სახე ძალზე მხატვრულია. ფიტარეთის ტაძრის მთელი შიდა სივრცე დაფარულია კედლის მხატვრობით, ფრესკები ამჟამად ძალზე დაზიანებულია და ფრაგმენტულად არის შემორჩენილი, ტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით. ფიტარეთში არიან დაკრძალულნი ყაფლან ორბელიშვილი, მისი ძე პაპუნა - „სომხითის მოურავი, საორბელოს პატრონი“, სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი და სხვ. (გ.ჩიტაია). ეპიტაფიებიდან განსაკუთრებით ყაფლან ორბელიშვილის საფლავის ქვის წარწერაა საინტერესო: „ქ. წყალობითა და შეწევნითა ღმრთისათა, მე, ორბელის შვილმა ყაფლან მეორეთ შევამკე მონასტერი ესე და ბარსა და მთაში მტრისაგან გაოხრებული მკვიდრი მამული ჩემი აღვაშენე, სოფელი ჲა (61), და ამას გარეთ შენი მამებისა სოფელი იზ (17). ესე ყოველი დაუტევე ძეთა ჩემთა ე (5) და დავემკვიდრე ამას შინა, ქორონიკონსა ტნთ (1671)“. ამის შემდეგ ფიტარეთი ორბელიშვილთა საძვალედ იქცა.
ტაძრის კარიბჭის შიდა კედელზე არსებული უფრო ადრინდელი წარწერა კი მის სავარაუდო ქტიტორს ამირეჯიბ ქავთარ ქაჯიფაჲსძეს იხსენიებს: „ღირს ვიქმენ მე, ქავთარ ქაჯიფაჲსძე ამირეჯიბი თვითმპყრობელისა, ძლიერის მეფეთ მეფისა გიორგისი, აღშენებად ამის მონასტრისა და საყდრისა დედისა ღმრთისა. არაი ვისი ჰრთავს თჳნიერ ჩემისა ლაშქრისა და ჴრმლითა მოგებულისა. ვიყიდენ ტანძიაჲ და თევდორეწმინდანი ჩემითავე ხრმლითა მონაგებითა საფასითა... შევსწირენ მას ყოვლად წმიდისა ღმრთის მშობელსა ფიტარეთისასა“. ამდენად ქავთარ ამირეჯიბს „ჴრმლით მოგებულით“ უყიდია ტანძია და თევდორეწმინდანი და ფიტარეთის საყდრისთვის შეუწირავს. ქავთარის წარწერას მე-14 საუკუნეს მიაკუთვნებენ (ს.ჯანაშია), ხოლო მისი საფასით არა დიდი ტაძრის, არამედ ტაძრის მინაშენის, საძვალის აგებაა ნავარაუდევი (გ.ჩუბინაშვილი). ქაჩიბაჲსძეთა - ქაჩიბაძეთა შთამომავლები ამ მხარეს (ფიტარეთი - ტანძია - თევდორეწმინდანი) მფლობელები ბარათაშვილ-ორბელიშვილები არიან (ლ.მენაბდე).
მე-16 ს. პირველ ნახევარში ფიტარეთი გიორგი ბარათაშვილს ეკუთვნოდა, 1536 წლიდან ორბელი ბარათაშვილს, რომლის მემკვიდრეს ყაფლან ორბელის შვილს 1627-1671 წლებში (ს.კაკაბაძე), ქართლის მდივანბეგსა და სახლთუხუცესს, 61 სოფელი გაუშენ-დაუსახლებია და ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსიც საფუძვლიანად განუახლებია (საფლავის ეპიტაფია).
მე-17-18 სს. მიჯნაზე აუგიათ მონასტრის მარანი, რომელიც მის წინამღძვარს იობ ფიტარელს მიეწერება. ახალი შენობა არა მარტო მარნის, არამედ საცხოვრებელისა და თავდაცვით ფუნქციებსაც ასრულებდა (პ.ზაქარაია). იმ დროიდან მტერთა გახშირებული თარეშის გამო ფიტარეთი დაცარიელდა. ძველ მემატიანეთა უწყებით ფიტარეთი ლეკებსაც კი დაურბევიათ. 1752 წ. „აიღეს ციხე ფიტერეთისა ლეკთა და იავარჰყვეს საქონელი ურიცხვი საყდრისა, წაასხეს ტყვე ფრიადი“ (პ.ორბელიანი ქ.ც. II). იმ ხანისთვის საღვთისმსახურო და საგანმანათლებლო ძველი კერა თავდაცვით ფუნქციესაც ასრულებდა, მონასტრის ქვისგან ნაგები გალავანი ციხის ზღუდედ ითვლებოდა. ვახუშტის მიხედვით მე-18 ს. შუა წლებში ფიტარეთში ჯერ კიდევ იყო წინამძღვარი, შემდეგ ხანაში კი გაუკაცრიელებულ მონასტერს და მთელ ამ მხარეს მკვიდრი მოსახლე კარგა ხანს ვერ დაუბრუნდა.
სამონასტრო კომპექსი ადრიდანვე მწიგნობრობის და სულიერების მძლავრ კერად ითვლებოდა. მოღწეული ცნობებით განსაკუთრებით XVII-XVIII სს. მიჯნაზე, 1696-1730 წლებში მონასტერს გამორჩეული წინამძღვარი - იობი ჰყოლია. იგი ვახტანგ VI-თან და სულხან-საბა ორბელიანთან ძალზედ დაახლოებული პირი ყოფილა. მის შესახებ უწყებულია რომ: „საღმრთოთა წერილთა შინა გამოცდილი, უცხო მქადაგებელი და მესათნოე მსმენელთა, მწერლობასა შინა პირველი და მუსიკობითა ქებული“ (იოანე ბატონიშვილი, კალმასობა) იყოო. მისი ქადაგებები ანტონ პირველსაც მოუსმენია (წყობილსიტყვაობა). მრავალი ხელნაწერი გაუმრავლებია. ვახტანგ ბატონიშვილის დავალებით მას პარაკლიტონი (1706 წ.), ძველი აღთქმის წიგნები და ოთხთავი გადაუწერია (ლ.მენაბდე), მასვე გადაუწერია სულხან-საბას სიტყვის კონაც (ს.ბარნაველი). ცხოვრების უკანასკნელი წლები იობს თბილისში, კათოლიკოსის კარზე გაუტარებია (პ.იოსელიანი) და აქ „კეთილისა შრომითა დაასრულა ცხოვრება თვისი“ (იოანე ბატონიშვილი). ჩინებულ მწერალსა და მოღვაწეს ძველ ქართულ საგალობელთა ავტორადაც მიიჩნევენ (პ.კარბელაშვილი). დიდი მოაზროვნე სულხან-საბა მისი დადებითი მხარეების შესახებ მსჯელობისას გვაუწყებს, რომ იგი იყო: „კეთილად სწავლული, შუენიერი მზრახველი, მეჟამნე, მეფსალმუნე, კაფია-გამომეტყველი, მგალობელი ქებული, მწერლად გამოჩენილი, ლოცვა-დაუცადებელი, შვიდეულით მმარხველი, შესაყრელად საყუარელი...“
ფიტარეთის მონასტერს ადრიდანვე მდიდარი ბიბილიოთეკა ჰქონდა. მტერთა ამაოხრებელ თარეშს გადაურჩა სახარება, რომელიც ასლან ორბელაშვილმა და მისმა მეუღლემ თამარ დიასამიძემ 1673 წ. დაამზადებინეს იესე ბედისმწერლიშვილს და მონასტერს შესწირეს. ხელნაწერთა ინსტიტუტში ასევე დავანებულია ფიტარეთის ძლისპირები, - გადაწერილი მე-17 ს-ში ფიტარეთის ძველ საგალობელთა კრებულიდან, რომელშიც შემონახულისა ნევმატური ნიშნები, რასაც ძველი ქართული სანოტო სისტემის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მრავალგანსაცდელგამოვლილ საქართველოს ერთ-ერთ უპირველეს ქრისტიანულ კერას, როგორც მთელ ამ მხარეს, ქართული სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად აქტიური და გადაუდებელი თანადგომა და დახმარება სჭირდება.
მოამზადა გოჩა გუგუშვილმა
გაზეთი „აღსავალი“, № 11, 2004 წ
orthodoxy.ge
0