ქეთევან დოლიძე: „ღირსი გაგვხადე...“ ქეთევან დოლიძე: „ღირსი გაგვხადე...“ />


  14:13:03     09-01-2012

ქეთევან დოლიძე: „ღირსი გაგვხადე...“

a14084.jpg

ქეთევან დოლიძეს კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. “პოეზია ბეწვის ხიდზე სიარულია უკიდეგანო სამყაროში. - წერდა ის პრესა.გე-ს ფურცლებზე. - შეიძლება მიწაზე არეული ნაბიჯებით დადიოდეს პოეტი, მაგრამ ბეწვის ხიდზე გავლისას, ფეხი არ უნდა დაუცდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე გულწრფელი უნდა დარჩეს უფლისა თუ თავის წინაშე და კიდევ ერთი - "ხიბლი” არ გაიკაროს. ერთი ყალბი ნაბიჯიც საკმარისია, სამყაროს უსასრულობაში დროის დინებასთან ერთად რომ ჩაინთქას და ჩაიკარგოს.

პოეტი მთელი ცხოვრება ნერვზე უნდა იყოს შემდგარი და გულით უზარმაზარ ემოციის ზღვას ატარებდეს... როდესაც ზღვას ერთი წვეთი დაემატება, გადმოდის. ერთი კი არა, ჩემს ზღვას ათასი, მილიონი, მილიარდი წვეთი ყოველდღიურად ემატებოდა და ემატებოდა... და უსასრულოდ გადმოდიოდა თავად ზღვადქცეული ნაპირებიდან. პოეტად უნდა დაიბადო და პოეტურადაც უნდა ცხოვრობდე... შენი წილი ბედიც უნდა დაგყვეს და იღბალიც. არავინ დაიჯეროს, რომ პოეტები უიღბლოები არიან. მათი დაბადება ყველაზე დიდი იღბალი და ბედისწერაა“.

ქეთევან დოლიძე გახლავთ პოეტური ორდენის - “მარადახალი ქნარის” ერთ-ერთი დამფუძნებელი.

დღეს, გთავაზობთ ქეთევან დოლიძის რამდენიმე ლექსს. ჩვენში შობა-ახალი წლის დღესასწაული მართლმადიდებლურად, იულიანური კალენდარით აღინიშნება. ქეთევან დოლიძე:

“ღმერთო, შენ გაუთენე ჩემს ქვეყანას მშვიდობის დილა და მშვიდობის წელიწადი. მოგვეცი ძალა, რომ მუშტისხელა გულებიდან ცოდვისა და ბოღმის ღვარი ამოვიხაპოთ და ძველი წლის მდინარებას გავატანოთ. საშოვარსა თუ საარსებოზე გადაგებულ ერს  ერთმანეთის სიყვარულისა და ერთგულების დაკარგული ნიჭი გვაპოვნინე, მამული აღგვიდგინე, სული და სხეული გაგვიმრთელე.

შობის ღამეს სხეული ბეთლემად გვიქციე, გული კი თივაჩაფენილ ბაგად და ღირსი გაგვხადე, ჩვენს გულებშიც იშვას უფალი. ქრისტეშობით გაბრწყინებულები უკეთესად დავინახავთ მშიერსა და შეცივნულ უპოვარებს... იმათ სევდასაც გავითავისებთ, ვინც გოზინაყი ვერ გააკეთა და ერთმანეთი მარტო ტკბილი სიტყვით "დააბერა". მოყვასი გვიმრავლე, მტერიც დაგვიმოყვრე, სული სიყვარულით, გონება - სიბრძნით, გული - სიკეთით, ბეღელი - ბარაქით, სახლი კი სიხარულითა და პატარა ქართველებით აგვივსე!

ღმერთო, შენ გაუთენე ჩემს ქვეყანას მშვიდობის დილა და მშვიდობის წელიწადი!”..

* * *

ქარს შევატოვებ ერქვანს...
მომენატრე და... რა ვქნა...
ნეტავ რა უნდა ერქვას
დარდის არშია-მაქმანს?!
შევემატები ბუხარს,
გადავიქცევი სულად,
მხოლოდ სიზმარი თუ ხარ,
არ გავიღვიძებ სულაც.

* * *

ყოველ წუთას სიცოცხლე ბედის ბეწვზე ჰკიდია
და წლები - კამათლები მოდიან და მიდიან.
დარდებს არ ენაცვალო, სიკვდილს შეეთამაშე,
ცივი თონე არ აცხობს გამტკიცებულ ლავაშებს.
სანამ გული ცხელია, სანამ სული ქაფქაფებს,
მოდი, ცხენკაციანად და სიკვდილი აკაფე!
თორემ ღამე ჩამოდნა ზამბახების სანთლებით,
თორემ მთვარის ჩრდილივით გულზე ჩამოგადნები.

მოდი, თორემ სიცოცხლე ბედის ბეწვზე ჰკიდია
და წლები - კამათლები მოდიან და მიდიან...

* * *

გადავიქეცი სიტყვის მარეკად,
ვიმარმარე და კიდეც ვინალე...
თოვლს დააბრალე ჩემი დარეკვა,
ჩემი დარეკვა თოვლს დააბრალე.

მაშინაც თოვდა... კრთოდა სიცივე,
ყინვა და თოში რარიგ მთბილობდა...
რა ვქნა, გულიდან ვერ მოგიცილე,
რადგან ზამთარი ჩემთვის თივობდა.

ახლა დეკემბერს ავეზარდახშე...
ციდან დაეშვა თეთრი ფარდები...
მადლობელი ვარ, შუა ზამთარში
ამომიყვანე ყოჩივარდები.

* * *

მოვარდა ქარი მსტოვარი:
- შენზე ფიქრიო უხარის...
მე კი კუთხეში დავმჯდარვარ,
ვაბოლებთ მე და ბუხარი.

- ქარო, ზამთარი წამიღებს...
ატირდებიან მუხანი...
ან არაფერი არ უთხრა,
ან მიყვარხარო - უთხარი.

ახალწლის ღამეს

ახალწლის ღამეს ვერ მოვალ შენთან,
ვერ დაგიმზადებ თაფლის გოზინაყს...
თოვლის გადაღმა გიყურებ მზედან,
სიტკბოს გიგზავნი გულის კოვზიდან.

და შენი გულის ისმენს ბაგა-ბუგს
გულის ყური და უკვე თენდება...
ცხოვრების ტრიალს, ზამთრის ბაქა-ბუქს
მოაქვს სითეთრე ყინვის დენდებად.

ვერ მოგილოცე, ვერ ჩაგიხუტე,
ვერ მოგეფერე, ჩემო ძვირფასო...
სული სიცივით ამომიხუთეს
და ქარიშხლებმა მითხრეს: სძინავსო...

ფიფქების მიღმა ნაცნობი მზერა
რომ გაგაღვიძებს, იგრძენი მაშინ,
გიყურებ მზედან, მოვდივარ მზედან
ყვავილების და სიცოცხლის მარშით...

და ამ ახალ წელს თუ ვერ გიძღვენი
თაფლის მურაბის ტკბილი ბასილა,
არ მოიწყინო, ნუ გამიწყრები,
სითბოს გაჩუქებ მერე ასწილად.

0

ავტორი: