• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

20 არასამთავრობო „რუსთავი 2“-ის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო ორგანიზაციებს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მიმართავენ. წერილი თბილისიდან დღეს გაიგზავნა.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ადრესატი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ეუთო, ევროკავშირი „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ „ამნესტი ინტერნეიშენალი“ „ჰიუმან რაითს ვოჩი“, „ფრიდომ ჰაუსი“, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“ და სხვა გავლენიანი ორგანიზაციები არიან. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა და არ დაირღვეს ჟურნალისტების შრომითი უფლებები. 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აღსრულდა საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“-ის მფლობელი შეიცვალა. ასევე, მაუწყებლის ახალმა მფლობელმა დანიშნა  ტელევიზიის ახალი დირექტორი. ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კრიტიკული მაუწყებლის მფლობელისა თუ მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე, რაც პრაქტიკაში ხელისუფლების მიმართ ლოიალურ მიდგომებში გამოიხატება. მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს საქართველოში არსებული მედიაგარემო და შეზღუდოს მედიაპლურალიზმი. ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯაროგანცხადება გაავრცელა.

ოპოზიციასთან აფილირებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გამოირჩევა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრემიერმინისტრი,არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი არ მალავდნენ, თავიანთ უკმაყოფილებას “რუსთავი 2”-ის მიმართ და გამოხატავდნენ სურვილს მისი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მიუხედავად ახალი მფლობელის განცხადებისა, რომ იგი არ აპირებს მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასა და ჟურნალისტებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტას, კვლავაც არსებობს ლეგიტიმური ეჭვები, რომ ეს განცხადებები საფუძველს მოკლებულია. ამ ეჭვებს ამყარებს შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოება:

გასულ კვირას „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა ტელეკომპანიის ახალ მფლობელს სარედაქციო პოლიტიკისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა შესთავაზეს, რომელიც  სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენლებით, მედიასფეროს ექსპერტებით და მფლობელის მიერ წარდგენილი პირებით დაკომპლექტდებოდა. აღნიშნული საბჭოს მთავარი მიზანი ახალ რეალობაში ჟურნალისტების შრომითი უფლებებისა და სარედაქციო პოლიტიკაში გარე ჩარევებისგან დაცვა იყო. ჟურნალისტების აღნიშნული  ინიციატივა  ახალმა მფლობელმა არ გაიზიარა და სანაცვლოდ არც ინსტიტუციური დაცვის რაიმე ალტერნატიული მექანიზმი  შესთავაზა მათ.  აღსანიშნავია ასევე, რომ ახალი მენეჯმენტისგანცხადებით, არხზე მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდათ. ზუსტად ამის გამო, შესაძლოა წარმოიშვას საფრთხე, რომ მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ეს ფაქტი გამოიყენოს ჟურნალისტებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საბაბად, არხიდან გაუშვას არასასურველი ჟურნალისტები და ამ გზით შეიცვალოს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა. ცნობისათვის, სასამართლო დავის პერიოდში, კომპანიას ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობა ჰქონდა, მათ შორის ყადაღის გამო, თუმცა ტელევიზიის მენეჯმენტი მაინც ახერხებდა არხის მაუწყებლობის შენარჩუნებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები გთხოვთ, ყურადღებით მიადევნოთ თვალი  „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ აიყვანოთ ეს საქმე. მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა და არ დაირღვეს ჟურნალისტების შრომითი უფლებები," - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები :