• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ლიტერატურულ კაფეში, წიგნებზე მეტი მოთხოვნა ნამცხვრებზეა

წინასაახალწლო დღეებში, საჩუქრების თემა დიდებისა და პატარებისთვის  ერთნაირად აქტუალურია. ყველას გვახსოვს ცნობილი ფრაზა: "არსებობს კარგი საჩუქარი, ცუდი საჩუქარი და წიგნი”. რამდენი ადამიანი ისურვებდა წიგნს საჩუქრად? ან რომელ წიგნს? რა დაგვიჯდება საჩუქარი, რომელის ღირებულება მნიშვნელობის მიხედვით ფასდაუდებლად არის მიჩნეული.

თბილისის წიგნის მაღაზიები,  20 დეკემბრიდან 20 იანვრამდე მომხმარებლებს წინასაახალწლო ფასდაკლებებს სთავაზობენ, მოქმედებს სპეციალური შეთავაზებების პაკეტიც 1+1, თუმცა როგორც ,,პრესა.ჯი-მ” გარკვია ამის მიუხედავად წიგნებზე მოთხოვნა არ გაზრდილა და საქართველოში ის სულაც არ ითვლება ყველაზე სასურველ საჩუქრად.

თუკი თქვენ მაინც გადაწყვეტთ, არჩევანი წიგნზე შეაჩეროთ, მაშინ საბავშვო ლიტერატურის შესაძენად დაახლოებით 18-დან 30 ლარამდე თანხის დახარჯვა მოგიწევთ. მაგალითად, გაყიდვების მხრივ ყველაზე პოპულარული `3 დე~ ფორმატის ხმოვანი საბავშვო წიგნები 25 ლარი ღირს...
ასევე, ყველაზე მოთხოვნადი წიგნ-ალბომების ღირებულება 50 ლარამდეც კი აღწევს.

წიგნის მაღაზიებისგან განსხვავებით, პარფიუმერული და საიუველირო პროდუქცია საახალწლოდ ყველაზე მოთხოვნადია.

ჩვენს მიერ გამოკითხული ქალბატონების უმრავლესობა საჩუქრად სწორედ სუნამოს ან რაიმე  სამკაულს ისურვებდა, მამკაცები კი ძირითადად აქცენტს აქსესუარებზე აკეთებენ.

წიგნი სასურველ საჩუქრად, საზოგადოების ძალზე მცირე და შედარებით ასაკოვან ხალხს მიაჩნია.
შედარებით დაბალი ფასის გამო აღნიშნული სეგმენტი "100 ლექსის” სერიას არჩევს საჩუქრად, რომლის ღირებულება დაახლოებით 5-6 ლარია, შედარებით ახალგაზრდა თაობა კი ყველაზე ხშირად პაოლო კოელიოს ან სელენჯერს ითხოვს.

წიგნის მაღაზიებს გარკვეული "პრობლემები” ჟურნალ-გაზეთებთან ერთად სხვადასხვა სერიით წიგნების გამოცემამ შეუქმნა და კლიენტების გარკვეული ნაწილი წაართვა.

რაც შეეხება ბუკინისტებს, მათთვის გარე ვაჭრობის აკრძალვამ წიგნების ფასზეც ანალოგიურად იმოქმედა. მაგალითად დედაენის ბაღში არსებულ წიგნის ბაზრობაზე, თომას მანის `ჯადოსნური მთა” რომელიც აუცილებლად წასაკითხი წიგნების 50-ეულში მოხვდა 15 ლარი ღირს, ლევ ტოლსტოის ,,ანა Kკარენინა”- 12, ბულგაკოვის ,,ოსტატი და მარგარიტა” კი 10 ლარამდე.

ვინც ბუკინისტების აქტიური მომხმარებელი იყო მიხვდება, რომ ადრე 15 ლარად სამივე ამ წიგნის შეძენა იყო შესაძლებელი და შესაძლოა რომელიმე ლექსების კრებულისთვისაც გამოგეკრათ ხელი.
განსაკუთრებული ხალხმრავლობა წინასაახალწლოდ ლიტერატურულ კაფეში იგრძნობა, მაგრამ აქაც იმედი უნდა გაგიცრუოთ. როგორც მომსახურე პერსონალი აცხადებს აღნიშნულის მიზეზი, მაღაზიის კაფეში არსებული გემრიელი ნამცხვრებია, რის სიმართლეშიც მაშინვე დარწმუნდებით, როგორც კი კაფეს და წიგნების ფლიგელს შეავლებთ თვალს.

არსებული რეალობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოების პრიოტიტეტი დღეს მაძღრად ყოფნაა, წიგნის სასურველ საჩუქრად აღიარების ეპოქა კი წარსულს ჩაბარდა.


თეგები :