• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

"პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეში რამდენიმე ხმაურიანი გვარია, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა"

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში გავრცელების საქმეში იპოვა რამდენიმე ხმაურიანი გვარი, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა. ეკა ბესელიას თქმით, როდესაც მან კითხვა დასვა , იცავდა, თუ არა მას გვარის გამო იმუნიტეტი, შსს-ში უპასუხეს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ.

„არ მაქვს იმედი, რომ დამნაშავეს დასჯიან, რადგან მგონია, რომ კვალი მიდის იმ ადამიანებთან, რომლებიც მე თავიდან, როგორც სავარაუდო ეჭვმიტანილთა წრე, ისე მოვხაზე. გახსოვთ თქვენ, არ გამოვრიცხე წარსულის ძალაც, მაგრამ ასევე ვთქვი, რომ ეს ემთხვეოდა მწვავე კონფლიქტს სასამართლო თემაზე. მგონია, რომ მანდ მიდიოდა ეს კვალი.

პარლამენტში ლობისტები ჰყავთ. მე სახელობითად ვერავისზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მე კრებსითად ინტერესთა ჯგუფს ვასახელებ. ეს ჯგუფი „კლანი“ და მასთან დაკავშირებული ადამიანები, რომლებიც არიან მათ შორის პარლამენტშიც (ვერ ვამბობ ასე სახელით და გვარით, ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა) მაგრამ ვის ინტერესებშიც შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ნაბიჯი, მგონია, რომ კვალი იქ მიდის. რადგან ამას წინ უძღოდა ჩემთან რამდენჯერმე გამეორებული სიტყვები: გაჩერდი, გაჩუმდი! არც გავჩერდებოდი და არც გავჩუმდებოდი და ამას მოჰყვა ეს გადაწყვეტილება.

პირველად ვამბობ, რამდენიმე გვარი ვიპოვე საქმეში, ოღონდ გვარს არ დავასახელებ, რადგან ხმაურიანი გვარია და თან არ მინდა იმ ადამიანს ზიანი მივაყენო. რამდენიმე გვარია, რომელსაც ზუსტად ანალოგიური ქმედება აქვთ ჩადენილი, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დაიჭირეს. მაგრამ ის ადამიანი, იმ საინტერესო გვარით,ზუსტად იმ ქმედებისთვის ჩანს, რომ საქმეში ხელშეუხებელია. მე არავის დასჯა და დაპატიმრება არ მინდა, გარდა იმისა, ვინც ეს საზიზღრობა დაგეგმა და ჩაიდინა. კითხვა გამიჩნდა: თუ ის პატარა გოგო-ბიჭები, ახალგაზრდები დაიჭირეს გავრცელებისთვის, ეს რატომ არის?-გვარი აქვს საინტერესო. გვარი თუ იცავს, როგორც იმუნიტეტი ამას გავარკვევ პროკურატურასთან. გვარს ახლა არ ვასახელებ, რადგან ვიღაცას ეხება, მათ შორის მარტო მამაკაცი არ არის, ქალიც არის. გვართან დაკავშირებით მეც მქონდა რეაქცია და ვუთხარი: გვარის გამო აქვს იმუნიტეტი თუ რატომ არის განსხავებულ რეჟიმში. შსს-ში მითხრეს- არ ვიცითო, პროკურატურის გადაწყვეტილებას ველოდებითო“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

წამყვანის კითხვას - ემთხვევა თუ არა ეკა ბესელიას მიერ ნაგულისხმები გვარი რომელიმე დეპუტატის გვარს - ბესელიამ უპასუხა „დიახ ასეა“.


თეგები :