• თბილისი
  • 36°C
  • 23 აგვისტო, 2019
article

ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა - ეკონომიკური სარგებელი თუ რუსეთის მხრიდან მორიგი ინტერვენციის საფრთხე?

აგვისტოდან დაღესტანში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის გაყოლებაზე 25 ხიდისა და 5 გვირაბის აშენება იგეგმება. ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია.

გახდება თუ არა ავარეთ-კახეთის გზა რუსეთისთვის საქართველოში მორიგი ინტერვენციის ალტერნატივა ამაზე მთავრობაში განსხვავებული პოზიციები აქვთ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიანი ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის იდეის ხორცშესხმაას ყურადსაღებ საქმედ აღიქვამს. 

”მშენებლობა ჩვენი საზღვრის უშუალო სიახლოვეს ხორციელდება. რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, კითხვებს ბადებს“.

საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რაიმე სახის კომუნიკაცია საქართველო-რუსეთს შორის არც ერთ დონეზე არ ყოფილა.

ახალი პროექტის განხორციელების მომხრეთა რიგებშია ეკონომიკის მინისტრიი კვირიკაშვილი, რომელიც ეკონომიკურ ასპექტებზე აკეთებს აქცენტს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც უფრო მეტი გზა იარსსებებს, ეს ქვეყნისთვის მით უფრო კარგია.

მინისტრი აცხადებს, რომ არ იქნება ცუდი თუ ლარსის გამშვებ პუნქტს, სადაც პრობლემები ხშირად იქმნება, ალტერნატივა ექნება. 

გიორგი კვირიკაშვილი: „როდესაც გვაქვს ლარსზე სტიქიით გამოწვეული პრობლემა, მე მგონი ურიგო არ იქნება, რომ იყოს ალტერნატივა, რომ საქონელმა იმოძრავოს რუსეთსა და საქართველოს შორის. პოლიტიკურ ჭრილში რა თქმა უნდა ის პრობლემები არავის მოუხსნია და ეს პრობლემები გადაწყვეტას საჭიროებს. მაგრამ ის, რომ დავუშვათ ახალი გზა არსებობდეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არ არის უსაფრთხოების კუთხით სხვა რაიმე განსაკუთრებული, მე ვფიქრობ, რაც მეტი გზა იქნება მით უკეთესი“.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ივლიანე ხაინდრავას პოზიცია შესაძლო საფრთხეებზე ასთია: "რუსული სამხედრო ბაზები არის აფხაზეთსა და ცხინვალში, ტანკებიც არის, რაკეტებიც არის. ერთი ბაზა კიდევ სამხრეთით აქვს და ეს სავსებით საკმარისია, ვთქვათ, აგრესიული მილიტარისტული განზრახვებისთვის. სიფრთხილე არის საჭირო და, ბოლოს და ბოლოს, გზა ვერ შედგება, თუ ჩვენი მხრიდან შესაბამისი მონაკვეთი არ აშენდება".

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ირწმუნება, რომ ეს თემა მისი და კარასინის შეხვედრის ფორმატში არ განხილულა.

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის შეფასებით, ავარეთ-კახეთის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას მიესალმება, თუმცა იქვე დასძენს, რომ მთავარია, ამ გზაზე ტანკებმა არ გაიარონ.

გიორგი ვოლსკი: "ნებისმიერი გზა, ნებისმიერი მიმოსვლა, ურთიერთობა საფრთხის შემცველი არ არის თუ ამ გზაზე ტანკი არ გაივლის. მოლაპარაკებები, ურთიერთობები სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ რაც შეიძლება ეფექტურად ავარიდოთ საქართველოს საფრთხეები, რომლებიც გარედან შეიძლება მოდიოდეს".

დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი კი „პრესა.ჯი“-სთან ამბობს, რომ საქართველო არ აპირებს მაგ მიმართულებით გზის მშენებლობას.

კითხვაზე არსებობს თუ არა საფრთხის შემცველი საქართველოზე რუსეთთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი გზის არსებობს უმრავლესობის წევრი ამბობს:

ლევან ბერძენიშვილი: საერთოდ რუსეთის არსებობა საქართელოსთვის საფრთხის შემცველია, ისევე როგორც რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს დანარჩენი მსოფლიოსთვის. სასწრაფოდ აღსანიშნი არ არის ეს საკითხი ის საშიში იყო ყოველთვის ასეა ბოლო 5 საუკუნეა. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ გზის მშენებლობა ყველაზე მეტად საფრთხის შემცველია საქართვრელოსთვის უნდა გითხრათ, რომ არა. სტრატეგიულად ეს გზა დამატებით საფრთხეს არ შეიცავს. იმიტომ რომ საქართველოს მხრიდან მას დახვდება უღრანი ტყები, რომელიც არის... რუსეთს გაცილებით უკეთესი გზები აქვს იმ შემთხვევაში თუ ის გადაწყვეტს საქართველოზე თავდასხმას. შეგახსენებთ, რომ როკის გვირაბის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, შგახსენებთ, რომ რუსეთის საქმხედრო ბაზა აფხაზეთში დგას... ასე რომ თუ შეიქმნება ასეთი გარემოება უნდა გვესმოდეს რომ ავარეთ-კახეთის გზაზე ნაკლებად ვართ დამოკიდებულნი.

„პრესა.ჯი“ ექსპერტებსაც დაუკავშირდა.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანი ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობას საფრთხის შემცველს უწოდებს და არგუმენტარ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტოეიების ოკუპაცია მოჰყავს.

„დაღესტანი არის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი, სეპარატიზმი იქნება ეს თუ ვაჰაბიზმი, რუსეთის გეგმა დააკავშიროს დაღესტანი საქართველოს საზღვარს, რა თქმა უნდა, ემსახურება მათ სამხედრო პოლიტიკურ მიზნებს. ამ გზას ექნება არა მარტო სავაჭრო ეკონომიკური, არამედ ზუსტად სამხედრო გეოპოლიტიკური თუ სხვა მიზნები, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ძალიან რთულ და ცხელ რეგიონთან, როგორიც არის დაღესტანი და ჩეჩნეთი, რომელიც ჯერ კიდევ მოუგვარებელია რუსეთისთვის“ - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.
ეკონომიკური საკითხების ექსპერტი დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ ეს გზა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ შეცვლის.

დემურ გიორხელიძე: რათქმაუნდა ამ გზით შესაძლებელია, შესაძლებელია ისარგებლოს რამდენიმეათასმა ადამიანმა. გაიყიდოს მეტი რეგიონში ,მაგრამ იგი ვერ შეცვლის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურმდგომარეობას. გარდა ამისა, ქვეყანასთან რომელთანაც გაწყვეტილი გვაქვს დიპოლომატიური ურთიერთობა, საფრთხეები უზარმაზარია, ურთიერთობა კი დაძაბული ეს საკითხი მიიღებს ყოველთვის პოლიტიკურ ჭრილს. ეკონომიკა ვერ იქნება პოლიტიკისგან ოდნავ მაინც დაცილებული ამ შემთხვევაში. საფრთხეებს რაც შეეხება, ეს საკითხი უკვე არსებობს, რუსეთს საქართველოს ტერიტორეიები ოკუპირებული აქვს. ვინც ამ გზის მშენებლობას მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით უყურებს და არ ითვალსიწინებს პოლიტიკურ მხარეს, ეს მიანიშნებს მათ ზერელე დამოკიდებულებას. გზის გაყვანა ვერ შეცვლის ორ ქვეყანას შორის არსებულ მძიმე ურთიერთობას.

ცნობისთვის, ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა.

თეგები :