• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

რუსების საამაყო "ტოპოლის" ქართველი კონსტრუქტორი

უკვე წლებია რაც რუსეთი წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმებზე ტექნიკა გამოყავს. მათ შორის, ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, თვითმავალი საზენიტო და საარტილერიო სისტემები, რაკეტული კომპლექსები. მოედანზე ტექნიკის ყოველი ნიმუშის ჩავლის შემდეგ, დიქტორი, მას მცირე კომენტარს უკეთებს. აღნიშნავს მის შესაძლებლობებსა და შემქმნელ კონსტრუქტორებს. წლებია, ტექნიკის სხვადასხვა ნიმუშებს შორის, წითელ მოედანზე "ტოპოლის" ტიპის სარაკეტო კომპლექსები გამოჰყავთ. რუსეთი მათით ძლიერ ამაყობს - დასავლეთს მსგავსი ტექნიკა არ გააჩნია. თუმცა, არც ერთი შემთხვევისას, დიქტორს არ უხსენებია არც მისი შესაძლებლობები და მით უმეტეს, არც კონსტრუქტორი. არადა, რუსების საამაყო "ტოპოლი" ქართველი კონსტუქტორის, ალექსანდრე ნადირაძის მიერ არის შექმნილი.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ფინ ბრაუნის მიერ გამოგონებული რაკეტა V-2 მოკავშირეებმა და საბჭოთა კავშირმა სათანადოდ შეაფასეს. მაგრამ მას ერთი სერიოზული ნაკლი გააჩნდა - მისი სასტარტო პოზიციების განადგურება მარტივი  იყო.

ამიტომაც სამხედროებმა რაკეტების კონსტრუქტორებს ისეთი რაკეტების შექმნა დაავალეს, რომლებიც სტარტს მიწისქვეშა შახტებიდან აიღებდნენ. შახტებში შენახული ბალისტიკური რაკეტების განადგურება ბევრად უფრო რთული იყო. მაგრამ უსაფრთხოების ილუზიას დიდხანს არ უცოცხლია. მალე მოწინააღმდეგე მხარეების შეიარაღებაზე ზუსტი დამიზნების ბირთვული იარაღი გამოჩნდა. მისგან რაკეტას ვეღარც შახტის კედლები ვერ დაიცავდნენ. დღის წესრიგში მობილური გამშვები დანადგარის შექმნის საკითხი დადგა.

საბჭოთა კავშირში ამ სფეროში ყველაზე წინ, 1-მა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა წაიწია (დღეს მოსკოვის სითბოტექნიკის ინსტიტუტი). აღნიშნულ დაწესებულებას კი, ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძე ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე ნადირაძე 1914 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ გორში დაიბადა. 1936 წელს, ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ის საცხოვრებლად მოსკოვში გადადის და სწავლის გაგრძელების მიზნით, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში აბარებს. 1938 წლიდან კი, სწავლის პარალელურად, ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტშიც მუშაობს.

1941 წელს, ნადირაძე მოსკოვის №22-ე ქარხანაში კეცვადი შასის განყოფილებაში მთავარ კონსტრუქტორად იყო დანიშნული, მაგრამ მალევე გადაერთო სარაკეტო ტექნიკაზე. 1945 წელს მას მისივე ინიციატივით, მოსკოვის მექანიკური ინსტიტუტის რეაქტიული იარაღის ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარ კონსტრუქტორად ნიშნავენ, სადაც ის ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ჭურვების შექმნაზე მუშაობს. 1950 წლიდან ნადირაძე საზენიტო ჭურვ Стриж-ის შექმნას იწყებს. 1951 წელს კი პირველად იყო გაშვებული მისივე შექმნილი მეტეოროლოგიური რაკეტა МР-1. 1955 წელს შეიარაღებაზე მიღებული იყო მის მიერ დაპროექტებული 2240კგ-იანი რადიომართვადი ფუგასური ბომბი УБ-2Ф.

1958 წელს, სერგეი კოროლიოვის რეკომენდაციით, ის ვლადიმერ ჩელომეის საკონსტრუქტორი ბიუროდან 1-ელ საკონსტრუქტრო ბიუროში იყო გადმოყვანილი და დანიშნული იყო 1-ელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარ კონსტრუქტორად. ნადირაძის მისვლამდე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ავიაბომბებისა და ტორპედოების შექმნით იყო დაკავებული. შემდეგ კი ახალი კლასის შეიარაღებაზე - ოპერატიულ-ტაქტიკური რაკტების შექმნაზე გადაერთო.

უმოკლეს დროში, შექმნილი იყო მოძრავი სარაკეტო კომპლექსი Темп-С, რომლის სროლის მანძილიც 800კმ-ს შეადგენდა. მისი შექმნისთვის, მოსკოვის სითბოტექნიკის ინსტიტუტი ლენინის ორდენით დაჯილდოვდა, თავად ნადირაძე კი ლენინის პრემიით.

მოსკოვის სითბოტექნიკის ინსტიტუტის კედლებში კი მუშაობა ახალ მობილურ სარაკეტო კომპლექსებზე ერთი წუთითაც კი არ შეჩერებულა.

1973 წლის 28 აპრილს, საიდუმლო დადგენილების თანახმად, ალექსანდრე ნადირაძეს დაევალა საშუალო მოქმედების რადიუსის მქონე მობილური სახმელეთო რაკეტული კომპლექს РСД-10  Пионеp – ის შექმნა.

ახალი კომპლექსის ორსაფეხურიანი რაკეტის საბრძოლო ბლოკში, МИРВ-ს ტიპის ინდივიდუალური დამიზნების სამი საბრძოლო ქობინი იყო განთავსებული, რომელთაგანაც თვითოეულის სიმძლავრე 1,5მტ-ს შეადგენდა.

Пионеპ-ის პირველი სტარტი, 1974 წლის 21 სექტემბერს შედგა. მისი გამოცდა კი 1976 წლის 9 იანვარს ბოლო ოცდამეერთე წარმატებული (ისევე როგორც ყველა წინა) გაშვებით დასრულდა. ამავე წლის 11 მარტს კი ნადირაძის საშაულო მოქმედების მობილური სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი შეიარაღებაში მიიღეს.

შეიარაღებაზე მიღების შემდეგ, Пионеp -ის საბრძოლო მორიგეობაზე დაყენება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა. პირველ რიგში, ისინი მოძველებულ რაკეტებს ენაცვლებოდნენ. 1977 წლის ბოლოსთვის, სტრატეგიული ჯარების განკარგულებაში 18 გამშვები დანადგარი იყო, 1980 წელს - 135, ორი წლის შედმდეგ კი - 300. ამ უკანასკნელი გამოჩენამ ნატო-ს ქვეყნებში დიდი აურზაური გამოიწვია.

კომპლექსების  დისლოკაციის ადგილის თანამგზავრებისგან დასამალად, მათი განთავსება სპეციალურ სანგარებში ხდებოდა. სანგარში ყოფნისას, კომპლექსი 24 საათიან საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფებოდა. რაკეტაში კი მისი მდებარეობის კოორდინატები იყო შეყვანილი. სანგარის მთავარ თავისებურებას ის წარმოადგენს, რომ რაკეტის გაშვება კომპლექსის გარეთ გამოსვლის გარეშეა შესაძლებელი. ამისთვის მისი სახურავი ორ ნაწილად იშლებოდა.

აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მომენტისთვის, საბრძოლო მორიგეობასა და არსენალებში კომპლექს Пионеp -ის 650 რაკეტა იმყოფებოდა.

1977 წლის 19 ივლისს, მოსკოვის სითბოტექნიკის ინსტიტუტში, ალექსანდრე ნადირაძის ხელმძღვანელობით, დაწყებული იყო მუშაობა ახალი თაობის მობილურ სტრატეგიულ სარაკეტო კომპლექსზე Тополь, სამსაფეხურიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტით.

მესამე საფეხურზე, სპეციალური გასართის საშუალებით, დაახლოებით 1ტ-ის მასის მონობლოკური საბრძოლო ქობინი მაგრდება. გაუმჯობესებული მართვის სისტემის წყალობით სამიზნედან სავარაუდო გადახრის მანძილი 400მ-ია, რაც Тополь-ის სროლის მანძილისას, რომელიც 10500კმ-ს შეადგენს, ნულის ტოლად მიიჩნევა.

1983 წელს კომპლექსი Тополь გაყვანილი იყო გამოცდებზე, მისი პირველი სტარტი კი ამავე წლის 8 თებერვალს შედგა და ის შახტიდან იყო განხორციელებული. 1987 წლის 28 აპრილს კი ჩამოყალიბებული იყო Тополь-ებით სრულად აღჭურვილი პირველი სარაკეტო პოლკი. სამწუხაროდ, ალექსანდრე ნადირაძე ვერ მოესწრო თავისი მორიგი ქმნილების შეიარაღებაზე მიღებას - ის 1987 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა. თავისი სიცოცხლის განმავლობაში ნადირაძემ ძალიან ბევრს მიაღწია - სოციალური შრომის ორგზის გმირი (1976, 1982) ლენინური (1966) და სახელმწიფო (1987) პრემიების ლაურეატი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საბჭოთა კავშირის დამსახურებული გამომგონებელი.

Тополь-ის გამოყენება არა მხოლოდ სამხედრო მიზნებში არის შესაძლებელი. 1990-იანი წლების დასაწყისში, მოსკოვის სითბოტექნიკის ინსტიტუტში სერიული მობილური კომპლექს Тополь-ის ბაზაზე, მცირგაბარიტიანი კოსმოსური აპარატების დაბალ ორბიტაზე გასაყვანად, შექმნილი იყო მყარსაწვავიანი რაკეტა-მატარებელი Старт. არსებობს მისი ორი ვარიანტი - Старт და Старт-1. აქედან პირველი ოთხსაფეხურიანია და მისი სასარგებლო დატვირთვა დაბალი ორბიტებისთვის (400კმ) 500კგ-ს შეადგენს, Старт-1 კი - ხუთსაფეხურიანია, 570კგ-იანი სასარგებლო დატვირთვით. მათი სასტარტო მასა, შესაბამისად, 47 და 60ტ-ის ტოლია. Старт-1-ის პიველი გაშვება 1993 წლის 25 მარტს წარმატებით შესდგა. მთლიანობაში, დღემდე შვიდი გაშვებაა განხორციელებული, საიდანაც წარუმატებელი მხოლოდ ერთი იყო.


თეგები :