• თბილისი
  • 13°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

მამინაცვლის მიერ მოკლული თაკო გამრეკელაშვილის საქმეს სასამართლო დღეს განიხილავს

ბარნოვზე, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მამინაცვლის, ვეფხია ბაქრაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.

გასულ სხდომაზე სახელმწიფო ბერალდებამ ექსპერტები გამოკითხა. სამედიცინო ექსპერტის ჩვენებით, თაკო გამრეკელაშვილს აღენიშნებოდა 33 ჭრილობა, ასევე აღენიშნებოდა მრავალი სისხლნაჟღენთი დაზიანება. 33 ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობიდან 8 კისრის არეში იყო შემავალი, 2 გულ-მკერდის არეში, დანარჩენი სხვადასხვა ადგილებზე. კისრის და ყელის არეში არსებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გარდაცვალება.

ცნობისთვის, თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძე დაკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისსთვის აქვს წაყენებული. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეგები :