• თბილისი
  • 8°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

რომან აბრამოვიჩი – ოლიგარქი, "ჩელსის" მფლობელი თუ ჩუკოტკის გუბერნატორი?

რუსი ოლიგარქი, ჩუკოტკის რეგიონის გუბერნატორი, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მეპატრონე, რომან აბრამოვიჩი 1966 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ სარატოვში დაიბადა. 2008 წლის Forbes-ის მონაცემებით, წარმოშობით ებრაელი, რუსი მილიარდერი 23, 5 მილიარდი დოლარით მე-15 ადგილზე იმყოფება.

ბიოგრაფია და პოლიტიკური კარიერა

რომან აბრამოვიჩს ტკივილიანი და მძიმე ბავშვობა ჰქონდა. დედა 18 თვის ასაკში სეფსისის შედეგად გარდაეცვალა.  მამა კი ოთხი წლის რომანს  მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაეღუპა.

ბავშვის აღზრდა დროებით ბიძამ, ლეიბ აბრამოვიჩმა ითავა. 8 წლიდან კი მოსკოვში მეორე ბიძასთან იზრდებოდა.

სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ აბრამოვიჩმა მოსკოვის პრესტიჟულ უნივერსიტეტს Institut of the Oil and Gas de Moscou-ს მიაშურა, რომელიც მოგვიანებით ბიზნესსაქმიანობის დაწყების გამო მიატოვა. თუმცა პეტროქიმიის განხრით დიპლომის აღება მაინც შეძლო. მოგვიანებით კი მოსკოვის აკადემიის დიპლომის ტიტულსაც ეუფლება.

1999 წელს რომან აბრამოვიჩი რუსეთის დუმის დეპუტატი გახდა, როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთის ღარიბი რეგიონის, ჩუკოტკის წარმომადგენელი. ერთი წლის შემდეგ ხმათა 90%-ზე მეტით ჩუკოტკის გუბერნატორად ირჩევენ. შემდგომში, რეგიონის აღორძინების მიზნით, მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. 2007 წლის მონაცემებით, ჩუკოტკაში აბრამოვიჩის მხრიდან ინვესტირებული თანხა ერთ მილიარდ დოლარს აღწევს. Gგუბერნატორმა ღარიბი და უკიდურესად რთული კლიმატური პირობების მქონე რეგიონის მოსახლეობის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ორგანიზაცია  Pole of hole შექმნა.

2003 წელს აბრამოვიჩმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არჩევნებზე კანდიდატურის წამოყენებას აღარ აპირებდა. სამაგიეროდ, 2005 წელს თავად პრეზიდენტმა პუტინმა მიანდო ჩუკოტკის გუბერნატორობა, რადგან 2004 წლის ბოლოს მიღებული ახალი კანონის თანახმად, გუბერნატორის პოსტი დანიშვნითი გახდა.

2005 წლის 16 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინმა კვლავაც წარადგინა მისი კანდიდატურა გუბერნატორის პოსტზე და 21 ოქტომბერს, ჩუკოტკის ავტონომიური ოლქის დუმამ ერთსულოვნად დაამტკიცა.

სამაგიეროდ, 2008 წლის 3 ივლისს, რუსეთის ახლად გამოჩეკილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, არასაიმედოდ ჩათვალა თავისი წინამორბედის პროტეჟე და მას „საკუთარი სურვილით“, ვადაზე ადრე დაატოვებინა დაკავებული თანამდებობა.

2008 წლის 12 ოქტომბერს კი ჩუკოტკის დუმის დამატებით არჩევნებში, მან თავისი კანდიდატურა წამოაყენა და მოსახლეობის ხმათა 96,99% მიიღო!

ბიზნესი და ქონება

რომან აბრამოვიჩის კარიერა 1987 წელს  მოსკოვის პატარა სამშენებლო საწარმოში მექანიკოსობიდან დაიწყო. აქტუალურ კომერციულ საქმიანობას 1990-იან წლებში შეუდგა, ე.წ. „პერესტროიკის“ დროს მომხდარი ცვლილებებით და რეფორმებით ისარგებლა და წვრილ-წვრილი კერძო საწარმოები, კოპერატივები შექმნა. ბიზნესმენი თავდაპირველად პოლიმერული სათამაშოების მწარმოებელ კოპერატივს ხელმძღვანელობდა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და ეკონომიკის მასიურ ლიბერალიზაციასთან ერთად საბირჟო საქმიანობით დაინტერესდა. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ადგილობრივი მწარმოებლებისგან ნავთობს ყიდულობდა, შემდეგ კი საექსპორტო ლიცენზიით უცხოეთში ყიდდა. 1992 წელს აბრამოვიჩი ყურადღების ცენტრში მართლმსაჯულების კუთხით მოექცა. ბიზნესმენს მილიონი ლიტრი დიზელით დატვირთული ხუთი ცისტერნის  მიტაცებაში დასდეს ბრალი. რეალურად კი ცისტერნები მის კუთვნილებაში მყოფ ლატვიურ-ამერიკულ კომპანიას ექვემდებარებოდა. როგორც მოგვიანებით გამოძიებამ აჩვენა, ნავთობი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გადაუტანიათ, რათა იქაური არმიისთვის მიეყიდათ. აბრამოვიჩი სასამართლომ საბოლოოდ გაამართლა.

სწრაფი ტემპით გამდიდრებისა და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების საშუალება აბრამოვიჩს ფინანსური ბაზრებით დაინტერესებამ და მაკლერის ხელობამ  მისცა. ბორის ბერეზოვსკისთან დაახლოებამ ბიზნესის სფეროში აბრამოვიჩის აღმასვლას საგრძნობლად შეუწყო ხელი.

მან ბორის ელცინის პრეზიდენტობისას განხორციელებული საწარმოების პრივატიზაციის  რეფორმის პოლიტიკითაც კარგად ისარგებლა და იმავე პერიოდში პრეზიდენტის დადგენილების საფუძველზე შექმნილი ნახშირწყალბადის სექტორის უდიდესი კომპანია, Sibneft -ის 73%-ინი წილის მფლობელი გახდა.

2005 წელს ბიზნესმენმა „გაზპრომში“ საკუთარი 72, 7 %-ის წილი 13 მილიარდ დოლარად გაყიდა. ერთი წლის შემდეგ კი რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი  მეტალურგიული ჯგუფ  Evraz -ის აქციათა 41% შეისყიდა. იმავე წლის ბოლოს კი ფოლადის ამერიკული კომპანია Oregon Steel შეიძინა.

დიდ ბრიტანეთში რომან აბრამოვიჩი რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია. ამ ტიტულის მოსაპოვებლად, როგორც ამბობენ, ლონდონსა და Sussex -ში მისი უზარმაზარი საკუთრებაც საკმარისი იყო. 440 ჰექტარზე გაშლილი West Sussex -ის ყოფილი მესაკუთრე იორდანიის მეფე, ჰუსეინი გახლდათ.

2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა და მეორე ცოლთან განქორწინებამ, აბრამოვიჩი საკმაოდ „გააკოტრა“ და მას მხოლოდ 8,5 მილიარდი დოლარი „დარჩა“ (აღარაფერს ვამბობთ მის უძრავ, თუ მოძრავ სხვა ქონებაზე).

უკანასკნელი მონაცემებით, „ფორბსის“ ვერსიით, 2011 წლისთვის მას თავისი 13,4 მილიარდი დოლარით, მსოფლიოს 200 უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეცხრე ადგილი უკავია!

აბრამოვიჩი და ევროპული ფეხბურთი

აბრამოვიჩი ბევრისთვის, ყოველ შემთხვევაში ევროპელებისთვის პირველ რიგში, „ჩელსის“ მესაკუთრეა და მხოლოდ ამის შემდეგ რუსი ოლიგარქი, მილიარდერი თუ გუბერნატორი.

აბრამოვიჩმა ცნობილი, თუმცა იმ დროს გაკოტრებული ინგლისური კლუბი 2003 წლის ივნისში შეიძინა. მას მერე  „ჩელსის“ ასაღორძინებლად არაფერს იშურებს.

ამ დროისთვის ფეხბურთელების ტრანსფერის მიზნით  აბრამოვიჩის ინვესტიციები დაახლოებით 400 მილიონ ევროს შეადგენს. მეპატრონე „ჩელსის“ ყველაზე დიდი გულშემატკივარიც არის. ყველა მატჩს ესწრება, ემოციებს ვერ თოკავს და გამხნევების მიზნით, ფეხბურთელებს გასახდელშიც სტუმრობს. მართლაც  სამწუხაროა, რომ ორიოდე დღის წინ 2008 წლის ევროპის ყველაზე პრესტიჟული  საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალაში ჩელსი დამარცხდა.  

აბრამოვიჩი არც რუსულ ფეხბურთს ივიწყებს. 2006 წელს რუსეთში ეროვნული ნაკრების თავკაცების მოსამზადებლად მწვრთნელების ცენტრის ასაშენებლად 30 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო. ცენტრი ექვს საფეხბურთო მოედანს, უზარმაზარ აუზს, ჩოგბურთის კორტებსა და სავარჯიშო დარბაზს მოიცავს.

მის სპორტული გატაცებებით ზედმეტად თავს აღარ შეგაწყენთ, თუმცა არის კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი – რომან აბრამოვიჩს თავისი ფეხბურთელების მოსაწყენი თამაშების ყურება მობეზრდა და მზადაა „სექსუალურ ფეხბურთში” 80 მილიონი ფუნტი გადაიხადოს...

ოჯახი და ინტერესის სფეროები

რომან აბრამოვიჩი პირად ცხოვრებაში ისეთივე წარმატებული ადამიანი არ აღმოჩნდა, როგორც პროფესიულ ცხოვრებაში. პირველმა ქორწინებამ, მხოლოდ ორ წელს  გასტანა (1987-1989წ.). 1991 წელს აბრამოვიჩმა, ავიაკომპანია Aerflot -ის ბორდგამცილებელ ირინაზე იქორწინა, რომელიც აღნიშნული კომპანიის თვითმფრინავით მგზავრობისას გაიცნო. 2006 წლის დასაწყისში, წყვილს უკვე 5 შვილი ჰყავდა ( ანა, არკადი, სონია, არინა, ილია) და თითქოს მათ ოჯახურ ბედნიერებას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ იმავე წლის ბოლოს აბრამოვიჩის მეუღლესთან გაყრა ევროპისა და რუსეთის აქტუალურ თემად იქცა და ყველაზე ხმაურიან და ძვირადღირებულ განშორებად შეფასდა. გავრცელებული ხმების თანახმად, მეუღლის ღალატით შეურაცხყოფილმა ირინამ ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტა და დასახმარებლად ბრიტანელ ადვოკატებს მიმართა.

დღეისათვის, აბრამოვიჩს გვერდს უმშვენებს დიზაინერი დარია ჟუკოვა, რომელმაც 2009 წლის 5 დეკემბერს აარონ ალექსანდრე აბრამოვიჩი აჩუქა რომანს! ბრიტანეთში, აბრამოვიჩს იახტების სამყაროზე შეყვარებულ ადამიანადაც იცნობენ. პრესა კი ხუმრობით „აბრამოვიჩის ფლოტზეც“ საუბრობს. მილიარდერი სამი უზარმაზარი გემის და იახტის მფლობელია.


თეგები :