• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

“მინდია“ დაბრუნდა

18 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოთარ თაქთაქიშვილის “მინდია“  დაიდგემბა.  ოპერა ვაჟა-ფშაველას "გველის-მჭამელის" მოტივებზეა შექმნილი. ლიბრეტოს ავტორია - რევაზ თაბუკაშვილი. პრემიერა გაიმართა თბილისში 1961 წლის 23 ივლისს.

 

მოკლე შინაარსი

 

შორეთიდან შინ დაბრუნებულ მინდიას სიხარულით ეგებება საკუთარი სოფლის  ბუნება. მინდია ბედნიერია მშობლიური მთების ხილვით. განგებამ მინდია ჯადოსნური ძალით დააჯილდოვა, მას ესმის ცხოველებისა და ფრინველების ენა, წვდება მთის ექოს და ჩანჩქერის ხმაურის ფარულ აზრს, იცის რაზე საუბრობენ მაღალი მთები და რას უმღერიან მწვანე მინდვრები.

 

მინდორში ჩაძინებულ მინდიას შეამჩნევენ თანასოფლელი გოგონები, რომელთა შორის მინდიას სატრფო _ მზიაც არის. როგორც კი გოგონები მძინარე ყმაწვილში მინდიას შეიცნობენ უმალ სოფელში გარბიან, რათა ყველას ამცნონ გმირი მინდიას დაბრუნება.

 

სოფლელები სიხარულით ეგებებიან მინდიას. მინდიას მამა - ხევისბერი - განრისხებულია, იგი ვაჟიშვილს უამბობს მათი ოჯახის თავზე დატრიალებული უბედურების შესახებ _ ჩალხიამ ხომ მინდიას ძმა გამოასალმა სიცოცხლეს. ხალხი მთიელთა წმიდათა წმიდა ვალის აღსრულებას მოითხოვს მინდიასგან. სოფლის ადათის თანახმად, მინდიამ ძმის მკვლელის სისხლი უნდა აიღოს და ჩალხია მოკლას.

 

ჩალხია მზად არის ხმალი იშიშვლოს და მინდიას შეერკინოს. ჩალხიას ძლიერ უყვარს მზია და მინდიას ძმაც მზიას სიყვარულის გამო გაიმეტა მოსაკლავად.

ხალხი შურისძიების წყურვილით არის აღსავსე, მინდიას კი არ ძალუძს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. ბუნება უკრძალავს თავის რჩეულ მინდიას ადამიანის კვლას. ძმის სიკვდილი დიდი დანაკლისია მინდიასთვის, მაგრამ სოფლის ძველ ადათს მეტად აღარ სცემს პატივს. მისი აზრით, ამდენი სისხლის აღებამ სამშობლოს უამრავი ვაჟკაცი გამოაცალა ხელიდან. სოფლელები კი ფიქრობენ, რომ მინდია გალაჩრებულა. უეცრად ხალხში შიკრიკი შემოიჭრება და თანასოფლელებს ყოველი მხრიდან მტრის შემოსევის ამბავს ამცნობს. მთიელები იარაღს ისხამენ და მტრის დასახვედრად ემზადებიან. სათავეში მათ მინდია ჩაუდგება.

 

ბრძოლის ველთან ახლოს ბნელ ღამეს მინდიას მზია მიაკითხავს. ჩალხიას ბრაზი ახრჩობს, რადგან მინდია, რომელიც ომში გმირობის მაგალითს იძლევა, ძმის მკვლელთან ორთაბრძოლაზე უარს აცხადებს. ჩალხიას აკვირვებს მინდიას საქციელი. 

გამარჯვებული მთიელები შინ ბრუნდებიან. ხევისბერი სასიკვდილოდ არის დაჭრილი. მისი უკანასკნელი თხოვნა შვილისკენ არის მიმართული, რომელმაც არ უნდა უღალატოს სისხლის აღების ძველ ადათს.

 

თანასოფლელები და მზიაც მოითხოვენ მინდიასგან ადათის აღსრულებას. ჩალხიაც ძლიერ ესწრაფვის ორთაბრძოლას და ხმალს იშიშვლებს. მინდია იძულებულია თავი დაიცვას. ორთაბრძოლის დროს მინდია სასიკვდილოდ დაჭრის  ჩალხიას. მომაკვდავ ჩალხიას საზარელი ბრალდება აღმოხდება, იგი აღიარებს, რომ მკვლელია, მაგრამ მკვლელს უწოდებს მინდიასაც. შეძრწუნებული მინდია იქაურობას გაეცლება.

მინდიას აღარ უღირს ამ ქვეყნად ცხოვრება... და მაინც, ბუნება მიუტევებს თავის საყვარელ შვილს ცოდვას და დაუბრუნებს ჯადოსნურ ნიჭს.

 

პ.ს. თანდართულ youtube.com–ს ბმულზე შეგიძლიათ მოუსმინოთ ოპერა "მინდიადან" ჩალხიას არიას, ლეგენდარული რევაზ კაკაბაძის შესრულებით 


თეგები :