"არანაირი გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე - საქართველოს პოლიტპატიმრები და ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესების ფასი"
"ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს მათ, ვინც ფუნდამენტური თავისუფლებების რეალიზების გამოა დაკავებული ან დაპატიმრებული.
ბოლო თვეებში საქართველოს ოფიციალურმა პირებმა გამოხატეს მზაობა ტრამპის ადმინისტრაციასთან კავშირების გაუმჯობესების თაობაზე. მმართველი პარტიის, ქართული ოცნების წევრები მიუთითებენ განახლებულ დიპლომატიურ კონტაქტებსა და კომერციულ ინიციატივებზე - მათ შორის, თბილისში 70-სართულიანი „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის გეგმებზე, როგორც ნიშანზე იმისა, რომ მრავალწლიანი დაძაბულობის შემდეგ ვაშინგტონთან ურთიერთობები შესაძლოა უმჯობესდებოდეს.
თუმცა, იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნება ცდილობს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების აღდგენას, მათ გააფართოვეს კავშირები ჩინეთთან; გააღრმავეს თანამშრომლობა ირანის რეჟიმთან, რაც გამოიხატა საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების დასწრებით ირანის სახელმწიფო ცერემონიებზე, და ფიგურირებდნენ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის სქემებში; ასევე, მათ მიმართ იზრდება ყურადღება რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში საქართველოს მთავრობის როლის გამო.
შიდა პოლიტიკაში ქართულმა ოცნებამ დაიწყო ფართომასშტაბიანი რეპრესიები განსხვავებული აზრის მქონეთა წინააღმდეგ, რაც განპირობებული იყო რეპრესიული კანონების მიღებითა და 2024 წლის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ - ნაბიჯით, რომელმაც უგულებელყო მოქალაქეების აბსოლუტური მხარდაჭერა ევროინტეგრაციისა და დემოკრატიულ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირების მიმართ. ქართული ოცნება ასევე ცდილობს ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოაჩინოს არა როგორც საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტი, არამედ როგორც არასტაბილურობისა და კონფლიქტის წყარო.
დაპატიმრებულნი არიან ჟურნალისტები, პოლიტიკური ოპონენტები, სტუდენტები, ხელოვანები და რიგითი მოქალაქეები, ხოლო ხელისუფლებამ მიიღო კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები, რომელიც წინ უძღოდა ევროკავშირის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, ხასიათდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვითა და დაშინებით. Freedom House-ის ანგარიშში „თავისუფლება მსოფლიოში“ საქართველო შეფასებულია როგორც „ნაწილობრივ თავისუფალი“; ქვეყნის რეიტინგი 2026 წლის გამოცემაში 51 ქულამდე დაეცა და მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში 7 ქულა დაკარგა.
შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რომ არ დაუშვას საქართველოს შემდგომი დრეიფი აშშ-ის მოწინააღმდეგეებისკენ. ვაშინგტონს უნდა სურდეს საქართველოს შენარჩუნება დემოკრატიულ, ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში, რადგან საქართველოს ტრაექტორია განსაზღვრავს გავლენის ბალანსს დემოკრატიულ და ავტორიტარულ ძალებს შორის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობების ნორმალიზება „ქართული ოცნების“ პირობებით უნდა მოახდინოს. ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი და მკაფიო ტესტი იმისა, არის თუ არა „ქართული ოცნება“ რეალურად მზად ისეთი შეთანხმებებისთვის, რომლებიც გააუმჯობესებს ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან...
ეს შემთხვევები ასახავს ზოგად ტენდენციას, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სასამართლო და პროკურატურა, სულ უფრო მეტად გამოიყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად და საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციის დასასუსტებლად. დამოუკიდებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დოკუმენტურად დააფიქსირეს სისტემური სასამართლო მიკერძოებულობა, წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენება და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რომელიც დაკავშირებულია მშვიდობიან საპროტესტო აქტივობებთან. რამდენიმე წელიწადში პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა" - წერია Freedom House-ის სტატიაში: არანაირი გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე - საქართველოს პოლიტპატიმრები და ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესების ფასი.