აშშ ერაყს საბოლოოდ ტოვებს აშშ ერაყს საბოლოოდ ტოვებს />


  12:32:49     22-10-2011

აშშ ერაყს საბოლოოდ ტოვებს

a11530.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოფიციალურად განცხადა, რომ ამერიკული სამხედრო ძალები მთლიანად დატოვებენ ერაყს. „ამით დასრულდება თითქმის ათი წლის განმავლობაში, აშშ-ის მიერ ერაყში წარმოებული ომი“ - აღნიშნა თეთრი სახლის მეთაურმა. ობამას თქმითვე, ამის შემდეგ, ამერიკული ჯარის ავღანეთიდან გამოყვანის პირველი ეტაპიც დაიწყება. პრეზიდენტი საკუთარ მოქალაქეებს დაპირდა, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე, ანუ საშობაო დღესასწაულამდე, ყველა ამერიკელი ჯარისკაცი საკუთარ სახლში იქნება.  

თეთრი სახლის პირველმა პირმა ისიც აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე ერაყის დახმარებას განაგრძობს. ორ ქვეყანას შორის კი, პარტნიორობის ახალი ფაზა დაიწყება. თუმცა, გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ერაყმა, ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა, რომლის მიხედვითაც ერაყში რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე უნდა დარჩენილიყო. მათ ადგილობრივ ძალებთან ერთად, სწავლებებში და სპეცოპერაციებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ამ დროისათვის, ერაყში ამერიკელთა რაოდენობა დაახლოებით 40 ათასი ჯარისკაცია.

ამ ეტაპზე, შეთანხმება მხოლოდ იმასთან დაკავშირებით არის მიღწეული, რომ 2012 წელს, ერაყში დაახლოებით 150 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დარჩება. ისინი ბაღდადში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობას დაიცავენ და პასუხს დიპლომატების, მათი ოჯახის წევრების და საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოებაზე აგებენ... შეთანხმება, ამერიკული ჯარების ერაყიდან გამოყვანის შესახებ, 2008 წლის დეკემბერში შედგა. „ბი-ბი-სი“-ის ინფორმაციით, იმ დროისათვის, ერაყში ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობა 165 ათასს აღწევდა.  

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჯარები ერაყში 2003 წელს შეიყვანა. მაშინ დიქტატორ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა მოხერხდა. ოფიციალური მონაცემებით, მთელი ერაყის ომის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დაიღუპა 4 ათას სამხედრო მოსამსახურეზე მეტი და დაახლოებით ათასამდე სამოქალაქო სპეციალისტი. რაც შეეხება ომის მთლიან დანაკარგებს, ამერიკული მედია სხვადასხვა ციფრს ასახელებს და ის 100-დან 300 ათას ადამიანამდე მერყეობს. ერაყში ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც დაიღუპნენ, რომელნიც კოალიციის შემადგენლობაში მონაწილეობდნენ სამშვიდობო ოპერაციაში.

მთლიანად, ამ ოპერაციაში მონაწილეობა, სხვადასხვა დროს, 49 ქვეყანამ მიიღო. მათ შორის, ყველაზე დიდი კონტიგენტი ჰყავდა დიდ ბრიტანეთს (45 ათასი სამხედრო მოსამსახურე), იტალიას (დაახლოებით, 3,2 ათასი), პოლონეთს (2,5 ათასი), საქართველოს (დაახლოებით 2 ათასი) და ავსტრალიას (ასევე, დაახლოებით 2 ათასი).. 2009 წლის აგვისტოდან, ერაყის ტერიტორიაზე მხოლოდ ამერიკული სამხედრო შენაერთები დარჩა.     

0

ავტორი: