ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების დღისადმი ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების დღისადმი />


  15:06:33     21-10-2011

ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების დღისადმი

a11513.jpg

1845 წლის ოქტომბერში, განჯაში გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი. ჯერ 28 წლისაც არ იყო.

განჯაში სამსახურად გამწესებულ პოეტს ციება შეეყარა...

... დიდი მომავალი შეიძლება ჰქონოდა, მხოლოდ ვინმე სჭირდებოდა, რომელიც დაეხმარებოდა, გამოიყვანდა კლდე-ღრიდან და ფართო გზაზე დააყენებდა... ასეთი კი არავინ აღმოჩნდა... და საქართველომ დაკარგა უნიჭიერესი ადამიანი, ბრწყინვალე პოეტი...

დაკრძალეს პატარა რუსული, მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოში. ახდა მისი წინასწარმეტყველება: „ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის“...

პოეტის საფლავზე ამოსულა კვიპაროსი, რომელიც მუდამ ჰყვაოდა, თურმე.

ალექსანდრე ორბელიანმა თქვა: „სად არის საქართველოს იადონი?..  უზადო პოეტო, ყმაწვილო კაცო, ნიკოლოზ ბარათაშვილო! რომელმა მსჯელობამ წაიღო ეგ შენი სხივ-მოსხმული ნათელი სული პოეტობისა?.. გენიის ღმერთი შენს ძილსა უალერსებს!.. ახ, უდროვო იყო ესე ძილი! ობლობისა ცრემლსა იხოცს შენს საფლავზედ საქართველო“...

გავიდა წლები, ილია ჭავჭავაძეს და სხვა მამულიშვილებს და რა გამოეპარებოდათ, ხელიდან როგორ გაუშვებდნენ გენიალური პოეტის შემოქმედების დაბრუნების შესაძლებლობას საქართველოსთვის... 1860-იან წლებში ილია გასცნობია ბარათაშვილის შემოქმედებას. სხვა მამულიშვილებსაც ესმოდათ მისი პოეზიის მნიშვნელობა. დაიწყეს ნიკოლოზ ბარათაშვილის შედევრების გამოქვეყნება. ფართო საზოგადოება გაეცნო მის შემოქმედებას...

1892 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა დიდი პოეტის ნეშტი გადმოესვენებინათ სამშობლოში. 1893 წლის 23 აპრილს მისი საფლავიდან ძვირფასი ნეშტი ამოიღეს და სამშობლოსაკენ წამოაბრძანეს. სადგურამდე ხელით უტარებიათ, 4 ვერსის მანძილზე (ვერსი - 800 მეტრი). 25 აპრილს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი თბილისში ჩამოასვენეს. ვაგზალზე ძვირფას ნაწილებს ათასობით მამულიშვილი დახვდა. „დედებს მოეყვანათ თავიანთი პატარა შვილები, აჩოქებდნენ კუბოს წინ და თაყვანს სცემდნენ კუბოს, როგორც წმინდანის ნეშტს“. დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.  

1938 წლის 19 ოქტომბერს, დიდი მგოსნის ნეშტი დუდუბის პანთეონიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ გავიხსენოთ მისი სამი ლექსი: „ჩჩვილი“, „საყურე“ და „ჩონგურს“.

„ჩჩვილი“ პირველად დაიბეჭდა 1858 წელს „ცისკარში“, # 2. ეს ლექსი, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც შექმნილა ქართულ პოეზიაში ჩვილების მისამართით. რაოდენი სიყვარულითაა გამთბარი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი. როგორ ეტყობა, რომ კეთილშობილი და ფაქიზი სულის ადამიანი იყო ჩვენი სახელოვანი პოეტი.

ამ ლექსში კარგად ჩანს პოეტის დამოკიდებულება ქრისტიანობისადმი. მარკოზის სახარების მიხედვით (მარკოზი, 10, 13-14) იესოს სანახავად მივიდნენ ბავშვები. იესოს მოწაფეებმა შეაჩერეს ისინი, არ მიუშვეს იესოსთან, ალბათ, იფიქრეს არ შეაწუხონო.

“და მოჰგვრიდეს მას ყრმებსა, რაჲთა ჴელი დასდვას მათ; ხოლო მოწაფენი აყენებდეს მათ, რომელნი-იგი მოგჰვრიდეს.

ვითარც იხილა იესუ, შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ“.

ნიკოლოზ ბარათაშვილისათვის ბავშვის ენა სასუფევლის ენაა, ის ანგელოზია..

„საყურე“ მიძღვნილია ეკეტერინე ჭავჭავაძისადმი, იონა მეუნარგია წერდა: „ნ. ბარათაშვილი იყო თურმე მიწვეული საგინაშვილის სიდედრთან საღამოზე და იქიდან შემოვარდა ყაფლან ორბელიანთან, სადაც დაუხვდა იმას ლევან მელიქიშვილი“. ლევან მელიქიშვილს ნიკოლოზ ბარათაშვილმა უთხრა: „ლევან, ლევან! გავგიჟდი, მეტი აღარ ვარ! ეკატერინა იქ არის და მისმა საყურის თამაშმა გადამრია. ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესს“. ეს მომხდარა 1839 წელს, ამ, დროისათვის ეკეტერინე ჭავჭავაძე უკვე დანიშნული ან გათხოვილი უნდა ყოფილიყო. იმ საღამოს დაწერილა „საყურე“.

ეს ლექსი, ვფიქრობ, მართლაც ერთ-ერთი შედევრია არა მარტო ნიკოლოზ ბარათაშვილის, არამედ, ზოგადად ქართული პოეზიისა. „საყურე“ პირველად დაიბეჭდა 1860 წელს ჟურნალ „ცისკარში“ (# 10).

„ჩონგურს“ დაიწერა 1837 წელს; პირველად გამოქვეყნდა 1861 წელს ჟურნალ „ცისკარში“, # 3. პოეტის პესიმიზმი კარგად არის გადმოცემული ამ ლექსში, სადაც ჩონგური პოეზიის, კონკრეტულად ავტორის პოეზიის სიმბოლოს უნდა წარმოადგენდეს.

 

ჩჩვილი

მიყვარს, მიყვარს, მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის, 
მიყვარს სმენა უცნაურისა მის ხმის, 
ოდეს იგი ენითა სასუფევლის 
უალერსებს წიაღთა თავის მშობლის! 

მის სოფელი უზრუნველობით შენობს; 
გარდა დედის ალერსისას არრას გრძნობს; 
ნებივრობით და ღიმილით სულდგმულობს; 
ყოველსავე შეუპოვრად მჭვრეტელობს. 

არა ფიქრობს იგი თავისს ცხოვრებას, 
არ განიცდის იგი საწუთროს ვნებას; 
იგი თავის სანუკველითა შობით 
ამუნათებს თვისთა მშობელთ პირიქით. 

იტიკტიკე ენითა უსუსურის, 
იტიკტიკე, ვიდრე ჟამი დაგხარის, 
ვიდრემდის ხარ, ყრმაო, თავისუფალი, 
არ გიცვნია სოფელი მომღერალი! 

1839 წ.

 

საყურე

ვითა პეპელა 
არხევს ნელნელა 
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს, 
ასე საყურე, 
უცხო საყურე, 
ეთამაშება თავისსა აჩრდილს. 

ნეტავი იმას, 
ვინც თავისს სუნთქვას 
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს! 
შენის შერხევით, 
სიო-მობერვით 
გულისა სიცხეს განიგრილებდეს! 

ჰოჲ, საყურეო, 
გრძნებით ამრევო, 
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს? 
მუნ უკვდავების 
შარბათი ვინ სვის? 
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს? 

1839 წ.

 

ჩონგურს

შენნი მოთქმანი, კაეშნის ხმანი, 
ხანცა ოხვრანი, ხანც ამოსკვნანი, 
წარსრულთა დროთა მოგონებითა სულს აფიქრებენ! 

ჰოი, ჩონგურო, ნეტავი ოდეს 
ხმა მხიარული შენგან მსმენოდეს, 
რომ უკუმყროდეს მე სევდიანსა გულისა სენი! 

მაგრამ სად ვნახო შენი ღიმილი, 
სიხარულითა გამოჩენილი? 
მე შენგან მესმის მოკლულის გულის ოდენ ჩივილი! 

1837 წ.

0

ავტორი: