15:02:15     21-10-2011
დიდი ენათმეცნიერი გიორგი წერეთელი
1904 წლის 8 (ახალი სტილით 21) ოქტომბერს, დაიბადა გიორგი ვასილის ძე წერეთელი - ქართველი ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პოლონეთის ორიენტალისტთა საზოგადოების საპატიო წევრი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების საპატიო წევრი.
მისი ასეთი დაფასება შემთხვევითი არ არის. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ენეთმეცნიერების საქმეში.
გიორგი წერეთლის მამა იყო ცნობილი ექიმი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ვასილ წერეთელი (1862-1937). მათი ოჯახის ეკუთვნოდა მოძღვრიშვილ-წერეთლების შტოს. ისინი იმერეთის მეფის, დავით II-ს შთამომავლები გახლდნენ, რომელიც იმერეთის ტახტზე იჯდა 1784-1789 წლებში და მცირე ხნით 1790 წელს.
გიორგი წერეთელი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილებაზე. დაამთავრა 1927 წელს. შემდეგ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტად ჩაირიცხა, ლენინგრადში. სადაც შეისწავლიდა ორიენტალისტიკას. ასპირანტურის დამთავრებისთანავე მიიწვიეს ლენინგრადის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის არაბული ენის დოცენტად.
1933 წელს დაბრინდა სამშობლოში და დაიწყო კადრების მომზადება სემიოტოლოგიის სხვადასხვა სფეროში. 1933-1936 წლებში იყო ახლო აღმოსავლეთის ენათა განყოფილების ხელმძღვანელი, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში.
1941 წელს არმაზში არქეოლოგებმა იპოვეს ქვა ორენოვანი წარწერით, რომელიც გაშიფრა გიორგი წერეთელმა (სერაფიტას საფლავის წარწერა). 1942, წელს მას დისერტაციის დაუცველად მიანიჭეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის წოდებო მონოგრაფიისათვის „არმაზის ბილინგვა“. 1942 წელსვე მიიღო პროფესორის წოდება.
გიორგი წერეთლის ინიციატივით დაარსდა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის კათედრა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (1960 წელს). აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი მისი სახელობისაა. 1944 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებეთა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, 1946 წელს კი ნამდვილი წევრი. იმავე წელს აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებას, 1967-1970 წლებში იყო ვიცე-პრეზიდენტი აკადემიისა, მერე პრეზიდიუმის წევრი გარდაცვალებამდე.
სემიტოლოგიაში უმნიშვნელოვანესია მისი მოღვაწეობა, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდა არამეული დამწერლობის ახალი „არმაზული არამეულის“ სახეობა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი მონოგრაფია „უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან“, ასევე „მცხეთური ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა“, „საქართველოს მუზეუმის ურარტული ძეგლები“. თეორიული ლინგვისტიკის სფეროში „ენობრივი ნათესაობისა და ენათა კავშირის შესახებ“...
გიორგი წერეთელს დიდი დამსახურება მიუძღვის „ვეფზისტყაოსნი“ ტექსტის დადგენის საქმეში. აღსანიშნავია მისი ნაშრომი „მეტრი და რითმა „ვეფხისტყაოსანში“.
გიორგი წერეთელი იყო დიდი მოწინააღმდეგე საქართველოს გასაბჭოებისა. 1921-1924 წლებში გახლდათ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე. 1919 წლიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. მონაწილეობდა 1914 წლის აჯანყებაში. იყო დაპატიმრებული. მეორედ დაიჭირეს 1936 წელს. 1938 წლამდე ციხეში იჯდა.
დიდი ენათმეცნიერი გარდაიცვალა 1973 წლის 9 სექტემბერს. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, სხვა დიდ მამულიშვილებთან ერთად.
0