10:48:04     21-10-2011
პაელია ზღვის პროდუქტებით
მასალა:
ბრინჯი - 1 ჭიქა
კრევეტი - 150 გრ
კალმარი - 150 გრ (ან რვაფეხა, ან მელანთევზი (კარაკატიცა))
მიდია - 200 გრ
ბულიონი - 2 ჭიქა (შესაძლებელია ბულიონი ს მაგივრად წყლის გამოყენება)
პომიდორი - 2 ცალი (საშუალო ზომის)
ბარდა - 100 გრ.
ბულგარული წიწაკა - ნახევარი (წითელი)
ხახვი - 2 თავი (საშუალო ზომის)
ნიორი - 1-2 კბილი
მარილი - გემოვნებით
სურნელოვანი შავი პილპილი - გემოვნებით (დაუფქვავი)
დაფქული შავი პილპილი - გემოვნებით
ზაფრანა - გემოვნებით (ან ყვითელი კოჭა)
დაფნის ფოთოლი - 1 ცალი
მიხაკი - გემოვნებით
სქელკედლიან დიდ ტაფაზე დავასხათ ზეთი (ისე, რომ მთელი ძირი დაფაროს) და დავდგათ დაბალ ალზე. სანამ ზეთი ცხელდება წვრილად დავჭრათ ხახვი და ნიორი. ასევე უმჯობესია წინასწარ დავჭრათ ბულგარული წიწაკა და პომიდორი. ჩავყაროთ გაცხელებულ ზეთში ხახვი და ნიორი და შევწვათ 2–3 წუთის განმავლობაში (უმჯობესია გადმოვიღოთ როცა ოდნავ გაოქროსფერდება. თუ დავაგვიანებთ მაშინ საბოლოოდ კერძი ყავისფერი გამოგვივა) როგორც კი ხახვი გაოქროსფერდება დავუმატოთ ბულგარული წიწაკა და პომიდორი. დავუმატოთ ბარდა, ალი ოდნავ მოვუმატოთ და ნარევი მოვთუშოთ 5 წუთის განმავლობაში. პარალელურად ერთ ქვაბ წყალში ჩავყაროთ მარილი, სურნელოვანი შავი პილპილი (დაუფქვავი), მიხაკი, დაფნის ფოთოთოლი. დავდგათ ასადუღებლად. გავრეცხოთ ბრინჯი. დავუმატოთ ტაფაზე დადებულ ნარევს, კარგად ავურიოთ, დავასხათ ბულიონი (ან წყალი), დავუმატოთ მარილი გემოვნებით, დავუმატოთ ზაფრანა (ან ყვითელი კოჭა) და მოვთუშოთ ნელ ცეცხლზე. სანამ ითუშება მივუბრუნდეთ ასადუღებლად დადგმულ წყალს. თუ ის უკვე კარგად დუღს ჩავყაროთ კალმარები ან რვაფეხები ან მელანთევზები (ან ყველა ერთად). როცა კვლავ წამოდუღდება დავიჭიროთ ქაფქირით და ამოვალაგოთ თეფშზე, იგივე წყალში ჩავყაროთ მიდიები, წამოდუღდება - ამოვალაგოთ თეფშზე, სულ ბოლოს ჩავყაროთ კრევეტები, ადუღდება - ამოვალაგოთ (თუ გასასუფთავებელი გავასუფთავოთ). თუ გვინდა, უფრო სწრაფად ამ პროცედურის გავლა, მაშინ, შეიძლება ზღვის პროდუქტების კოქტეილის გამოყენება (მაგრამ ამ შემთხვევაში ნაკლებად გემრიელი გამოვა).
ამ მომენტისთვის ბრინჯი უკვე მზად უნდა იყოს (უნდა ჰქონდეს შეწოვილი მთელი სითხე). ტაფაზე დავამატოთ ზღვის პროდუქტები, ავურიოთ, დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ცეცხლზე 1-2 წუთი. შემდეგ ცეცხლიდან გადმოვიღოთ და 5-10 წუთი დავტოვოთ დახურულ ტაფაში. ეს კერძი შეიძლება ცივიც მივირთვათ, მაგრამ ცხელი უფრო გემრიელია.
0