ერაყში თურქეთის სამხედრო ოპერაცია გრძელდება ერაყში თურქეთის სამხედრო ოპერაცია გრძელდება />


  09:06:35     21-10-2011

ერაყში თურქეთის სამხედრო ოპერაცია გრძელდება

a11495.jpg

თურქეთის არმია, ჩრდილოეთ ერაყის ხუთ რაიონში, მსხვილმასშტაბიან ოპერაციას ატარებს. მასში მონაწილეობას 22 ბატალიონი იღებს. საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, თუმცა საღამოს და წუხელ თურქული სამხედრო ძალების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ოპერაციაში აქტიურად იღებს მონაწილეობას თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაცია და არტილერია, რომელთაც სეპარატისტთა ბაზებს მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებულია რამდენიმე ათეული მებრძოლი და მათი დისლოკაციის პუნქტები.

ამ დროისათვის, თურქი სამხედროები მთიან რეგიონებს უტევენ. ეს ის ადგილებია, რომელსაც ქურთი მებრძოლები თავშესაფრებად იყენებენ. ქურთებს აქვე აქვთ განთავსებული დიდი რაოდენობით იარაღის საწყობები და მოსამზადებელი ბაზები. ამ ბაზებზე გაწვრთნილი მეომრები, შემდეგ, თავდასხმებს თურქეთის ტერიტორიაზე ახორციელებენ.    

ასეთი მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, ამ ტერიტორიაზე, უკანასკნელ წლებში აღარ ყოფილა. დღეს კი, თურქეთში ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ადმინისტრაციის პრემიერ-მინისგტრი, ნეჩირვან ბარზანი ჩადის, რომელიც თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოგანთან ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საკითხებს განიხილავს.

ცნობილია, რომ ბარზანი ჩრდილოეთ ერაყში, თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის ჩატარების წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ ამით ტერორიზმის წინააღმდეგ კონკრეტული შედეგების მიღწევა ვერ მოხერხდება. მან ორივე მხარეს მოუწოდა, დაყარონ იარაღი და დაიწყონ მოლაპარაკებები. ბარზანი უკმაყოფილებას იმის გამოც გამოთქვამს, რომ ამ ავიდარტმების შედეგად, რასაც თურქული მხარე ახორციელებს, მშვიდობიანი მოქალაქეებიც იღუპებიან.   

თურქეთის მიერ წარმოებული ოპერაციით უკმაყოფილო ერაყის ცენტრალური ხელისუფლებაცაა, რომელსაც, მათი ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ, ოფიციალურმა ანკარამ, ფაქტობრივად, არაფერი ჰკითხა. მეტიც, უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მსგავსი ოპერაციის ჩატარებას ერაყში ქურთების წინააღმდეგ, ირანიც გეგმავდა.

რაც შეეხება ქურთისტანის მუშათა პარტიას, როგორც ცნობილია, ის რადიკალური ორგანიზაციაა, რომელიც დამოუკიდებელი ქურთისტანის თურქეთის, ერაყის, ირანის და სირიის ტერიტორიებზე შექმნისათვის იბრძვის. ეთნიკური ქურთების რაოდენობა მთელ მსოფლიოში დაახლოებით 40 მილიონს შეადგენს.  

0

ავტორი: