მომავლის სამხედრო ხომალდი მომავლის სამხედრო ხომალდი />


  12:31:12     20-10-2011

მომავლის სამხედრო ხომალდი

a11468.jpg

რთულია წინასწარ იმის ზუსტად განსაზღვრა, როგორი ტიპის ომები იქნება მომავალში, მაგრამ ერთის თქმა დანამდვილებით შეიძლება-ბრძოლები მეტწილად რობოტების მონაწილეობით წარიმართება, რომლებიც სამხედრო ამოცანებს უკვე დღეს ასრულებენ. ამის დასტურია უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებზეც ამერიკელებმა წელს 3,76 მლრდ დოლარი დახარჯეს და სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში წარმატებით იყენებენ. ახლახან ბრიტანულმა სამხედრო-სამრეწველო კომპანია BAE Systems-მა სწრაფმავალი, სპეციალური კონსტრუქციის ხომალდზე (UXV Combatant) დაიწყო მუშაობა, რომელიც სწორედ საბრძოლო რობოტებისთვის, უპილოტო საფრენი და წყალქვეშა აპარატებისათვის იქნება განკუთვნილი. ამასთან ის ერთდროულად შეითავსებს როგორც ავიამზიდის, ასევე წყალქვეშა

ნავების საწინააღმდეგო, სატვირთო-სადესანტო და საბრძოლო გემის ფუნქციებს. პროექტის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.  UXV-ს კონსტრუქცია და დიზაინი კომპანია BAE Systems-ის უახლესი საბრძოლო ხომალდის 45 Daring-ისა ექნება. გემის სიგრძე 150 მეტრი იქნება და დიზელ-ენერგეტიკული ძალისმიერი აგრეგატითა და ელექტროტურბინით აღიჭურვება. “პროექტ 45″-ის მსგავსად, UXV-ის მაქსიმალური სიჩქარეც 27 კვანძს გადააჭარბებს. წინამორბედისაგან განსხვავებით კი, რომლის ეკიპაჟი ასეულობით მეზღვაურით განისაზღვრება, მასზე სულ 60 მეზღვაური განთავსდება. UXV-ს ორი 164 ფუტი სიგრძის გემბანი ექნება, რომლებიც ერთად V-ს ფორმას წარმოადგენენ.

მისი ასაფრენი ბილიკიდან, უპილოტო საფრენი აპარატები ცაში ელექტრომაგნიტური კატაპულტის მეშვეობით აფრინდებიან, მათ აფრენას, მართვასა და დაშვებას კი ლოკატორები, ინფრაწითელი და რადიოსიხშირის სენსორები უზრუნველყოფენ. მომავლის ხომალდი წყალქვეშა ნავებთან  ბრძოლის ფუნქციასაც შეითავსებს და უპილოტო წყალქვეშა აპარატებით, მაღალტექნოლოგიური ჰიდროლოკატორებითა და ტორპედოებით, ასევე წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო შვეულმფრენებით (Super Lynx) აღიჭურვება. საჭიროების შემთხვევაში გემს დესანტის გადასხმა და სახმელეთო ჯარების უზრუნველყოფაც შეეძლება, რომლებსაც ნაპირიდან საცეცხლე მხარდაჭერის შვეულმფრენებითა და ჯავშანმანქანებით მოამარაგებს. თითქმის ყოვლისშემძლე UXV-ს საკმაო საშუალებები თავდასაცავადაც ექნება. მასზე “გემი-გემისა” და მართვადი რაკეტების გამშვები დანადგარები დამონტაჟდება. ხომალდი მოწინააღმდეგის მცურავ საშუალებებთან და სანაპირო მიზნებთან გამკლავებისთვის 6-დუიმიანი ჭურვის მსროლელ ქვემეხს გამოიყენებს.

წყარო: armada.ge

0

ავტორი: