07:56:18     20-10-2011
აზერბაიჯანის შემდეგი პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა იქნება?

საქართველოს უახლოესი მეზობელი ქვეყნის პირველი პირი, შესაძლოა, ქალი გახდეს. უკანასკნელ ხანს, უცხოური მედიის ნაწილი, აზერბაიჯანულ და სომხურ პრესაზე დაყრდობით წერს: აზერბაიჯანის ინტელიგენციის წრეებში, აქტიურად განიხილება შემდეგ არჩევნებზე ილჰამ ალიევის მეუღლის, მეჰრიბან ალიევას პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების საკითხი...
აზერბაიჯანის პირველი ლედი, რომელიც მილი მეჯლისის დეპუტატია, ხშირად აკეთებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ განცხადებებს... მეჰრიბანი დეპუტატობის გარდა, არის აზერბაიჯანულ-ფრანგული საპარლამენტთაშორისო კავშირების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჰეიდარ ალიევის და აზერბაიჯანული კულტურის მეგობართა ფონდების პრეზიდენტი, გაეროს, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კეთილი ნების ელჩი.
ზოგადად კი, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული ტურნეს დროს, მეჰრიბან ალიევამ, საფრანგეთსა და გერმანიაში, ოფიციალური შეხვედრებიც გამართა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ ხმებს სერიოზული საფუძველი გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ბაქოში ვიზიტისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, აზერბაიჯანის პირველი ლედი „საპატიო ლეგიონის“ ორდენით დააჯილდოვა. ცნობილია, რომ ამ ორდენს, როგორც წესი, დემოკრატიზაციის გაძლიერებისათვის აძლევენ. ალიევი კი, ამ კუთხით, დასავლეთში არც ისე სახარბიელო იმიჯით სარგებლობს. ამიტომ მის ნაცვლად ორდენის მეუღლისათვის გადაცემას, ექსპერტები გარკვეულ მნიშვნელოვან მინიშნებად თვლიან...
აზერბაიჯანში, პრეზიდენტის პოსტისათვის ბრძოლა სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ, როგორც ადგილობრივი მედია წერს, ილჰამ ალიევი ისეთ აქტიურობას აღარ იჩენს პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებისათვის. მაგალითად, მცირე ხნის წინ, ტელეკომპანია „ალ ჯაზირასათვის“ მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, აპირებს თუ არა შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ალიევმა უპასუხა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. გაზეთ „აზადლიგის“ ანალიტიკოსების განცხადებით, ასეთ სიტუაციაში სულ უფრო რეალური ხდება მეჰრიბან ალიევასათვის ძალაუფლების გადაცემის შესაძლებლობა.
თუმცა, ვარაუდები იმის შესახებ, რომ 2013 წელს ქვეყნის პირველი პირი, შესაძლოა, ილჰამ ალიევის მეუღლე გამხდარიყო, ჯერ კიდევ 2008 წელს გამოითქვა. თავად მეჰრიბან ალიევა ირწმუნება, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ოჯახზე ზრუნვაა... აზერბაიჯანის დღევანდელი პირველი ლედი, ილჰამ ალიევს ცოლად 1983 წელს გაჰყვა. მათ ორი ქალიშვილი, ლეილა და არზუ და ვაჟი ჰეიდარი ჰყავთ. მეჰრიბანი უკვე ტყუპი ვაჟის ბებიაცაა. ის ქვეყანაში ძალიან პოპულარულია და არა მხოლოდ... მეჰრიბან ალიევა ხშირად მოხვედრილა დასავლური წამყვანი ჟურნალების გარეკანზე თუ გაზეთების პირველ გვერდებზე... გამოკითხვების მიხედვით, ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალადაც აღიარეს...
0