13:19:54     19-10-2011
სულხან-საბა ორბელიანის ტანჯვა-წამებანი აღარ დასრულდა...
დიდ ქართველ მწერალს, პოლიტიკურ მოღვაწეს, მეცნიერს, დიპლომატს სულხან-საბა ორბელიანს მშობლიურ მიწაში დაკრძალვა არ ეღირსა. ის დესპანობისას გარდაიცვალა, რუსეთში. ქართველებმა ვიცოდით, რომ მისი საფლავი იყო ვსესვიატსკოეში, მოსკოვში. ვსესვიატსკოეს ტაძრის სასაფლაო არა ერთზის განადგურებულა და საფლავის ქვები არა ერთხელ გადაუტანიათ სხვადასხვა ადგილას, ბევრი კი დაიმტვრა (თუ დაამტვრიეს), ჯერ კიდევ XIX საუკუნეში.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ ვსესვიატსკოეში კიდევ მოხდა ვანდალიზმი და განსასვენებლები კიდევ ხელყვეს. ახლა, ალბათ, ვეღარავინ იპოვის ჩვენი დიდი მამულიშვილის ნეშტს.
სულხან-საბა ორბელიანი ძალიან დამსახურებული პიროვნება იყო ქვეყნის წინაშე. მაგრამ, მან უამრავი ტანჯვა გადაიტანა, როგორც ადამიანმა.
ის დიპლომატიურ დავალებას ასრულებდა, ვახტანგ VI-ის დავალებით გაემგზავრა ევროპაში პოლიტიკური დახმარების მისაღებად. ეახლა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს, მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა.
დღეს ელჩობა და დიპლომატობა პრესტიჟული და საპატიო თანამდებობაა, რომელიც კარგად ცხოვრების საშუალებასაც აძლევს ადამიანს. სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა კი, იმ არეულ და ველურ პერიოდში, უაღრესად რთული საქმე გახლდათ.
ჩვენმა დიდმა მწერალმა უამრავი განსაცდელი გამოიარა. უკვე ასაკიანს, უამრავი გაჭირვების, ძალმომრეობის, ძარცვისა და შეურაცხყოფის გადატანა მოუწია სანამ დაბრუნდებოდა სამშობლოში, თანაც გზაში გაცივდა... სამშობლოშიც ბევრი პრობლემა შეექმნა. დღეს, გავიხსენოთ, როგორი გაჭირვებით ბრუნდებოდა დიდი ქართველი კონსტანტინეპოლიდან საქართველოში. დანარჩენზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.
მოგზაურობა ევროპაში
(ნაწყვეტი)
„ჩვიდმეტი თთვე კონსტანტინეპოლეს დავყავ და მაისის ცამეტს წამოვედით. ფრანცისის დესპანმა საგძალი ხარჯი გაგვირიგა. და ერთი ჭანეთის ათინელი რეიზი იშოეს. ოთხასი მარჩილი მისცა:
- ესენი ქობულეთს გურიას გაიყვანეო და გურიელს მიაბარეო. და ამათი წიგნი მოგვიტანეო, მშვიდობით მისვლისა. - და ეს პირობა გამოართვა, რომ ოცის თავის მეხომალდის მეტი არავინ ჩასვას ჩვენს ხომალდშია.
წამოგვიყვანა. რა კონსტანტინეპოლის სრუტს გამოვედით, შავი ზღვის შემოსავალზე, მოიყვანა თათრები, ენგიჩრები, ენგიჩარ აღა და სულ ჩვენი ხომალდი ასე თათრით აავსო. მე ზეით ვერც კამარად, ვერც ადგილი ვიშოვე. დაბლა ხომალდის ფსკერში ჩემს პაქსიმადზე ვიჯდი და ვიწვი. მაშინვე შევიტყევ სიმუხთლე. მაგრამ რა მექნა. დაბრუნების ღონე აღარ იყო. და ტკბილის სიტყვით გვატყუებდა.
კარგი ქარები დაგვიდგა. მეათეს დღეს ათინას მის სახლებთან მოვედით. მითხრა:
- შინ გავალო, ორსაოდ დღეს მოვისვენებო, ამ თათრებს ხომალდიდამ ამოუშვებ, თავთავეთვის წავლენო და შენ მშვიდობით ქობულეთს მიგიყვანო.
რომ არ დამეჯერებინა, რა მექნა! გავედით. თათარი ამოიყვანა, სრულ გაუშვა. უკან ტრაპიზონის ფაშას შეატყობინა, წინ გონიის სანჯახსა, რომ:
- ამისთანა დიდი კაცი მოვაო. მრავალი საქონელი მოაქსო და ფრანგები მოჰყავსო. ელჩები არიანო. ესენი დაიჭირეთო.
მე თან სამი პატრი კაფუჩინი თბილისის ქალაქისათვის და ერთი პატრი იეზოვიტი შირვანისათვის მომდევდენ. და ერთი ზანდუკი ისპანის, პალიოზისა, ფრანცისის დესპანმა გამომატანა, ისპაანს გასაგზანი. და ბურსელი ვაჭარი, ხოჯა აივაზი ჩალაბი ერქვა, შვილიან თან მომდევდა, განჯას აბრეშუმის სასყიდლად.
ოთხი დღე იქ დაგვაყენა. მასუკან გვითხრა:
- მე გურიას ხომალდს ვეღარ წამოვიღებო, აფხაზი აშლილია, მეშინიანო და თუ გინდათ, პატარას ნავით წადითო, გინდა გურიას, გინდა ახალციხეზედაო.
რაღა მექნა. ერთს ნავში ხოჯა აივაზი და მისი ამხანაგები ჩასხდნენ. ერთში - ჩვენ და პატრები. წამოვედით. ზღვის პირ ცოტა ხანი ვლეთ. აგვიღელდა ზღვა და ორივ ნავი ერთმანეთს მოსხლიტა. იმათი ნავი ხოფას გააგდო და ჩვენი ნავი იმას ქვეით.
იქ მეტყვე თათრები იყვნენ, იმერეთიდამ ტყვეები მიჰყვანდათ კონსტანტინეპოლს დასასყიდლად. თუ ისინი იქ არ დაგვსწრებოდნენ, სრულ წავხდებოდით. მოგვეშველნენ. გავედით. ოთხი დღე იქ ვიდეგით. სრულ დღე და ღამე ძლიერ ღელვა იყო.
მოვიდნენ ჭანები. დაგვიჭირეს. მრავალი გვსარჯეს. ოცი მარჩილი წაგვართვეს. ზანდუკები დაგვიმტვრიეს. ტყვილად მებაჟობა იჩემეს და მრავალი გვაჭირვეს. მე ჩემი ზრუნვა არა რა მაქვნდა, მაგრამ სამთა მათ იტალიელთა მამათათვის ვიყავ დაღონებული, რამეთუ უცხონი იყვნეს და ენა არ იცოდნენ. და ხვანთქრისაგან ბრძანებულ იყო არა წამოსვლა შავთა მათ ზღვათა იტალიელთა და დასავლეთის კაცთა.
ოთხი დღე და ღამე მუნ ვიყავით. მეხუთე დღეს წამოვედით ნავებით. მოვედით ხოფას. იქ გონიის სანჯახი დაგვხვდა. ნავები წინ მოგვაგება. დაგვიჭირეს. წაგვიყვანეს. მიგვასხეს ერთს სახლში. აღარც აივაზა გვაჩვენეს. დაგვიჭირეს ჩვენ და პატრები და ერთს ადგილს დაგვაყენეს.
მაშინ ახალციხის ფაშის დისწული იქ მოსულიყო, ალიბეგ, ჩვენი მცნობი იყო. რა შეეტყო ჩემი სახელი, კაცები გამოეგზავნა. ჩვენი თავი და პატრები და ჩვენი საქონელი ყველა წაართვა და თავის სადგომს მიგვიყვანა დიდის პატივით. იმ ღამეს აივაზი ჩალაბი მოვიდა, მითხრა:
- ეს ალიბეგ ხვალ კონსტანტინეპოლეს მივაო. ხომალდი მზათა ჰქონდა. რა ეს წავა, უკან დაგვეწევიან და უარესს იქმონენ. ახლა ამან მოგვარჩინა. ცოტა რამ მივართვათო, მიზეზი არა დავიდვათ რაო.
მომეწონა და ოთხმოცი მარჩილი იმ გონიის ბეგს მივეცით. და დილაზე ალიბეგ ცხენები გვიქირავა. ერთი ფაშის კაცი თან გამოგვატანა და გამოგვისტუმრა.
აივაზა იქავ დარჩა. ჩვენ არტანუჯისაკენ წამოვედით. ის დღე ვიარეთ საღამო ბინდზედ ჩხალას მოვედით. იქ დავდეგით.
იმ გონიის ბეგს ალიბეგ წასული ენახა, ევლო ის ღამე. მეორეს დღეს დილაზე უკან მოგვეწია. მე მითხრა:
- შენ შენი ბარგი გადაარჩიეო, ეს ფრანგები მე მომეცო, ხვანთქარის ყადაღა არისო.
- მე შორს დაუჭირე: როგორ მივცემდი! დაგვიჭირეს ყველაყანი. ბარგი და კარავ-მოფენილობა სრულ აიკლეს. ჩვენ ენგიჩარებს მიგვცეს. ქვეითები გონიისაკენ გაგვგზავნეს.
მე მაცხელებდა. აგვატარეს ერთი უცხო პირაღმართი. სულს იქით გზა აღარ მქონდა: ბერი კაცი და სნეული და მაცხელებდა. სამოცი ფლური უბეში მედვა, ისიც წამართვეს.
ამაში აივაზა ჩალაბი მოსულიყო. ეშუღლა:
- ვის კლავ. ვინ გგონია, რას გიზმენ, არ იციო?!
მოვიდა ჩემთან. მაღალს წვერზე მთის თავზე დაგვაყენეს. ოთხასი მარჩილი უქადა ჩვენის გაშვებისათვის. თვითან ჩამობრუნდა ვეცხლის მოსატანად. იქ იმათ მძევლად პატრი ითხოეს. ისინი და ჩემი მოსამსახურენი გამოვგზავნე. მე მზევლად დავდეგ და ჩემთან კანდელაკის შვილიც დაიჭირეს.
წამოვიდა აივაზა. სანამ ამ მთას ჩამოივლიდა და თეთრს ამოიტანდა, დაბინდდა, წაგვიკრეს ხელები - თეთრი მოგვატყუეო, და ამ ღამეს გონიისაკენ გაგვგზავნეს. წვიმა და ნისლი. ღამე და ავი დაღმართი. ეშმაკისაგან თუ გაივლებოდა. რას ჭირით ჩავიარეთ, ენით არ ითქმის.
შუაღამისას ერთის კაცის სახლში შევედით და მაშვრალთ წაგვეძინა. ორი პალნიანი ცხენი გამოეგზავნათ, დაგვაღვიძეს. შეგვსხეს, წამოგვიყვანეს. ერთი ენგიჩარი მოგვეწია. უბელო ცხენს იჯდა. წვიმაში საწვიმარი წამართო, თვითონ ქვეშ დაიდვა. მე სიცივემ და წვიმამ უარესი მიყო. მოგვიყვანეს აივაზა ჩალაბთან.
სანამდის ჩვენ მთიდამ ჩამოვდიოდით, ორი პატრი სხვა თათრებს დაეჭირათ. წაეყვანათ. ჩამოველ, შევიტყევ. თავზარი დამეცა. ჩვენ გამოგვისტუმრა აივაზა ჩალაბმა და თვითონ წავიდა. სამოცი მარჩილი იმ პატრებისათვის მისცა და მოასხა ისინიც.
ვიარეთ. ნიგალის ხევში. ხან იქ გარდაგვიდგენ წინა და დაგვსაჯეს და ხან იქ. თეთრი სულ აივაზა ჩალაბისა იხარჯებოდა.
არტანუჯს მოვედით. ისაყ-ფაშის ცოლი კარგა მოგვეპყრა, კარგა დაგვაყენა. სავახშმო ებოძა. ერთი თავისი აღა იმან გამოგვატანა. არტანს რომ მოვედით, მაშინ ახალციხეს ასლან-ფაშა იჯდა, ისაყ ფაშის ბიძაშვილი. არტანს წინ გადაგვიდგა, ექვსასი მარჩილი იმან წაგვართვა. სხვა რამდენი რამ წამართვა. ძაღლებიც არ გამოგვატანეს.
მოვაწიეთ ჩვენს ქვეყანას. მოვედი აბოცს“.
0