ეს ვსეხსვიატსკოეში ქართველების საფლავების განადგურების პირველი შემთხვევა არ არის ეს ვსეხსვიატსკოეში ქართველების საფლავების განადგურების პირველი შემთხვევა არ არის />


  13:15:58     19-10-2011

ეს ვსეხსვიატსკოეში ქართველების საფლავების განადგურების პირველი შემთხვევა არ არის

a11442.jpg

რაც ამ დღეებში მოხდა რუსეთის დედაქალაქში ამაზრზენი ვანდალიზმია. ზუსტი ცნობები არ გვაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვადასხვა ნაგებობების აშენებისა თუ ზოგიერთის გადაკეთების მიზნით (?) განადგურებულია, დაგათხრილ-გადატანილ-დაკარგულია იქ დაკრძალული ადამინების, მათ შორის ქართველების საფლავები.

ამ ფაქტმა დიდი აღშფოთება გამოიწვია საქართველოში. აღშფოთდნენ რუსეთშიც, რა თქმა უნდა, იქაც ცხოვრობენ კარგი ადამიანები, რომლებიც საფლავების განადგურების წინააღმდეგნი არიან. გაოცდნენ სხვა ქვეყნებშიც.

თუმცა ამგვარი ფაქტი „ვსეხსვიატსკოეში“ პირველი არ არის.

მოკლე ისტორია. „ვსეხსვიატსკოე“ (Всехсвятское ანუ Всесвятское) იყო სოფელი მოსკოვის მახლობლად. ის წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1398 წელს, როდესაც იქ არსებული „წმიდა მამათა“ მონასტრის გარშემო სოფელი დაარსდა. მაშინ სოფელს, როგორც ვთქვით, ერქვა „წმიდა მამათა“ (Святые Отцы). არის ოდნავ განსხვავებული ვერსიებიც, თუმცა ეს არ არის ჩვენი მთავარი თემა.  ვსესვიატსკოე სოფელს დაერქვა 1683 წელს, როდესაც იქ ააშენეს ყოველთა წმიდათა (Всех Святых) სახელობის მონასტერი. შემდეგ ეს მონასტერი დაინგრა.

XVIII საუკუნიდან ამ სოფელში ცხოვრობდნენ რუსეთში გადახვეწილი ქართველები. ერთხანს ამ სოფელში ცხოვრობდა იმერეთისა (1661-1663, 1678-1679, 1690-1691, 1695-1696, 1698 წწ.) და კახეთის (1664-1675) მეფე არჩილ II, ჩვენი გამოჩენილი პოეტი და დაუღალავი მოღვაწე. ის პირველად 1685 წელს ჩავიდა მოსკოვში. დროს ტყუილად არ კარგავდა და შეისწავლიდა სტრამბის გაწყობის საქმეს, შვილებსაც ასწავლიდა სამხედრო ხელოვნებას. მისი ვაჟი ალექსანდრე გახდა პეტრე პირველის უახლოესი მეგობარი.

1688 წელს ალექსანდრე არჩილის ძემ ცოლად მოიყვანა ვსესვიატსკოეს მფლობელი, ფედოსია ივანეს ასული მილოსლავსაკია. ცოლის გარდაცვალების მერე მამული ალექსანდრე არჩილის ძეს უბოძა პეტრე პირველმა, თავის გენერალ-ფელდცეხმაისტერს. ალექსანდრე ბაგრატიონი 1700 წელს შვედებს ჩაუვარდა ტყვედ.

1701 წელს, სამეფო დაკარგული არჩილ მეორე ისევ ჩავიდა მოსკოვში. ორი შვილი, მამუკა და დავითი გარდაცვლილები დახვდნენ. 1711 წელს ალექსანდრე არჩილის ძე ტყვეობაში მოკვდა. ვსესვიატსკოე გადავიდა არჩილის გამგებლობაში. 

არჩილს პეტრე პირველმა ვსესვიატსკოე დაუმტკიცა. იქ უკვე არსებობდა ქართველთა კოლონია. გამართული იყო ქართული სტამბა და არსებობდა ერთ-ერთი ქართული კულტურის ცენტრი.

1613 წელს არჩილ II გარდაიცვალა. დაკრძალეს დონის მონასტერში, თავის შვილების გვედით. ვსესვიატსკოე გადავიდა მისი ასულის, დარეჯანის მფლობელობაში, რომელსაც რუსები დარიას უწოდებდნენ. პეტრე პირველი სტუმრობდა ხოლმე ვსესსვიატსკოეს. 1624 წელს რუსეთში ჩავიდა ვახტანგ VI (ქართლის ჯანიშინი 1703-1714; მეფე 1716-1724 წწ.) ძმიშვილი არჩილ მეორისა, თავისი შვილებითა და 1 200 კაციანი ამალით. ამბობენ, რომ მეფე და მისი ორი ვაჟი, ბაქარი და გიორგი ვსესვიატსკოეში დასახლდნენ, მეფე დროებით. როგორც ცნობილია, ის ასტრახანში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.

ვსესვიატსკოეში 1733-1736 წლებში, ძველი ეკლესიის ადგილას, დარეჯან არჩილ II-ის ასულის ძალისხმევით აშენდა ახალი ტაძარი ყველა წმინდათა სახელობისა (Всех Святых), რომელიც ახლაც არსებობს, თუმცა რამდენჯერმე გადააკეთეს. დარეჯანი გარდაიცვალა უმემკვიდროდ. 1748 წელს, მისი მამული, ნახევარ-ნახევარი თავისი მოსახლე გლეხებითა და შინამოსამსახურეებით გადაეცა მის ნათესავებს, ვახტანგ VI-ის შვილებს, ბაქარს და გიორგის.

ბაქარ ბატონიშვილი ორ წელიწადში გარდაიცვალა და მისი წილი დარჩათ მის შვილებს, ლეონს და ალექსანდრეს. 1784 წელს გარდაიცვალა გიორგი ბატონიშვილი. თავისი წილი ანდერძით დაუტოვა ეკატერინე II-ს, რუსეთის იმპერატრიცას.

ნაპოლეონის მიერ მოსკოვის აღების დროს ვსესვიტსკოე ძალიან დაზიანდა. ყველაფერი გაძარცვეს ან დაანგრიეს. ბაქარ ბატონიშვილის შვილიშვილმა, გიორგი ალექსნდრეს ძემ აღადგინა თავისი ზამთრის სასახლე და ააშენა საზაფხულო სასახლეც. კარგად მოაწყო ბაღიც.

1830-იანი წლებიდან გაიყვანეს ე. წ. პეტერბურგის გზა და ვსესვიატსკოე გახდა მოსკოვის გარეუბანი. გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი გადავიდა თავის სხვა მამულში, ნიჟეგოროდთან, ლისკოვოში და იქვე გარდაიცვალა 1852 წელს. მისი ვსესვიატსკოეს მამული შეხვდა მის ქალიშვილს, რომელიც გრაფი ტოლსტოის ცოლი იყო. მეორე ნაწილი კი, როგორც ვთქვით, სახელმწიფო საკუთრება გახდა. ალექსანდრე არჩილის ძის სასახლე დაანგრიეს.

ვსესვიატსკოეში ყველა წმინდას სახელობის მონასტრის სასაფლაო XVIII საუკუნიდან იყო ცნობილი. აქ იყვნენ დაკრძალულნი ქართველი არისტოკრატები და მათი მხლებელნიც, უბრალო, უჩინო, მაგრამ მეფეთა და ქართული კულტურის ერთგული ქართველებიც. ამ სასაფლაოზე დაკრძალული იყო სულხან-საბა ორბელიანი, ჩვენი დიდი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. იქვე იყო დაკრძალული რუსეთისათვის თავშეწირული გენერლის პეტრე ბაგრატიონის მამა, იოანე ბაგრატიონი.

XIX საუკუნის ბოლოდან ამ სასაფლაოზე მიმდინარეობდა ახალი საფლავების გათხრა და ახლად ჩასახლებული მოსახლეობის წარმომადგენელთა დაკრძალვა. იმ დროს განადგურდა არა ერთი ქართველის საფლავის ქვა, ან სხვა ადგილზე იქნა გადატანილი. ე. ი. საფლავი დაიკარგა. 1917 წელს ვსესვიატსკოე მოსკოვის ნაწილად გამოცხადდა.

1982 წელს, მოსკოვის ქალაქის მიდამოებში გაანადგურეს არა ერთი სასაფლაო. მათ შორის ვსესვიატსკოესი, თუმცა მაინც იყო შემორჩენილი ივანე ბაგრატიონის საფლავის ქვა და სხვებიც.

დღეისათვის არავინ იცის რა მდგომარეობაა. რაც დარჩენილი იყო, ისიც ალბათ გააქრეს ან გაანადგურეს.

ერთი მაგალითი კიდევ გვახსოვს - წლების წინ, ბოროდინოს ველზე ამოთხარეს ბოროდინოს ბრძოლის გმირის, პეტრე ბაგრატიონის საფლავი და ძვლები მიმოფანტეს.

 

ხომ არ ხდება ეს ყველაფერი მიზანმიმართულად? ნუთუ არ უნდა დამთავრდეს კომუნისტური გადმონაშთი საფლავების განადგურებისა თუ ის ქსენოფობიურ და ნაცისტურ ხასიათს იღებს? სად არის რუსეთის ხელისუფლება? ნუთუ არ ადარდებს ქვეყნის იმიჯი?

და კიდევ, ვფიქრობ დროა გამოჩენილი ქართველი მამულიშვილების ნეშთები გადმოვასვენოთ საქართველოში. ახლა მაინც ვაღირსოთ ქართული მიწა. სულხან-საბა ორბელიანის საფლავი უკვე დავკარგეთ, ნუ დავკარგავთ სხვებისასაც.

უჩინარი და უბრალო, არისტოკრატი და ცნობილი ქართველებისა წინაშე კი, რომლებმაც სული დალიეს სამშობოდან შორს, ცივ ჩრდილოეთში, ვალი გვაქვს - გვართებს ზრუნვა, რომ მომავალში მაინც ქართველს აღარ უხდებოდეს საზღვარგარეთ გადახვეწა.

0

ავტორი: