11:31:23     19-10-2011
მარკ ბერგერს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება
19 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ამერიკელ ხმის რეჟისორს, მარკ ბერგერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. დიპლომს უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი მარგველაშვილი გადასცემს.
კომპანია "ქართული ფილმის" ბაზაზე, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, სექტემბრიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის კალიფორნიის, ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორმა, მარკ ბერგერმა ხმის რეჟისურის 6 კვირიანი კურსი წაიკითხა, რის შემდეგაც სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
ბერგერს მიღებული აქვს კინოაკადემიის 4 ჯილდო, ხმის ინოვაციური გამოყენებისთვის ფილმებში "აპოკალიფსი დღეს" (1979წ.) "ამადეუსი" (1984წ.) "ინგლისელი პაციენტი" (1996 წ.) "კარგი გუნდი" (1983წ.). მისი ნამუშევრებიდანაა მილოშ ფორმანის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლიმამა", სტივენ სპილბერგის "მიუნხენი" და მრავალი სხვა. დღეისათვის მარკ ბერგერი ხელმძღვანელობს ხმის რეჟისურის სპეციალობას ბერკლის უნივერსიტეტში.
აღსანიშნავია, რომ რობერტ სტურუას, ნელე ჰერტლინგის, სტივ ოლსენის, ოთარ იოსელიანის და ბეჰროუზ გჰარიბპურის შემდეგ, ბერგერი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით მეექვსე საპატიო დოქტორი იქნება.
GHN
0