08:27:47     18-10-2011
აშშ ახალ სამხედრო ოპერაციას იწყებს
ამერიკის შეერთებული შტატები, საზღვარგარეთ ახალ სამხედრო ოპერაციას იწყებს. შტატების მიზანი, ამჯერად, აფრიკა, კერძოდ, უგანდაა, სადაც ბარაკ ობამა ასეულობით სამხედროს გაგზავნას, ადგილობრივი ექსტრემისტული დაჯგუფება „ღვრთის არმიის“ წინააღმდეგ გეგმავს. სამხედროთა ნაწილი უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილას, დანარჩენები კი, ქვეყანაში მიმდინარე თვის განმავლობაში განლაგდებიან.
ეს დაჯგუფება ბრძოლას 1987 წლიდან აწარმოებს. მისი ლიდერი ყოფილი სასულიერო პირი, ჯოზეფ კონია, რომელიც საკუთარ თავს მოციქულს უწოდებს. დასავლური წყაროების მიხედვით, არმიის წევრებმა უკვე ასეულ ათასობით ადამიანი მოკლეს, დაახლოებით 40 ათასი კი გატაცებულია. ბიჭებს ისინი ჯარისკაცებად ზრდიან, გოგონებს კი, სექს-მონებად ამუშავებენ. არსებობს ეჭვები, რომ ბავშვების ნაწილს მსხვერპლად შესაწირადაც იყენებენ.
მიუხედავად ობამას განცხადებისა, რომ ამერიკელ სამხედროთა გაგზავნის მიზანი, უგანდელი ხალხის დაცვაა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეალური მიზეზი სულ სხვაა და ის იმ ტერიტორიის გაწმენდას ისახავს მიზნად, სადაც სამხრეთ სუდანმა ნავთობის მოპოვება უნდა აწარმოოს.
ზოგადად კი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, სამხედროების უგანადაში გადასროლის და რელიგიური ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების შესახებ, შტატებშიც და მსოფლიოშიც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ექსპერტები აზრით, ეს უშვეულო გადაწყვეტილებაა. მათი უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ აშშ-ს სურს, აფრიკაში საკუთარი ნავთობინტერესები დაიცვას. ობამას პოლიტიკური მოწინააღმდეგე რესპუბლიკელები კი, ამ ქმედებას ავანტურას უწოდებენ. ისინი ქვეყნის პირველ პირს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ თეთრი სახლის მეთაური, რომელმაც ერაყის და ავღანეთის ოპერაციებს თავი ბოლომდე ვერ გაართვა, გაუმართლებელ რისკზე მიდის.
აფრიკაში სამხედრო აქციის დაწყების შესახებ, ბარაკ ობამამ კონგრესს გასულ კვირას აცნობა. როგორც ირკვევა, ამერიკელი სამხედროები მხოლოდ უგანდაში არ განლაგდებიან, მათი დისლოკაციის ადგილი იქნება, ასევე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სამხრეთ სუდანი - ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მსოფლიოში. კონფლიქტის ზონაში, ამერიკული, სპეციალური დანიშნულების დანაყოფი გაემართება. როგორც პენტაგონი ირწმუნება, ჯარისკაცები იარაღს მხოლოდ თავდაცვის შემთხვევაში გამოიყენებენ.
სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელმაც, როგორც ცნობილია, ობამასთან 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, თეთრი სახლის მეთაურს უკვე აფრთხილებს იმის შესახებ, რომ სამხედროების გაგზავნას ცენტრალურ აფრიკაში, შესაძლოა, სულაც არ მოჰყვეს ჩაფიქრებული შედეგები. მაკკეინის აზრით, აშშ-მ არ უნდა აიღოს ისეთი ვალდებულებები, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებს. ამის შესახებ სენატორმა „სი-ენ-ენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. უცნაურია, მაგრამ ბარაკ ობამას, რომელიც, ფაქტობრივად, პაცეფისტური ლოზუნგებით მოვიდა ხელისუფლებაში, სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის რესპუბლიკელები აკრიტიკებენ, რომელნიც „ომის პარტიად“ არიან ცნობილნი.
ამ დროისათვის, 100 ათასი ამერიკელი სამხედრო ავღანეთში იბრძვის, ათასი ჯერ კიდევ რჩება ერაყის ტერიტორიაზე. ამ მონაცემებს ხელისუფლებას მაკკეინი ახსენებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ, კონგრესთან შესაბამისი კონსულტაციები არ გამართა.
მაკკეინის მსგავსად, უგანდის ოპერაციას სკეპტიკურად უყურებენ მთელი რიგი ამერიკელი სამხედრო ექსპერტებიც, რომელთა მოსაზრებებსაც „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს. მათი უმრავლესობა, ამ ნაბიჯს აშშ-სთვის უჩვეულოს უწოდებს და ოპერაციის წარმოებას ქვეყნისათვის არასასურველად მიიჩნევს. პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით კი, ბარაკ ობამას, ამ გადაწყვეტილებით, საკუთარი რეიტინგის მდგომარეობის გამოსწორებაც სურს, რომელიც, უკანასკნელ ხანს, არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია.
0