17:02:01     17-10-2011
ევდემოზ კათალიკოსის წამებისა და მკვლელობის ამბავი „ახალ ქართლის ცხოვრებაში“
17 ოქტომბერის ქართული ეკლესია აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამე კათალიკოს-პატრიარქის ევდემოზ I-ის (დიასამიძის) ხსენების დღეს. ევდემოზ I ქართლის ანუ აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი იყო 1630-1638 წლებში.
1632 წელს ქართლის მეფე (ვალი) გახდა დავით XI-ის (დაუდ ხანის) ვაჟი როსტომი (როსტომ ხანი).
როსტომი, იგივე ხოსრო-მირზა (ქართულად ქაიხოსრო) დაიბადა სპარსეთში და მაჰმადიანად აღიზარდა. მას დიდი დამსახურება მიუძღოდა ირანის სახელმწიფოსა და მისი შაჰების წინაშე. შაჰ აბასმა მას ანდერძით დაავალა თავისი სიკვდილის მერე, მის შვილიშვილს საამ-მირზას ტახტის დაუფლებაში დახმარებოდა. ხოსტო მირზამ თხოვნა შეასრულა. ახალ შაჰს სეფი შაჰი უწოდეს (დედა და ბებია ქართველები ჰყავდა). ხოსრო მირზამ ბაღდათთან ოსმალებიც დაამარცხა 1630 წელს. შაჰ სეფიმ მასი თავისი ვალი (მოადგილე) უწოდა და ქართლის მმართველად დანიშნა.
ეს მოხდა 1632 წელს. ქართველებმა მას მეფე დაარქვეს. თვითონაც თავს „მეფეთ-მეფეს და პატრონს“ უწოდებდა. მანამდე ქართლს და კახეთს თეიმურაზ I განაგებდა. როსტომის მისვლისთანავე, რომელსაც ირანის სამხედრო ძალა უჭერდა მხარს, თეიმურაზი იმერეთში გაიხიზნა.
როსტომ ხანს, როსტომ მეფეს სხვადასხვაგვარად ახასიათებენ. ზოგ ისტორიკოს ის მოსწონს, ვითარცა ქვეყნის დამამშვიდებელი და სოფლების ამშენებელი. მით უმეტეს, მისი მეუღლე მარიამი დიდად მორწმუნე ქრისტიანი იყო. ბევრი კი მას უარყოფით პიროვნებად მიიჩნევს. ვფიქრობ, ორივე, დადებითიც და უარყოფითი თვისებები მას არ აკლდა.
1642 წელს თეიმურაზ მეფის მომხრეებმა შეთქმულება მოაწყვეს როსტომის მეფის წინააღმდეგ. მასში სხვებიც ჩაერთნენ, მათ შორის ქართლის კათალიკოსი ევდემოზ პირველი. წინამდებარე წყარო, „ახალი ქართლის ცხოვრება“ კათალიკოსის შეთქმულებაში ჩართვას მის პირად ინტერესებს უკავშირებს. კერძოდ, მისი ძმის, ლევანის ქალიშვილი, ელენე ცოლად ჰყავდა დათუნა ბატონიშვილს, თეიმურაზის I-ის ძეს. მაგრამ, კათალიკოსს როგორც ჩანს, არ უნდოდა ქვეყანაში გაგრძელებულიყო გათათრების პოლიტიკა, რომელიც დამკვიდრდა მეფე როსტომის კარზე და რომელსაც არა ერთმა თავადმა მიბაძა. ეს ყველაფერი ცოტა ქვემოთ კარგადაა მოთხრობილი ამავე წყაროში.
აჯანყებულებს უნდოდათ ქრისტიანი მეფის თეიმურაზ პირველის გაერთიანებული ქართლ-კეხეთის მეფედ დასმა.
აჯანყება დამარცხდა. თეიმურაზმა ვერ გაიმარჯვა. სხვებთან ერთად კათალიკოსი დააპატიმრეს და ნარიყალას ციხეში ჩასვეს. იქვე მოკლეს. მერე ციხიდან გადაუგდიათ. ეს მოხდა 1643 წელს. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „შეიპყრა როსტომ მეფემან კათოლიკოზ ევდემოს და პატიმარ-ჰყო ტფილისს ციხესა შინა. შემდგომად გარდამოაგდო განჯის-ციხის კოშკიდამ“. „ახალი ქართლის ცხოვრება“ კი გვიამბობს: „შეიპყრა კათოლიკოზი ევდემოზ... და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყუე-ყო და ხანსა რაოდენამე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა“, როგორც ქვემოთ ვიხილავთ.
ევდემოზ კათალიკოსი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
ახალი ქართლის ცხოვრება
(ნაწყვეტი)
ამაში გამოჴდა ხანი რამე, შეკრეს პირობა [ზაალ] ერისთავმან, იოთამ ამილახორმან, ნოდარ ციციშვილმან, კათალიკოზმან დიასამიძემან ევდემოზ, გოჩაშვილმან გიორგი და ზოგმან რომელმანმე ქართველმანცა, ამათ ინებეს განდგომა როსტომ მეფისა. და უფროსღა ცდილობდა კათალიკოზი ევდემოზ ამისთჳს, რომე ამისი ძმის ასული დათუნა[ს], ბატონი თეიმურაზის შვილს, ცოლად ესუა. ამათ გაუგზავნეს ბატონს თეიმურაზს კაცი და მისცეს საფიცრები და პირობა დიდი და იჴმეს: "კუალად მოდი ქართლში და გაგაბატონებთო". ამაში ნოდარ შემოიყარა ჯარი და წარვიდა.
რა სცნა საქმე ესე როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი და წარმოემართა იგიცა ნოდარზედა, მოვიდა და დადგა საჯავახიანოს. ვითარცა ესმა ნოდარსა წარმოსვლა როსტომ მეფისა, გაიქცა და წავიდა, დევნა უყო როსტომ მეფემან უკანა. მაშინ ახლდა ნოდარს ორნი ძმანი ჩხეიძენი გარდმოვარდნილნი და იყვნენ ნოდართანა. რა მიეწივა როსტომ მეფე ნოდარს, გამოუბრუნდენ ორნივ ძმანი ჩხეიძენი, შემოებნენ, იომეს და დაჴოცნეს იგინიცა. ხოლო ნოდარ ივლტოდა და შევიდა ციხესა ატენისასა. მივიდა როსტომ მეფე და შემოადგა გარს და ვერცაღა მუნ გამაგრდა ნოდარ და წარვიდა ზემო ქართლად, რომელ არს საათაბაგო.
ხოლო როსტომ მეფემან აღიღო ციხე, დაამტვრია და წარმოვიდა მუნითგან, და დადგა ცხირეთს, და მუნ იჴმო დედოფალი მარიამ და იყოფოდენ მუნ. ხოლო კათალიკოზი ევდემოზ იყო მუნვე როსტომ მეფეს თანა. კუალად შეუთვალა ბატონს თეიმურაზს კათალიკოზმან, ვითარმედ: ნოდარ"რომ წასულიყოს, მაგისთჳს საქმეს რატომ წააჴდენ და ან რატომ გაბრუნდი?" მაშინ ბატონს თეიმურაზს შეეყარა ზაალ ერისთავი, მოვიდენ და დადგნენ მუხრანს. კუალად გაუგზავნა კათალიკოზმან კაცი ნუღარ ჰყოვნითო, მოდითო, და რაც გინდა გაქნევინებო".
მაშინ, სცნა რა საქმე ესე მუხრანის ბატონმან ვახტანგ, წარმოავლინა კაცი მსწრაფლ და ამცნო საქმე ესე როსტომ მეფესა. მაშინ დედოფალი წარავლინა გორის ციხეშია და თჳთცა უკან ჩამოუდგა და მივიდნენ გორის ციხეშია და მუნ გამაგრდენ.
ხოლო ბატონი თეიმურაზ მივიდა უფლისციხესა და ვერღარა გააწყო რა, გამობრუნდა და წარმოვიდა. და დახუდა წინა ვახტანგ მუხრანის ბატონი და უყო მრავალი ზიანი. და წარვიდა კახეთს.
ხოლო შეიპყრა კათალიკოზი ევდემოზ როსტომ მეფემან და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყუე-ყო და, ხანსა რაოდენსამე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა. ხოლო გოჩაშვილი გიორგი შეიპყრა და დასთხარა თუალები, და სხუანი, რომელნიცა იყვნენ როსტომ მეფის ორგულნი, რომელნიმე გაახეიბრა და რომელიმე მამულით გააღარიბა და განაძო თჳსისა ქუეყნიდამე, თჳნიერ ზაალ ერისთვისა და იოთამ ამილახორისა. ხოლო იოთამ ამილახორი ხან მოუდგებოდა როსტომ მეფესა და ხან ბატონ თეიმურაზს და, სითკენაც დრო დააჴელის, იქითკენ იყვის.
და ამისგან რა მოიცალა როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი ქართველთა და, რომელნიცა ყიზილბაშნი იყვნენ მიჩენილნი ყაენისაგან, იგინიცა შემოიყარა, და წარვიდა კახეთს ბატონს თეიმურაზზედა, რამეთუ მაშინ ბატონი თეიმურაზ მაღაროს იდგა სუბათა და კახნი თავ-თავისთჳს იყვნენ. მიუჴდა როსტომ მეფე, და დაუწყო სროლა ვიწროებში ბატონმან თეიმურაზ და, რაც ოდენ შეეძლო, იომა ბატონმან თეიმურაზ. და ვერღარა დაუდგა როსტომ მეფე, გაიქცა და წარვიდა ტფილისს. და აღარა დევნა უყო ბატონმან თეიმურაზ, იშოვა მრავალი ბარგი მისი, აიკლო და წამოიღო და წამოვიდა და მოვიდა თჳსსა სახლსა.
და რა ნახა ესე ზაალ ერისთავმან და იოთამ ამილახორმან, რომ ვეღარცა რა ამ დამარცხებით დააკლეს რა, დაუწყეს როსტომ მეფეს ლაპარაკი და ხუეწნა: "შეგჳრიგე და გჳმსახურეო". ხოლო როსტომ მეფემან ესე უპასუხა ზაალ ერისთავსა: "უკეთუ წარხვალ ყაენთან, შეგირიგებ და, უკეთუ არა წახვალ, ჩემთან ჴელი არა გაქუს". მაშინ დაჰყვა ზაალ ერისთავი: მოიყვანა და შეირიგა. და გაგზავნა ყაენთანა და მისწერა ყაენთანა კაი წიგნები.
და რა მივიდა ზაალ ერისთავი ყაენთანა, სცა პატივი დიდი და კეთილად მიიჩნივა სიტყჳთა როსტომ მეფისათა და უყო წყალობა მრავალი: გაუჩინა წელიწადში სამასი თუმანი ჯამაგირი, გაათათრა და გამოისტუმრა ქართლს. და მოვიდა როსტომ მეფესთანა და მიერითგან იყო ერთგული როსტომ მეფისა.
და მას ჟამსა იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება, და ყოველთავე შეიყუარეს ანგარება და სიმდიდრის-მოყუარება, ჯამაგირი და სოფლის მიცემა ყაენისაგან, და განმრავლდა ტანთ-ცმა ყიზილბაშურად, და საქართველოს დიდებულნი და თავადნი ყაენისაგან განმდიდრდებოდენ და რაყმით იშოვნიდენ მამულებსა.
და თჳთ როსტომ მეფის წადილი და ნება ესე იყო, რომ უყაენოდ არავის რა მისცემოდა, და, თუ ვინმე გასაკეთებლად უნდოდა, ყაენს შეეკითხვოდა. და იყო მეფე როსტომ მორჩილი ყაენისა და მოყუარე სჯულისა მაჰმადისასა.
ამან აღაშენა სახლი ყიზილბაშური, კეკლუცად და ტურფად ნაგები [შემოიღო] მოფენილობა, სმა-ჭამა, გამოჩუენება და კეკელაობა. და მიიქცნენ სრულიად წესსა ზედა ყიზილბაშისასა, და განმრავლდა სახლსა შინა მისსა სიძვა და არა-წმინდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა.
კუალად ინება სიმაგრე ციხისა და თავისუფლობა ციხესა შინა მყოფთა თათართა: განძლიერდენ თათარნი და კადნიერებდენ ქართველთა ზედა. და რომელნიცა იყვნენ ქართველნი, მოყუარენი წესისა მათისა, მეძავნი და ბილწების მოქმედნი, დიდად პატივსცემდა მეფე როსტომ და ჰკითხევდა და უსმენდა მათსა, და, რომელნიცა იყვნენ სიმართლის-მოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მორიდალ[ნ]ი, მათ არას პატივსცემდა და ცუდს კაცს ეძახდენ და შეუძლებელსა.
და იყვნენ დღითი-დღე სმასა და განცხრომასა შინა, ხოლო სულისათვის არარას ზრუნვიდენ: მოიყვანა მეჩანგენი და მუტრიბნი, და აქებდენ ქართველნი დარბაისელნი, და მათცა ეგრეთვე იყოლიეს მუტრიბნი და მრავალნი მჴევალნი და არღარა იყო სირცხვილი სიძვისა და მეძაობისა. და ქართველთაცა ისწავეს სმა და ჭამა ყიზილბაშური და დიდად სირცხვილ უჩნდათ სერსა ზედა უფლაობა და არა-კეკელაობა. და, რომელსაცა არა შეეძლო ამ წესისა ქმნა და უღონო იყვნენ მონაგებთაგან, განყიდეს მამაპაპათაგან დაგდებული მამული და აგარაკები და იცვემდენ ტანთა და სჭამდენ და სმიდენ და არარას ზრუნვიდენ შვილისათჳს.
და ამიერითგან შემოვიდა ზოგ-ზოგან ტყჳს სყიდვა თავადებისაგან და, რომელნიცა იყვნენ ობოლნი და ქურივნი, გამოიყვანებდენ და გაჰყიდდენ, და განმრავლდა ცოდვა.
ხოლო სამღდელონი ეპისკოპოზნი ამითი დაიერთგულნა, რომე ყოველთავე ჯამაგირი განუწესა, თავდაბლად და ტკბილად ექცეოდა. ამისთჳს არღარას ზრუნვიდენ სამღდელონი კრებულნი. ხოლო აღაშენა წმიდა კათოლიკე ეკლესია, მცხეთის გუმბათი და სხუანიცა რომელნიმე მოოჴრებულნი ეკლსიანი აღაშენნა.
და კუალად აღაშენა გატეხილი-ჴიდი.
და იყო სმისა და ჭამისა მოყუარე და გასცემდა [არა-]მცირედსა საბოძვარსა სმასა ზედა. და ამისა ჟამსა შინა არა იყო ზრუნვა სულიერი ერისკაცთა შორის, არამედ, იყვნეს ფუფუნეულ და ჴორცთ-მოყუარე, რამეთუ თჳთ სამღდელონიცა და მღდელთმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიასა, რამეთუ იყვნეს მოყუარე ღჳნისა და სმისა და შუებისა და განცხრომისა, უმღერდენ ურთიერთას სიძვა-მრუშობასა და მეძაობასა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდენ სულიერსა საქმესა, არამედ ჴორცთათვის ზრუნვიდენ ყოველნივე.
ხოლო რაჟამს მოკლა კათალიკოზი დიასამიძე ევდემოზ, მაშინ მისცა როსტომ მეფემან წინასწარ აღრჩევითა თჳსითა და მოწამებითა ყოველთავე საქართველოსა მღდელთ-მთავართა და სამღდელოთა დასთა მიერ გამორჩევითა მისცეს კათალიკოზობა ურდუბეგაშვილს ქრისტეფორეს.
0