16:55:25     17-10-2011
ოსკარ უაილდის „რედინგის ციხის ბალადა“
ირლანდიური წარმოშობის ცნობილი ინგლისურენოვანი პოეტი, მწერალი, ესეისტი, დრამატურგი ოსკარ უაილდი (Oscar Fingal O’Flahertie Wills Wilde) დაიბადა 1854 წლის 16 ოქტომბერს.
დაიბადა დუბლინში სერ უილიამ რობერტ და ჯეინ ფრანჩესკა უაილდების ოჯახში. დედა, ლედი ჯეინ ფრანჩესკა უაილდი (ქალიშვილობის გვარი ელჯი) ეროვნულად განწყობილი ადამიანი გახლდათ, წერდა ლექსებს ფსევდონიმით სპერანცა, რაც იტალიურად იმედს ნიშნავს, უყვარდა თეატრი. კარგად იცნობდა კლასიკურ ლიტერატურას. სახლში ლიტერატურულ შეხვედრებსაც მართავდა. მამა ექიმი იყო, თვალისა და ყურის სპეციალისტი. ასევე გატაცებული იყო ირლანდიური ფოლკლორით და არქეოლოგიით. მას მთელს იმპერიაში იცნობდნენ. 1864 წელს რაინდის წოდება მიიღო. მან დაარსა მედ-პუნქტი დუბლინელი ღატაკებისათვის, სადაც უფასოდ მკურნალობდნენ. მომავალ პოეტს ჰყავდა უფროსი ძმა უილიამი. სერ უილიამს ქორწინების გარეშე შობილი შვილებიც ჰყავდა, რომელთაც ყურადღებას აქცევდა.
1855 წელს ოჯახში გოგონაც შეეძინათ. ბავშვებს ფრანგი და გერმანელი აღმზრდელები ჰყავდათ, რომელთაგან ფრანგული და გერმანული ენებიც ისწავლეს. მომავალი მწერალი სწავლობდა დაბა ენისქილენში, პორტორის სამეფო სკოლაში. სამეფო სკოლაში პრემიით დააჯილდოვეს ახალი აღთქმის ბერძნული ორიგინალის ცოდნისათვის. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და საშუალება მიეცა მიეღო სტიპენდია დუბლინის თრინითი-კოლეჯში (წმინდა სამების კოლეჯი) სწავლის გასაგრძელებლად (1871-1874 წწ.). კოლეჯში ასწავლიდნენ ანტიკურ კულტურას. მან ძველი ენების შესწავლისადმი ინტერესით გამოჩინა თავი.
შემდეგ ოქსპორდის სტიპენდიაც მოიპოვა და სწავლა განაგრძო. ოქსფორდში სწავლის პერიოდში მოინახულა იტალია და საბერძნეთი, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ოქსფორდშივე მიანიჭეს პრესტიჟული პრემია პოემისათვის „რავენა“ (1878 წელი).
იმავე წელს დაასრულა უნივერსიტეტში სწავლა და გადავიდა ლონდონში საცხოვრებლად.
1881 წელს გამოვიდა უაილდის ლექსების პირველი კრებული. მალე ძალიან პოპულარული გახდა უნიჭიერესი შემოქმედი. მისი ნაწარმოებებით აღტაცებულნი იყვნენ. ძალიან მოსწონდათ მისი გონებამახვილობა.
იმოგზაურა ამერიკაში, მერე საფრანგეთში და გაეცნო დიდი შემოქმედებს. 29 წლის ასაკში დაქორწინდა და შეეძინა ორი შვილი, რომელთათვისაც ზღაპრებს წერდა. მუშაობდა ბევრს, გამოსცემდა წიგნებს. 1890 წელს გამოვიდა მისი ერთადერთი და ძალიან გახმაურებული რომანი „დორიან გრეის პორტრეტი“, რომელმაც მკითხველები აღტაცებაში მოიყვანა. ამას მოჰყვა მისი თეორიული წერილების წიგნი „ჩანაფიქრები“, პიესები, რომლებსაც ასევე აღტაცებით იღებდა საზოგადოება. მათ შორის „სალომეა“ ფრანგულად...
შემდეგ „ბრწყინვალე ოსკარი“, როგორც მას უწოდებდნენ, ამხილეს ჰომოსექსუალურ კავშირში ალფრედ დუგლასთან. მართალია პოეტი უარყოფდა ამას და სასამართლო პროცესი მისი მახვილგონივრული გამოსვლების ასპარეზად იქცა, რომელიც ძალიან ართობდა პუბლიკას, მაგრამ ორი წლით მაინც მიუსაჯეს ციხე „სოდომური ცოდვისთვის“. იჯდა რედინგის ციხეში...
ოსკარ უაილდზე საუბარი სხვა დროს განვაგრძოთ. დღეს პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ოსკარ უაილდის „რედინგის ციხის ბალადის“ ქართულ ვარიანტს, რომელიც თარგმნილია ვალერიან გაფრინდაშვილის მიერ.
რედინგის ციხის ბალადა
(თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა)
არ იყო ფარჩით ის შემოსილი.
მან შეაერთა ღვინო და სისხლი.
მას შეღებილი ჰქონდა ხელები,
როცა ის ნახეს გარდაცვლილ ქალთან,
რომელიც მოჰკლა მან სარეცელზე,
დაბრმავებულმა გიჟური ლტოლვით.
ის მიდიოდა ბრალდებულთ შორის,
რუხ ტანსაცმელში გამოწყობილი.
მისი ნაბიჯი იყო მსუბუქო,
იგი არ იყო დამწუხრებული.
მაგრამ უცქერდა ის, სხვანაირი,
დაბეჯითებით ღვთიურ სინათლეს.
მე არ ვიცოდი: თვალების ცქერა
ასეთი ხარბი თუ იქნებოდა.
იგი უცქერდა უმცირეს ზოლსა,
შორეულ ზოლსა, ლურჯად მოქარგულს.
მას ჩვენ, ტყვეები, ვუწოდებთ ზეცას,
რომელიც არის ჩვენი იმედი.
განსაწმინდელის უცხო სულებთან
მეორე რკალში მე მივდიოდი.
და მე ვფიქრობდი კვლავ დაჟინებით,
რა იყო მისი დანაშაული.
ვიღაცამ უცბად ჩამიჩურჩულა:
„იმას მოელის სიკვდილის თოკი“.
ო, ღმერთო ჩემო! ბნელი კედლები
შეირხნენ, თითქო გადმოსანგრევად,
და ახანძარდა ჩემ ზევით ზეცა,
როგორც ღუმელი მოუწვდომელი.
და თუმცა თვითონ ვიტანჯებოდი,
გადამავიწყდა ჩემი წამება.
და მე ვხვდებოდი, როგორი ცეცხლით
ის, განწირული ახლა იწვოდა,
და რად უცქერდა დღიურ სინათლეს
ასეთი ტრფობით და გატაცებით.
მან მოჰკლა იგი, ვინც რომ უყვარდა,
და უნდა მოკვდეს აუცილებლად.
ყველა მკვლელები ვართ სიყვარულის,
ეს სამუდამოდ გაიგოს ყველამ.
მხოლოდ ჰკლავს ერთიო ულმობელ ცქერით,
და ჰკლავს მეორე ცბიერი სიტყვით,
გაუბედავი, ყალბი ამბორით,
და გაბედული ალესილ ხმალით.
ერთი სიყვარულს მოჰკლავს ყრმობაში,
და სიბერეში მეორე მოჰკლავს.
ერთი დაახრჩობს ვნებიანობით,
მეორე ფულის ტკბილი ხმაურით.
აიღებს დანას უკეთილესი.
ვინც კვდება, იგი არ იტანჯება.
ჩვენ მივდიოდით და შევადგენდით
განსაცვიფრებელ ჯამბაზურ აღლუმს.
მაგრამ რა ვუყოთ! ჩვენ ხომ ვიყავით
ეშმაკის რაზმი შესაზარელი.
ფეხებში - ტყვია. თმა - გაპარსული,
ვით მასკარადი უძვირფასესი.
ჩვენ კანაფს ვწეწდით. თითის ფრჩხილები
დაგვემტვრა - სისხლით მთლად შეღებილნი.
მაღალ ჭერიდან იატაკამდე
მოაჯირიან ციხეს ვრეცხავდით.
და ცოცხებიდან, წყლის კასრებიდან
ჯოჯოხეთური იდგა ხმაური.
ვკერავდით ტომრებს, ვამტვრევდით ქვებსა,
ყოველი მხრიდან იყო ზანზარი.
ჩვენ რკინას ვცემდით. ვამბობდით ჰიმნებს,
გაბრუებულნი ვიყავით ყველა.
მაგრამ მეფობდა საშინელება,
საშინელება მეფობდა სულში.
დღეები, როგორც ჩუმი ტალღები
შორს მიდიოდნენ ნაპრალთა შორის.
ჩვენ დაგვავიწყდა, რისი ლოდინი
შეეძლო ბრიყვსა და მატყუარას.
მუშაობიდან ჩვენ ვბრუნდებოდით,
როცა გათხრილი ვნაზე სამარე.
თხრილი აღებდა პირს გაუმაძღარს
და თავის ზვარაკს ელოდა ხარბად.
ტალახს სწყუროდა წითელი სისხლი,
ასფალტი იყო სავსე წყურვილით.
ვიცოდით ყველამ: ერთი ჩვენგანი
სუცოცხლეს უნდა გამოსალმოდა.
და ჩვენ შევედით ციხის მღვიმეში,
ვუცქერდით სიკვდილს, სამართალს, შიშსა.
მოდის ჯალათი თავის ტომარით,
ის მიიმალა ცბიერ წყვდიადში.
და ჩვენ გავქვავდით ჩვენს ნომრების ქვეშ,
ისე, ვით მკვდარი თავის კუბოში.
და აჩრდილები ციხის ტალანში
დარბოდნენ, ძრწოდნენ შეშინებულნი.
რკინის ქალაქი გასხვანაირდა,
და ახმაურდა ბნელი სიჩუმე,
და სახეები იცქირებოდნენ
რკინით დასერილ მკრთალ ფანჯრებიდან.
და დარაჯები ჩუმ ფეხსაცმელით
ტყვეებს ზვერავდნენ კასრის სარკმლიდან,
ზვერავდნენ შიშით და გაკვირვებით
ტყვეებს, გართხულებს ბნელ იატაკზე,
ტყვეებს, რომელნიც ღმერთს უგზავნიდენ
დიდ სასოებით მდუღარე ლოცვას.
ჯერ თეთრმა, შემდეგ წითელ მამალმა
იყივნა, მაგრამ დღე არ მოვიდა.
საშინელების აჩრდილნი რბოდენ
და თვითეული აჩრდილი ღამის
იღინებოდა და კრთოდა მტვერში.
ლანდნი საძაგლად იკრიჭებოდნენ
სულ ახლოს ჩვენთან, და მოშორებით.
და ერთმანეთზე გადაჭდობილნი,
მარდათ ცეკვავდენ მარდ სარაბანდას.
ერთად ხაზავდენ სხვა არბესკებს,
ისე, ვით ქარი სილის ტილოზე.
ისევ წყვდიადი. მაგრამ ნიავი,
დილის ნიავი მოვიდა კვნესით,
ბნელი ძაფები კვლავ დააგრძელა
მშრომელმა ღამემ თავის სართავზე.
და ჩვენ ლოცვებში ვთქვით საყვედური
შეუბრალებელ დღის სამართალზე.
უკანასკნელად ღამის ბნელეთში,
შეკირულ კედლის ვიწრო სივრცეზე,
მე მოაჯირის ჩრდილი ვიხილე,
ვიხილე მისი ჭრელი ნაქარგი.
და მე გავიგე, რომ მსოფლიოში
არის წითელი სინათლე დღისა.
ჩვენ ექვს საათზე ვხვეტდით საკანებს
და შვიდზე იყო ყველგან სიჩუმე.
მაგრამ ჩურჩული საგრძნობი იყო,
იყო შრიალი მძლავრი მთებისა.
და მოსაკლავად, გაყინულ სუნთქვით
ჩვენთან მოვიდა თვითონ სიკვდილი.
ის არ მოსულა თოვლისფერ რაშით,
ის არ მოსულა წითელ მანტიით.
საჟენი თოკის არის საჭირო,
რომ სამუდამოდ დადუმდეს კაცი.
ჩვენთან მოვიდა თვითონ სიკვდილი,
თავის იდუმალ მიზნებისათვის.
0