12:57:10     17-10-2011
რუსეთში სამხედრო გადატრიალება რეალურია
რუსეთში სამხედრო გადატრიალება მწიფდება. ამის შესახებ, უკვე აქტიურად საუბრობენ თავად რუსი ექსპერტები და არა რაიმე აბსტრაქტული ანალიზების, არამედ, რეალური ფაქტების საფუძველზე.
მათი ინფორმაციით, რუსეთის მაღალ ეშელონებში, ბოლო პერიოდში, შიშითა და დიდი სიფრთხილით განიხილავენ ვითარებას, რომელიც არმიაშია შექმნილი.Aამ განწყობილებებს კი უკვე საპროტესტოც აღარ ქვია – წერს ზოგიერთი რუსული გამოცემა და აცხადებს, რომ რუსეთში ძალიან ბევრი სამხედრო პირია მზად, ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიური მოქმედებები დაიწყოს.
რუსეთის არმიის ოფიცრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ღია წერილი, რომელიც შარშან თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო კავშირების კურატორმა, გენერალმა ლეონიდ ივაშოვმა თავდაცვის მინისტრს ანატოლი სერდიუკოვს მისწერა.
გენერალი პირდაპირ მიუთითებდა, რომ შეიარაღებული ძალების რეფორმამ სრული კრახი განიცადა, რომ ის ამერიკელთა იატაკქვეშა კონტროლსაა დაქვემდებარებული და საბოლოოდ, ქვეყნის სამხედრო სიძლიერის რღვევას ისახავს მიზნად.
თუმცა, რუსი გენერლებისთვის, გლობალური ფაქტორის გარდა, არმიის რღვევის ლოკალური მიზეზებიც არსებობს და ეს მინისტრ სერდიუკოვის მიერ შეიარაღებული ძალების „კომერციალიზაცია და კრიმინალიზაციაა,” რომლის შედეგადაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და სამხედროების ცხოვრების ხარისხი ზარალდება. სერდიუკოვს იმაში ადანაშაულებენ, რომ ამ სფეროში ყველაფერს თავის საკუთრებად განიხილავს, ყიდის არმიის ქონებას და ამას რეფორმას არქმევს.
ღია და დახურული წერილების გახშირებული წერა სამხედრო პირებისაგან, ექსპერტების აზრით, მსუბუქ უკმაყოფილებას არ ნიშნავს. თანაც ამას არა მხოლოდ “არმიელები” აკეთებენ, არამედ ყველა სხვა ძალოვანი უწყების ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლები. გენერლები და ლეიტენანტები დაუფარავად ლანძღავნენ ხელისუფლებას. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ერთ-ერთმა გენერალ-პოლკოვნიკმა, სამხედრო ოლქის მეთაურმა, თავს უფლება მისცა „რუსული სამხედრო წესრიგის” პირობებში საჯაროდ ეთქვა უარი თავდაცვის მინისტრის ბრძანების შესრულებაზე.
მიმდინარე წლის მარტში კი ფსბ-ს თანამშრომლებმა სამხედრო სპეცრაზმის ყოფილი პოლკოვნიკი ვლადიმირ კვაჩკოვი დააკავეს, რომელსაც თავის დროზე ანატოლი ჩუბაისზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ. Aამჯერად, კვაჩკოვს, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მინინისა და პოჟარსკის სახელობის სახალხო ლაშქრის” ხელმძღვანელია, ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო ამბოხების მზადება დაბრალდა. გამოძიების მონაცემებით, ბუნტი 2 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. შეთქმულებს დაგეგმილი ჰქონდათ ოპერაცია „რასსვეტ,” რომლის ფარგლებშიც ხელთ უნდა ეგდოთ სამხედრო არსენალები ვოლგისპირეთსა და ურალში, ასევე მოსკოვში. ეკატერინბურგში ამბოხება უნდა დაეწყო პოლკოვნიკ ლეონიდ ხაბაროვს, რომელსაც არცთუ მცირე საბრძოლო გამოცდილება აქვს სხვადასხვა ცხელ წერტილებში. ოროვე პოლკოვნიკი შეიარაღებული პუტჩის მოწყობისათვის ახლა ციხეში ზის.
ექსპერტებს უჭირთ იმის თქმა, თუ რამდენად ღრმად შეაღწია შეთქმულების იდეამ მთლიანად რუსულ არმიაში, თუმცა იმაში, რომ შეთქმულებს არმიისა და ფლოტის მოქმედ ოფიცრებთან ქონდათ კავშირი, დარწმუნებულნი არიან. თანაც, მოქმედი სამხედროები არაერთხელ უნახავთ “სახალხო ლაშქრის” შეკრებებზე.
პოლიტოლიგი სერგეი მარკინი ამბობს, რომ რუსეთში სამხედრო გადატრიალების იდეა სავსებით რეალურია: „დღეს პოლიტიკურად აქტიური ადამიანები განსაკუთრებულ მდგომარეობაში არიან. მაგალითად, არ იციან, ვის უნდა მისცენ ხმა არჩევნებში. ამის გამო სხვადასხვაგვარად რეაგირებენ: ზოგი მშვიდად, ზოგიც ემოციურად. ასე მოიქცა კვაჩკოვი, რომელმაც დაიწყო მოქმედება.”
ამასთან, ექსპერტებს, სულაც არ მიაჩნიათ გამოსავლად მხოლოდდამხოლოდ დაკავებები. ღადგან უკმაყოფილება არმიაში უკვე თითქმის საყოველთაო ხასიათისაა, მით უფრო, რომ რეპრესიები და სამსახურიდან დათხოვნები – სერდიუკოვის რეფორმის ეგიდით, ახლაც გრძელდება.
ვითარებას ართულებს მოლიციის რეფორმაც, რომელიც ასევე საკადრო წმენდით დაიწყო. პერეატესტაცია ვერ გაიარა და ამის გამო დაითხოვეს 11 ათასი მილიციელი, სულ კი შს სისტემიდან 183 ათასი ადამიანი გაუშვეს, საიდანაც ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ 26 ათასის სხვაგან დასაქმება მოხერხდა. დანარჩენები კი უკმაყოფილოთა რიგებს ავსებენ. მითუფრო, რომ 2011 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პერეატესტაცია, ართუ სისტემის თანამშრომლების, არამედ რუსეთის რიგითი მოქალაქეების აზრითაც არაობიექტურად და დარღვევებით ჩატარდა და სამხედროების გარდა, გულში, წყენა, ათასობით მილიციელს აქვს გულში ჩადებული.
0