13:02:47     14-10-2011
გრიგოლ ორბელიანის დაბადების დღისადმი
ერთ-ერთი დიდი ქართველი რომანტიკოსი გრიგოლ ორბელიანი დაიბადა 1804 წლის 2 (ახალი სტილით 14) ოქტომბერს.
სწავლობდა ანჩისხატის დეკანოზთან დიმიტრი ალექსი-მესხიშვილთან, შემდეგ თბილისის კეთილშობილთა და საარტილერიო სასწავლებელში. 1820 წლიდან მსახურობდა საქართველოს გრენადერთა პოლკში. 1822 წლიდან მონაწილეობდა ჭარელი ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1826-1829 წლებში იბრძოდა სპარსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ. თავი გამოიჩინა როგორც მამაცმა მეომარმა.
1831 წელს გაემგზავრა ნოვგოროდში სამხედრო დავალებით. 1833 წელს გრიგოლ ორბელიანი დააპატიმრეს 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. სამი თვის პატიმრობის შემდეგ იგი, როგორც მეშვიდე კატეგორიის „მცირე“ დამნაშავე, „კავკასიის ხაზზე“ მოქმედ ჯარში იქნა გაგზავნილი. 1833 წლის ბოლოს პოეტი გადაიყვანეს ნევის საზღვაო პოლკში, ჯერ რიგაში, მერე ვილნოში (ვილნიუსი). 1837 წელს სამშობლოში დაბრუნდა გადასახლებიდან. შემდეგ წელს შტაბს-კაპიტნის ჩინით, კვლავ ჩაირიცხა საქართველოს გრენადერთა პოლკში, ერთ-ერთი ბატალიონის უფროსად.
1842 წელს შამილისაგან იცავდა ავარიას. სამხედრო და ორგანიზაციული ნიჭის გამო მალე დააწინაურეს. 1843 წელს დანიშნეს ავარიის მმართველად.
1858 წელს გადმოიყვანეს თბილისში კავკასიის მთავარმართებელ ბარიატინსკისთან. დაინიშნა მთავარმართებლის საბჭოს თავმჯდომარედ. 1860-1862 წლებში მთავარმართებლის მოვალეობას ასრულებდა. 1866 წელს თავი დაანება სამხედრო სამსახურს და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.
გრიგოლ ორბელიანის ადრეული ლექსები თარიღდება 1827 წლით. პირველად ზოგი მათგანი გამოქვეყნდა გიორგი ერისთავის „ცისკარში“ 1852-1853 წლებში.
გრიგოლ ორბელიანის პირველი კრებული გამოსცა პეტრე უმიკაშვილმა 1873 წელს.
გრიგოლ ორბელიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.
გრიგოლ ორბელიანი გარდაიცვალა 1883 წლის 21 მარტს (ახალი სტილით 2 აპრილს). დაკრძალულია ქაშუეთის ეკლესიაში.
დღეს, გრიგოლ ორბელიანის დაბადების დღესთან დაკავშირებით პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ მისი რამდენიმე ლექსი:
*** („ჰე, ივერიავ...“) პირვეალად დაიბეჭდა ჟურნალ „ქართულ მწერლობაში“ 1928 წ., # 6-7 (პავლე ინგოროყვას პუბლიკაციით).
*** („ვინცა გნახოს..“) პირველად დაიბეჭდა პეტრე უმიკაშვილის გამოცემაში 1873 წელს.
„მოგონება“ პირველად გამოქვეყნდა „ცისკარში, 1859 წ., # 11.
*** („იმედო, ნუთუ..“) პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ივერიაში“ 1885 წ., # IV-V.
***(“დავბერდი…”) პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ივერიაში“ 1885 წ., # IV-V.
***
ჰე, ივერიავ! ვიდრე იყო ქედმოდრეკილი,
ვიდრემდის სხვათა ყვედრებითა გფარვიდეს ძალი,
რად არა გახსოვს ძეთა შენთა ხრმალთა კრიალი,
ძლევათა მათგან, როს დიდებით იყავ მოსილი.
წინაპართ სისხლი აწ ჩვენს შორის არღა მდინარებს,
თავისუფლება განქრა ჩვენთვის, რაღა გვახარებს!
შორით მოსული ჩემს მამულში მყვედრის ცხოვრებას,
მოყვრულად გვმტერობს, გვტაცებს ყოველს, გვიქმს ალერსობას...
ესე ნაყოფი აქვს მარადის ცუდსა მონებას.
ბედო! ნუ გძინავს, განიღვიძე, ისმენდ ვაებას!
ცხოვარს ვემსგავსეთ, რომელსაცა მწყემსი არ უვის,
ვითარცა მგლისა, ეგრეთ მშიერ კაცის ეშინის,
ვინცა განაგდებს საღმრთოს ვალსა და გზის პატივის,
დასასრულ მაინც საშინელად ესრეთ წარხდების.
1832 წ.
***
ვინცა გნახოს, კვლავცა გნახოს, არ იკმაროს, კიდევ გნახოს;
თუ მოგშორდეს, ცრემლით გძებნოს, და რა გპოვოს მან გაღმერთოს.
მისი სიტყვა, მისი ფიქრი, თუ არ შენდა, არსად იყოს,
შენთან მის დღე ბრწყინვალებდეს, უშენოდა დაებნელოს!
გორი, 1840 წ.
მოგონება
აჰა ადგილი, აჰა ის არე,
სად ხელმწიფობდი მშვენიერებით;
ჭალაკი იგი, იგივ მდინარე
და გაზაფხული მის ფეროვნებით!
საცა შენ იყავ, მუნცა ყვავილნი
უმეტეს სუნნელთ აღმოფშვინვიდენ;
მზე ბრწყინვალებდა; აშიკ-ბულბულნი
შენდამო ქებას ტკბილად გალობდნენ!
გახარებული შენის მშვენებით
ნიავიც ფრთეთა ამოდ განშლიდა;
ხან შენსა კავებს ნაზად შეხებით,
ხან შენსა ლეჩაქს ეთამაშიდა!
საცა შენ იყავ, მუნცა მე ვრბოდი,
გულ-მხიარული, სულ აღტაცებით;
ვითა წყალობას ცისას, ველოდი
შენს ერთს მოხედვას ლმობიერებით!
სულ განაბული, ვით ანგელოზსა,
გიმზერდი კრძალვით, გულ-ძგერით, სურვით;
გისმენდი ტკბილად ხმა სირინოზსა,
ტრფიალი შენდა სულის შეწირვით!
აწ მასვე ადგილს ვჰზი მარტო ჭმუნვით,
და დრო წარსული თვალ-წინ მეხატვის,
როს გულს მინათდი მშვენების სხივით,
მსურდა ცხოვრება შენთან და შენთვის!
დრონი წავიდნენ... თანა წარიღეს
გულისა გრძნობა, ძალი ტრფობისა:
მარამა მე კი მარად მახსოვდეს
იგივე დრონი ნეტარებისა!
აწ არც კი მიცნობ, - გულით იცვალე...
ამ მოგონებამ არ შეგაწუხოს;
შენ განსვენებით ოღონდ იცოცხლე
და მე, თუ-გინა, საფლავმა მფაროს.
წინანდალი, 1851 წ.
***
იმედო, ნუთუ ღმერთი ხარ, რომ ფიქრი ყოვლის შენკენ ჰრბის!
რომ ჩვენი სოფლად სიცოცხლე უშენოდ არა ნათლდების?
შენ გულს უმშვიდებ ნუგეშით ამა სოფლისგან დევნილსა,
შენ ცრემლსა უშრობ მტირალსა, შენ ატკბობ გამწარებულსა.
თვით საპყრობილეს, დავრდომილს, სასიკვდოდ განმზადებულსა
შენ შვების შუქით უნათებ ბნელ ჯურღმულს და მის ბნელ გულსა;
და თვით მას ჟამსა, ოდესცა უბადრუკს ყოვლი უტევებს,
სამარის კარად შენ მარტო მასა თანაჰსდევ მეგობრულ,
და იქ უჩვენებ სხვა სოფელს, სხვა დღესა დაუღამოსა,
ზეცად ღვთაებრივ ცხოვრებას, ნეტარსა, საუკუნოსა.
* * *
დავბერდი, ბედს ვერ მოვესწარ, დაემხო ჩემი სამშობლო,
გულს მიკლავს უიმედობა, საფლავს ჩავდივარ სიმწარით...
1883
0