არაბული სამყარო ირანის გეგმებმა აღაშფოთა არაბული სამყარო ირანის გეგმებმა აღაშფოთა />


  17:47:16     13-10-2011

არაბული სამყარო ირანის გეგმებმა აღაშფოთა

a11256.jpg

ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის თემამ კვლავ წინა პლანზე გადმოინაცვლა. ინფორმაციამ იმის შესახებ, თუ როგორ აპირებდა ისლამური რესპუბლიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობას, რიგი არაბული ქვეყნები ფრიად აღაშფოთა. სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოთა საბჭოს თავმჯდომარე, აბდულ ლატიფ ალ–ზაიანი, თეირანის მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა. მისი თქმით, ირანელების გეგმებმა, მათ სპარსეთის ყურის მეზობლებთან ურთიერთობა ძალიან გაუფუჭა. 

როგორც ცნობილია, გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ირანის ორ მოქალაქეს, ვაშინგტონში, საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის მომზადებაში ედებათ ბრალი და სავარაუდოდ, ამ ქვეყნის საელჩოს აფეთქებასაც გეგმავდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების განცხადებით, შეთქმულების უკან ოფიციალური თეირანი დგას.

ამის საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი აკბარ სალეხიმ, ამერიკის შეერთებული შტატები კონფრონტაციის წახალისებაში დაადანაშაულა. „ბი–ბი–სის“ ინფორმაციით, სალეხიმ აშშ შესაძლო მძიმე შედეგების შესახებ გაააფრთხილა. ირანელი მინისტრის განცხადებით, „ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია, აშშ კი ყველა ზომას იღებს, რომ ამისკენ გვიბიძგოს“.

საუდის არაბეთის ხელისუფლება კი კატეგორიული განცხადებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ირანმა პასუხი უნდა აგოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მათი ქვეყნის ელჩის მკვლელობის მცდელობისათვის.  ამის პარალელურად, განცხადებას აკეთებს თეთრი სახლის ადმინისტრაციაც, რომელიც ირწმუნება, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ უფრო გაამკაცრებს.  

მოვლენების კვალდაკვალ, რიგი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს კონკრეტული ფაქტი, რომელმაც თეირანის რეპუტაცია რეგიონში მნიშვნელოვნად გაფუჭა, ირანის ისლამურ რესპუბლიკას და არაბულ სამყაროს შორის, ვითარებას საგრძნობლად დაძაბავს. ეს კი, შესაძლოა, უფრო ფართომასშტაბიან დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს.

0

ავტორი: