Stryker – ჯავშანტრანსპორტიორი Stryker – ჯავშანტრანსპორტიორი />


  12:43:32     13-10-2011

Stryker – ჯავშანტრანსპორტიორი

a11236.jpg

„სტრაიკერი“ არის ამერიკული წარმოების რვა ბორბლიანი დაჯავშნული საბრძოლო მანქანა, რომელიც LAV III-ის ტიპის მსუბუქი ჯავშანმანქანის ბაზაზეა შექმნილი, ხოლო თავად LAV III შვეიცარიულ MOWAG Piranha III-ის ტიპის 8x8 კონფიგურაციის ჯავშანტრანსპორტიორის მიხედვით შეიქმნა. ჯავშანტრანსპორტიორი General Dynamics Land Systems-ის მიერ იწარმოება და ამერიკის შეერთებული შტაების არმიის მიერ გამოიყენება. ჯავშანტრანსპორტიორს სახელი „სტრაიკერი“ ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის, სტიუარტ ს. სტრაიკერისა და რობერტ ფ. სტრაიკერის საპატივცემულოდ ეწოდა, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენებით იქნენ დაჯილდოვებულნი. პირველი მათგანი მეორე მსოფლიო ომში, ხოლო მეორე ვიეტნამის ომში დაიღუპა. ამერიკის არმიას კონტრაქტი 2 131 ერთეული ამ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის შესყიდვის თაობაზე აქვს დადებული. ‘’სტრაიკერების’’ პირველი პარტია ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ 2003 წელს მიიღო.

„სტრაიკერის“ კორპუსის შუბლა ნაწილი 14.5 მმ-იანი ტყვიებისაგან დაცვაზეა გათვლილი, ხოლო დაჯავშნა დანარჩენ ადგილებში 7.62 მმ-იანი ტყვიებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. ამას გარდა, ჯავშანტრანსპორტიორზე, დამატებითი ჯავშნის სახით, შესაძლებელია კერამიკული ჯავშნის დაყენებაც, რომელიც „სტრაიკერზე“ ჭანჭიკებით მაგრდება. დამატებითი ჯავშნის დაყენებით, ჯავშანტრანსპორტიორის ჯავშანი ნებისმიერ ადგილას 14.5 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. ჯავშანტრანსპორტიორის შასი, ასევე, უძლებს ნაღმების აფეთქებასაც. საწვავის ავზები მოთავსებულია გარედან, ავზები ისეა დაპროექტებული, რომ მანქანის აფეთქების შემთხვევაში, ისინი ჯავშანტრანსპორტიორიდან შორს გაიტყორცნება. Stryker-ებზე დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო და NBC-ის დაცვის სისტემები. ჯავშანტრანსპორტიორებზე, როდესაც ისინი საბრძოლო ზონაში იმყოფება, ჩვეულებრივ ამონტაჟებენ ფოლადის ცხაურებს, რომელიც უზრუნველყოფს ჯავშანტრანსპორტიორის დაცვას RPG-7-ის ტიპის ხელის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის კუმულაციური ყუმბარებისაგან. ახლახანს მათზე აქტიურ-რეაქტიული ჯავშნის კონტეინერების დამონტაჟებაც დაიწყეს, რის შედეგადაც ჯავშანტრანსპორტიორებზე მეტალის ცხაურების დაყენება აღარ იქნება საჭირო.

„სტრაიკერის“ საბაზისო ვარიანტები Protector M151-ის ტიპის დისტანციურად მართვავადი საიარაღო მოდულია დამონტაჟებული, რომელიც M2 „ბრაუნინგის“ ტიპის 50 კალიბრიანი და 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევებით ან Mk-19-ის ტიპის ავტომატური ყუმბარმტყორცნითაა აღჭურვილი.

„სტრაიკერის“ ეკიპაჟი ორი კაცისაგან, მეთაურისაგან და მძღოლისაგან შედგება. გარდა ამისა, დესანტის სახით, ‘’სტრაიკერს’’ ცხრა სრულად ეკიპირებული ჯარისკაცის გადაყვანა შეუძლია. დესანტს ჯავშანტრანსპორტიორში შესვლა და მისი დატოვება როგორც ლუკებიდან, ასევე კორპუსის უკან დამონტაჟებული გასასვლელიდან შეუძლია.

ჯავშანტრანსპორტიორზე, თავდაპირველად, ძალური დანადგარის სახით Caterpillar 3126-ის ტიპის დიზელის ძრავა იყო დაყენებული, თუმცა მოგვიანებით ეს ძრავა Caterpillar C7-ისა და Allison 3200SP-ს ტიპის ძრავებით შეცვალეს, რომლებც 350 ცხენისძალას გამოიმუშავებენ. „სტრაიკერის“ ძრავისა და ტრანსმისიის შეცვლა დაახლოებით 2 საათშია შესაძლებელი. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სხვა თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორებთან შედარებით „სტრაიკერს“ ცურვა არ შეუძლია.

army.ge

0

ავტორი: