ვახტანგ ხარჩილავას „სიტყვები“ ვახტანგ ხარჩილავას „სიტყვები“ />


  11:41:43     13-10-2011

ვახტანგ ხარჩილავას „სიტყვები“

a11217.jpg

პოეზიის მოყვარულები კარგად იცნობენ ჩვენს თანამედროვე ცნობილ პოეტს, პუბლიცისტს, მთარგმნელს - ვახტანგ ხარჩილავას..

დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. არის მწერალთა კავშირის წევრი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა „ცისკარში“, „ნობათში’, გამომცემლობა „მერანში“, ალმანახ „კრიტიკაში“, „დილის გაზეთში“.

ამჟამად გაზეთ „საერთო გაზეთის“ მთავარი რედაქტორია.

გამოცემული აქვს ლექსებისა და პუბლიცისტური წერილების კრებულები.

მისი ლექსები თარგმნილია არა ერთ ენაზე. როგორც ვთქვით, თვითონაც თარგმნის სხვადასხვა უცხოელი პოეტების ლექსებს და უნდა ითქვას, ძალიან კარგად. მის მიერ ნათარგმნ ლექსებს სხვა დროს შემოგთავაზებთ.

დღეს პრესა.გე-ს მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ მართლაც კარგი პოეტის, ვახტანგ ხარჩილავას რამდენიმე ლექსს.

სიტყვები

მე იმ ერთადერთ სიტყვას დავეძებ,
ის ერთადერთი სიტყვა მიშველის,
სიტყვა, ბგერებით გამოუთქმელი,
ლექსიკონებში აღუნიშვნელი.
რასაც ვერ დაშლის გრამატიკოსი,
ფუძედ, თავსართად, თემის ნიშნებად.
სიტყვა, რომელიც არ გაიყოფა
და მარცვალ-მარცვალ არ დაიშლება.
სიტყვა, რომელსაც სიტყვით ვერ ახსნი,
სიტყვით ვერ იტყვი და ვერ გამოთქვამ.
სიტყვა, რომელიც შედგენილია,
დილის შუქიდან და საღამოდან.
ის, ჩვეულებრივ, სიტყვების შუა
დევს პაუზად და მრავალწერტილად.
დაბერებულან ჩვენი სიტყვები,
როგორ დაღლილან და გაცვეთილან.
ვერ შეისწავლი მათ ფონეტიკით
და ვერც წერილად მისწერ გულისსწორს.
ეს ის სიტყვაა ხმამაღლა თქმული
სიტყვების იქით რასაც ვგულისხმობთ.
მე იმ ერთადერთ სიტყვას დავეძებ,
ის ერთადერთი სიტყვა მიშველის,
სიტყვა ბგერებით გამოუთქმელი.
ლექსიკონებში აღუნიშვნელი.

ბერი კოლხები

ბერი კოლხები თიბავდნენ ბალახს,
გამოლეოდათ ჯანი და ღონე,
ბერი კოლხები თიბავდნენ ბალახს,
საკუთარ ლანდსაც თიბავდნენ ხოლმე.

ასე ეგონათ: - სვრელებად გაშლილ
გამოლეოდათ ჯანი და ღონე.
ბერი კოლხები თიბავდნენ ბალახს,
საკუთარ ლანდსაც თიბავდნენ ხოლმე.

ასე ეგონათ: - სვრელებად გაშლილ
დღეებს თიბავდნენ, შებურვილს ნისლით
და გუბდებოდა აგვისტოს ხვატში
ერთი მინდორი ბალახის სისხლი.

ბერი კოლხები მღეროდნენ ჩელას,
მერე ბალახად დგებოდნენ თვითონ
და მოსდგომოდა პრიალა ცელი,
მზედგადასული სიცოცხლის მინდორს.

ბოლო დღე

ქანაობს მიწა და ირხევიან
შემკრთალ მინდორზე მდგარი მწყემსები.
აყვავებული ტანი ხეივნის
ირხევა ნელა და იწეწება.
ქანაობს მიწა და აჩხრიალებს
რიყეს, კუბოს და ხავსიან კრამიტს,
ბნელდება უცბად და მოშრიალე
ცოცხლებს აშინებთ სიკვდილის ჩქამი,
ქანაობს მიწა და არხევს მზისკენ
გაფრენილ ქედებს, ცას და ვარსკვლავებს.
ჩვენც გვახსენდება, რომ არც თუ ისე,
მყარად ვდგავართ და შიშით ვკანკალებთ.
კანკალებს მიწა და მაღალ ძეგლებს
ერყევათ ტანი მძიმედ და მკვეთრად,
მარადისობის სახელით შექმნილთ,
იქნება დღესვე უმტყუნოთ ბედმა.
დასაწყისია ეს დასასრულის,
ახლის და ნორჩის, განუწყვეტელის,
ჩვენც, კაცთა მოდგმა, უკვე ზრდასრულნი,
მომავლის იქით აღმოვცენდებით,
როცა მიაღწევს თავის სიმაღლეს
ხე კვდება, რადგან არ ძალუძს გაზრდა
და თუ მივდივართ, ჩვენც ნუ ვინაღვლებთ,
დასრულებულა სავალი გზათა.
შენ სტირი, ცრემლი გიდგას თვალებში,
რომ სიყვარული ვერ მოვასწარით,
მაგრამ დრო გავა და სხვა მხარეში
კვლავ აიგება ლურჯი ტაძარი.
ცა განათდება სხვა მზით ნაქარგი
და ისევ შეცვლის დილა ღამეებს,
იმ სიყვარულით, ჩვენ რომ დავკარგეთ,
ერთმანეთს სხვები შეიყვარებენ.
ქანაობს მიწა, ცეკვავს და როკავს,
ნაპირებიდან ღამე გადმოდის,
დარჩეს პატარა ბიჭი და გოგო,
დანარჩენები ყველა წამოდით...
ჩამკიდეთ ხელი, ჩვენ ერთად წავალთ,
რამეთუ ერთად ვიყავით დღემდე,
ჩამკიდეთ ხელი, ჩვენ ერთად წავალთ,
რომ თითო-თითოდ დავბრუნდეთ შემდეგ.

ოთახი

მე ის შევკარი ოთხი კედლისგან
და გარეშემო შემოვიშენე,
როგორც ნიჟარა ან როგორც გარსი,
შემოვიშენე და შიგ შევედი,
სიცივეს, სიცხეს, ცნობისმოყვარე
თვალებს და ქარებს რომ დავმალვოდი
შევედი გარსში და დავიმალე,
კედლებს იქით კი მთვარე ამოდის.

ის საკანია, როცა მარტო ვარ,
სახლად იქცევა,
როცა ორნი ვართ.
- ამ კედლებს ახსოვთ დღესასწაული,
ახსოვთ ცრემლიც და მელანქოლიაც,
აქ მოფრინავდნენ უცხო ქალები -
გულუბრყვილო და მფრთხალი ჩიტები
და ჟღურტულებდნენ და ჭიკჭიკებდნენ,
ხან თამამად და ხან მორიდებით.
უცხო მუსიკას, უცნაურ შვებას
და ბანგს მათრობელს ნაზიარებნი,
როგორც თევზები აქვარიუმში,
ვნების ტალღებში დავსრიალებდით,
რომ ერთი ღამით მაინც გვეპოვა,
ჩვენ ერთმანეთში თავშესაფარი.
და თენდებოდა და მთავრდებოდა,
იმ ერთი ღამის ლურჯი ზღაპარი.

მე ერთი ვიყავ მხოლოდ მტყუანი,
ისინი ყველა იყვნენ მართლები
და მიდიოდნენ მერე დაღლილნი,
ცრუსიყვარულში ღამენათევნი.
მე ვინც მიყვარდა, მე ვინც მწყუროდა,
მთელი ცხოვრება ვისაც ვეძებდი
აქ არ მოსულა! გზა ვერ გაიგნო,
ბნელში მავალმა ხელისცეცებით!
ჩემი ოთახი! აი, ეს არის
რაც მე მარგუნეს დედამიწიდან
რაც მე მარგუნეს დედამიწიდან
და იქ იყრიდა თავს ყველაფერი,
რაც სახესა და იერს იცვლიდა.

აი, ეს არის, რაც მე მეკუთვნის,
რაც გამოსტაცა ოთხმა კედელმა
სივრცეს და თითქოს მთელი სამყარო,
ამ ათ კვადრატულ მეტრში ეტევა,
ამ ათ კვადრატულ მეტრში ეტევა
ზღვაც, ოკეანეც, ცაც, ვარსკვლავებიც,
ზოგჯერ წვიმს, ზოგერ თოვლი ჩამოდის,
ზოგჯერ მწუხარე წუხან ქარები.

ისევ ვით ნიშში, მე ამ ოთახით
თითქოს სამყაროს სხეულში შემდგეს
და არვინ იცის თუ რა მოხდება,
თუ რა მომივა ცოტა ხნის შემდეგ.
კუბოა იგი და როს მოვკვდები,
(სიკვდილიც დროზე უნდა ვახსენოთ)
გამომიღებენ როგორც კუბოდან,
რომ სხვა კუბოში გადამასვენონ.
თუმც იქნებ სჯობდეს აქვე დამტოვონ,
ანდა წამიღონ ოთახიანად,
რომ ორივ ერთად ჩაგვნთქას ქვესკნელმა
და შეგვისრუტოს ხარბმა ხვიარამ.

ეს მერე!!! ჯერ კი, ჯერ ცოცხალი ვარ
და გაზაფხულის ვნებით ივსება
ჩემი ოთახი და ენატრება,
სიყვარული და თავდავიწყება,
აბორგებული და ძილგამკრთალი
ქარით, ქალით და "მთვარის სონატით",
საცაა ამ სახლს გამოეყოფა
და შეერევა ცას, ვით ხომალდი!

მონოლოგი წარსულიდან

... უკანასკნელად ჩაქრა ვარსკვლავიც,
უკანასკნელად ჩაქრა კაშკაშით.
შუბზე ამაგეს და დროშასავით
ამაფრიალეს უცხო ლაშქარში.
ვის წაჰყვა ჩემი ცოლი და ძაღლი.
ნეტა ვინ აღებს ბჭისკარს ჭრიალით.
ჩემს ძვლებს, გაჟვერილ თივაზე დაყრილს,
ვისი ურემი მიაჩხრიალებს.
ქვეშ ვის უგია ჩემი ნაბადი,
დევის ტყავივით ტანს რომ მეხვია,
მტრის გულთნის დედა ალბათ მარაბდას
ხნავს და ჩემი ძე მისი მეხრეა.
სამარადისოდ სხვამ დაიტოვა:
(მე მტვრიან ბინდში უნდა ვიარო)
ცა - ნათხოვარი ლურჯი მინდორი,
უფლისგან ღამე სახეტიალოდ,
ჩემი ფიალა აწ ვის დასცალოს,
ნორჩი ვენახი ვინ გამიხაროს,
ანდა უმზეომ და უვარსკვლავომ,
რით გავითენო, რით დავიღამო.
ვის ერდოზე ჰყეფს ერთგული ძაღლი,
ვიღას უმშვენებს ცოლი მზიანეთს,
ჩემს ძვლებს, გალუმპულ თივაზე დაყრილს,
ვისი ურემი მიაჩხრიალებს...

ამადეო მოდილიანი

სანამდე ვითმინო ეს ღამე, სანამდე,
უნდა გადავღებო ცისფრად,
ბაღში ავადმყოფი ვწევარ ამადეო
და ველოდები ცისკარს.
ეგ სახე რად მინდა,
ეგ თქვენი ნიღაბი,
ის უნდა დავხატო, რაც ნიღბის მიღმაა.
მადმუაზელ, ოდესმე იყავით იმ მხარეს? -
ხედავთ, ცას ცრემლები ვარსკვლავებად მიმხმარა.
ქარი - მაწანწალა ქუჩის შანსონიე,
შემოდის ჩემს ბაღში და მხრებზე მეხვევა.
თქვენ იცით სიმართლემდე რა შორია?
რა მტკივნეულია სინათლესთან შეხება?
თქვენ აქვე დარჩებით, მე უკვე გაღმა ვარ,
თქვენ აქვე დარჩებით მაგ თქვენი სიმდიდრით.
ცხოვრება ქარაფშუტა პარიზელი კახპაა,
თუ ფული გაქვს - იყიდი,
ვისაც გული აქვს და წაერთვა სასო
ღვინით კი არა, სევდით ლოთდებიან.
გინახავთ ზამთრის მთვარე პარიზის ცაზე? -
ჩემი პორტრეტია.
ძნელია ეს ღამე მარტომ გაათენო,
ძნელია გადაღებო ცისფრად,
დათოვლილ ფოთლებში ვწევარ ამადეო
და ველოდები ცისკარს...

0

ავტორი: