ქართველი ჯარისკაცები, სამშვიდობო მისიით, ავღანეთში მიემგზავრებიან ქართველი ჯარისკაცები, სამშვიდობო მისიით, ავღანეთში მიემგზავრებიან />


  19:54:18     12-10-2011

ქართველი ჯარისკაცები, სამშვიდობო მისიით, ავღანეთში მიემგზავრებიან

a11208.jpg

საქართველოს შეიარაღებული ძალების 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში მიემგზავრება. 749 სამხედრო მოსამსახურე ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. ქართული სამშვიდობო ბატალიონი მისიას ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებს. ისინი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში იქნებიან ოპერაციაში ჩართული.

სამხედროების გაცილების ცერემონია დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი დევი ჭანკოტაძე, შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის ელჩები და სამხედრო ატაშეები ესწრებოდნენ.  ქართველი სამხედროები ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტემენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის უფროსის ფრენკ ბოლანდის ხელმძღვანელობით ნატოს დელეგაციის წევრებმა გააცილეს.

2010 წლის აპრილიდან, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის 749 სამხედრო პირი გაიგზავნა, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდა. 31-ე ბატალიონი მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა 2010 წლის ნოემბრის თვის განმავლობაში როტაციის წესით ჩაანაცვლა. 2011 წლის აპრილის შემდეგ სამშვიდობო მისიას ჰელმანდის პროვინციაში 33-ე ბატალიონი აგრძელებდა.  31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი 33-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს.

31-ე ბატალიონისათვის ეს უკვე მეორე როტაციაა. ბატალიონი გამოცდილებითა და  მომზადების მაღალი დონით გამოირჩევა. ნატო–ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 31–ე ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური გადასროლისწინა მომზადების კურსი გაიარა. ოპერაციების წარმოებისათვის ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა წვრთნისა და მრჩეველთა  ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარეს. მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს.

სპეციალური მომზადება 31–ე ბატალიონმა ვაზიანის და სასწავლო ცენტრ კრწანისის მოსამზადებელ ბაზებზე გაიარა; ბატალიონის პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ს გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (GMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა, კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა წვრთნისა და მრჩეველთა ჯგუფმა.

0

ავტორი: