17:04:26     11-10-2011
სახარების ავტორი მარკოზ მოციქული
მარკოზის სახარების ავტორი გახლდათ იესოს სამოცდაათთაგანი მოწაფე, მოციქული მარკოზი.
იგი ლევიტელთა ტომიდან იყო წარმოშობით. მისი ებრაული სახელი იყო იოანე. მარკოზი ლათინური სახელია, რომელიც დაირქვა პეტრე მოციქულთან ერთად რომში გამგზავრების წინ. ასეთი რამ იმ დროს ხდებოდა ხოლმე.
ლუკა მახარებლის მიერ მოციქულთა საქმის აღწერიდან ვიცით, რომ მარკოზ მახარებლის დედას მარიამი ერქვა. მის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ. მათთან შეეფარა თავი პეტრე მოციქულმაც, როცა ტყვეობას დააღწია თავი ანგელოზების დახმარებით - საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 12: 11. და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა. 12. გულსა მოეგონა და მივიდა სახლსა მარიამისსა, დედისა მის იოვანესსა, რომელსა ერქუა მარკოს, სადა-იგი იყვნეს მრავალნი შეკრებულ და ილოცვიდეს.
როგორც ვთქვით, მარკოზ მახარებელი გახლდათ ქრისტეს ერთ-ერთი მოწაფე, სამოცდაათაგანი. ის კარგად იცნობდა მაცხოვარს, იყო მის მიერ არჩეული მოწაფეთაგანი და შემსწრე იყო ბევრი მოვლენისა ან სხვა მოწაფეებისაგან, თვითმხილველებისაგან გადმოცემით იცოდა სხვადასხვა ამბები, რაც ხდებოდა მათ გარშემო. როგორც ზოგიერთი მამა წმინდა აღნიშნავდა, მარკოზ მახარებელი შეიძლება ყოფილიყო ის ჭაბუკი, რომელიც ცდილობდა იესოს დახმარებას მისი გაცემის დღეს. მარკოზის სახარებაში არის მონაკვეთი სადაც წერია: „და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და შეემოსა არდაგი შიშულივ. ხოლო სხუათა მათ ჭაბუკთა შეიპყრეს იგი. და მან დაუტევა არდაგი და ივლტოდა მათგან შიშუელი (მაკოზი, 14, 51-52)“. ამბობონ, რომ მარკოზმა აქ თავის თავზე დაწერა. ხოლო პერანგის ამარა გამოსვლა ნიშნავდა, რომ მარკოზი იქვე ცხოვრობდა და ხალხის ხმაურზე უფლის დასახმარებლად გამოვარდა სახლიდან.
44-45 წლებში იერუსალიმში ანტიოქიიდან მოციქულმა პავლემ და მოციქულმა ბარნაბამ, რომელი ნათესავი იყო მარკოზისი, ჩამოიტანეს შესაწევნელი და მერე ისევ უკან გაბრუნდნენ, თან გაიყოლეს მარკოზიც. ის მათ ახლდა მისიონერულ მოგზაურობაში.
მარკოზი თან გაჰყვა წმინდა პეტრე მოციქულს რომში. გაქრისტიენებულ რომაელებს არ აკმაყოფილებდათ მხოლოდ ზეპირი გადმოცემები მაცხოვარზე და სთხოვეს მარკოზს აღეწერა ქრისტეს ცხოვრება, ჯვარცმა და აღდგომა, რაც უნახავს თვითონ, გაუგონია პეტრესგან ან სხვა თვითმხილველებისაგან. მარკოზმა დაწერა სახარება. პეტრე მოციქულმა მოიწონა სახარება და მისი კითხვა ეკლესიებშიც დაიწყეს.
49 წელს ალექსანდიაში გაემგზავრა მისიონერული მიზნით. მანვე დაარსა ალექსანდრიის ეკლესია, რომლის პირველი ეპისკოპოსიც თვითონ იყო. იქვე დაარსა სახელგანთქმული ქრისტიანული სასწავლებელიც. 50 წელს დაესწრო მოციქულთა კრებას. შემდეგ ისევ მისიონერობდა... გადმოცემით, არა ერთი სასწაულიც მოახდინა.
68 წლის 25 აპრილს ალექსანდრიაში წარმართმა ქურუმებმა წამებით მოაკვლევინეს წმინდა მარკოზ მახარებელი.
10 ოქტომბერს (ძველი სტილით 27 სექტემბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულების - მარკოზ მახარებლის, არისტრაქოსა და ზინას ხსენების დღეს. ამ დღესასწაულის აღსანიშნავად გთავაზობთ გავიხსენოთ მარკოზის სახარებიდან მაცხოვრის ერთი იგავი, რომელიც მშვენივრად აქვს მოთხრობილი იესოს მოწაფეს, მარკოზს და რომელიც გიორგი მთაწმინდელის მშვენიერი რედაქციით დღემდე უცვლელად იკითხება ჩვენს ეკლესიებში..
მარკოზი, 12, 1-9.
1. და იწყო იგავით მათა სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანის-მოქმედთა და წარვიდა.
2. და მიავლინა ქუეყანის-მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის.
3. ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი.
4. მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული.
5. და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი – რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს.
6. უკუანაჲსკნელ, ერთი ძე ესუა საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს.
7. ხოლო ქუეყანის-მოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე.
8. და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით.
9. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა.
0