17:01:57     11-10-2011
ტერენტი გრანელის გარდაცვალების დღისადმი
1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი, უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთ ფუძემდებელი - ტერენტი გრანელი.
მისი ნამდვილი გვარია კვირკველია. ტერენტი სამსონის ძე კვირკველია დაიბადა 1898 წლის 25 ნოემბერს ღარიბი გლეხის ოჯახში. ხუთი წლისას დედა გარდაეცვალა. ზრდიდა მამა, რომელიც დაქორწინდა მეორედ, დარია მებონიაზე. დედინაცვალს ძალიან ჰყვარებია გერები, ტერენტი და მისი დები, მაშო და ზოზია. სწავლობდა ცნობილი პედაგოგის იაკობ შანავას ხელმძღვანელობით, თან მამას ეხმარებოდა და წაღებს კერავდა. მეექვსე კლასში იყო სახლი დაეწვათ... სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. მამა გარდაეცვალა. მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების“ სახელით. ამ სასწავლებელს გიმნაზიის სრული უფლებები ჰქონდა მინიჭებული. დაამთავრა 1920 წელს.
„წალენჯიხელის“ ფსევდონიმით ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს „სახალხო საქმეში“ და „ახალ ნაკადში“. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1919 წელს. ამავე წელს გამოსცა ერთდროული ლიტერატურული გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“...
1921 წელს გობრონ აგერელთან ერთად გამოსცა წიგნაკი „პანაშვიდები“. მერე გამოვიდა მისი „სამგლოვიარო ხაზები“. 1922 წელს გამოვიდა ტერენტი გრანელის კრებული “სულიდან საფლავები“. წიგნს კრიტიკა აღფრთოვანებული შეხვდა (ტრისტან მაჩაბელი, პაატა ორბელიანი, კონსტანტინე გამსახურდია და სხვები).
1924 წელს გამოვიდა მისი კრებული MEMENTO MORI (გახსოვდეს სიკვდილი). რომელიც ასევე აღფრთოვანებით მიიღო საზოგადოებამ. იმ წელსვე, რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.
1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან შესანიშნავ პოეტს და პატრიოტს, ბოლშევიკების მოწინააღმდეგეს და საქართველოს თავისუფლებაზე მეოცნებეს, - რომელსაც უკვე გაზეთები ლექსებსაც აღარ უბეჭდავდნენ და რომელსაც არც სამსახური ჰქონდა, - სულიერი დეპრესია დაეწყო...
ქვემოთ, სპეციალურად გაგახსენებთ მის ლექსს „შალვა დადიანს“, რომელიც კარგად გვიჩვენებს თუ როგორ უჭირდა მატერიალურად ტერენტის...
როგორც ვთქვით, ტერენტი გრანელი გარდაიცვალა 1934 წლის 10 ოქტომბერს. დაკრძალული იყო პეტრე-პავლეს ეკლესიის საასფლაოზე. შემდეგ გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.
დღეს გავიხსენოთ ტერენტი გრანელის რამდენიმე ლექსი. მასზე საუბარი სხვა დროსაც გვექნება.
* * *
ალბათ მოვა დრო შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.
შალვა დადიანს
დღეს შალვა დადიანი შემხვდა და
მითხრა: ჩაიცვი, ყმაწვილო, ჩაიცვი!...
ძვირფასო შალვა, არმცთუ კაცმა, -
ბავშვმაც კი იცის ჭამა და ჩაცმა.
შენ სიღატაკეს არ იცნობ ალბათ,
რომელიც არის პატარა ჯვარცმა.
აღსარება ქუთაისს
მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ, -
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი შორი აპრილის.
ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
შენი დღეები ამწვანებული.
მოვედი შენთან თბილისის ნისლით
და ღამეებით გაწვალებული.
ო, ლოცვით სული აქაც აივსო,
ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.
და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო,
ველი სხვანაირ დღის გათენებას.
ავალ კიბეზე და მე მივმართავ
ბაგრატის ტაძრის მაღალ ნანგრევებს,
რომ ჩემი სული ფერფლია მართლა,
რომ გული სევდას აქაც აგროვებს.
ღამდება ასე, დაეცა წვიმა,
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი.
უამინდობამ მე დამამძიმა
და ისევ მელის გზა დამღუპველი.
ახლაც სიმშვიდე არ მეკარება,
მე აქაც ბევრი ღამე ვათიე.
ო, ქუთაისო, ეს მწუხარება
და ეს ტირილი შენ მაპატიე.
* * *
ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს
და ეს დროა უმძიმესი ლოდი.
დილა არის, მე ვოცნებობ მთაზე
და ვაგზლიდან ორთქმავალი მოდის.
აქეთ მზეა, იქ თოვლია სადღაც
და ცხოვრება დაემსგავსა ქაოსს.
რა ქარია, რა სიცივე დადგა
და დღეიდან ზამთარია, დაო!
და ქუჩიდან ყრუ ხმაური ისმის,
დღესაც დიდი მარტოობა ვიგრძენ.
ქალაქს უკვე ჩამოშორდა ნისლი
და ნისლიდან დაიწმინდა სივრცე.
* * *
ამდენ წამების და გლოვის შემდეგ
მე ისევ დამრჩა გული პოეტის.
და სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს
და გულმოკლული მე წამოვედი.
იყო გრიგალის და თოვლის შემდეგ
უფრო მწუხარე გამოსალმება.
მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს
და ვეგებები ისევ წამებას.
თითქო ცისფერი ოცნების შემდეგ
ისევ გამეფდა ზამთრის ქარები.
მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს
და თბილისისკენ მივექანები.
* * *
ამნაირ ბედზე ვნაღვლობ,
ბედმა მიწაზე დამტოვა.
შენ ხარ ჩემ სულთან ახლო
და სული მუდამ მარტოა.
ისევ ლექსებთან ვრჩები
და ლექსი სულის ლანდია.
მეგობარია ჩემი
ეს ნიკო მაკალათია.
შენი ხმა ისევ მესმის,
გარშემო უფრო ნისლია
ჩემი ყოველი ლექსი
მხოლოდ გული და სისხლია.
0