თურქულ-ებრაული დაპირისპირება და ამერიკული რადარი თურქულ-ებრაული დაპირისპირება და ამერიკული რადარი />


  08:36:53     10-10-2011

თურქულ-ებრაული დაპირისპირება და ამერიკული რადარი

a11091.jpg

თურქულ-ებრაული ღია თუ ფარული დაპირისპირება დიპლომატიურ ფრონტზე, გრძელდება. მიზეზი, ამჯერად, ამერიკული რადარია. ებრაული მედიის ინფორმაციით,  ისრაელისათვის არ იქნება ხელმისაწვდომი რადარი AN/TPY-2, რომლის განთავსებასაც ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის ტერიტორიაზე გეგმავს. ამის შესახებ პენტაგონის შეფმა, ლეონ პანეტამ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენაციაზე უკვე განაცხადა. ექსპერტების აზრით, მსგავსი განცხადება თურქეთის ხელისუფლების დასამშვიდებლად გაკეთდა, რადგან ეს უკანასკნელი ფრიად ნერვიულობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ რადარის ინფორმაციებს ისრაელიც გამოიყენებდა.

პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით, თურქეთში განთავსებული სისტემა, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპას და ახლო აღმოსავლეთს დაიცავს,  შორი მოქმედების რადიუსის ირანული რაკეტებისგან. თუმცა, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ირანის დარტყმის ობიექტი ისრაელი აღმოჩნდება.  

როგორც ცნობილია, ისლამურმა რესპუბლიკამ უკვე გამოთქვა უკმაყოფილება თურქეთის მიმართ, საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის რადარის განთავსებასთან დაკავშირებით. ზემოხსენებული ინფორმაციის და ზოგადად, ბოლო დროს, ისრაელსა და თურქეთ შორის არსებული დაძაბულობის მიუხედავად, თეირანი მაინც ჯიუტად დარწმუნებულია, რომ ანკარას ეს სისტემა „სიონისტური რეჟიმის“ შესაძლო განადგურებისაგან დასაცავად სჭირდება. ირანში აცხადებენ, რომ თურქეთს და დასავლეთს არ სურთ, მათ ქვეყანას თავდაცვა შეეძლოს, თუ სიონისტები ირანზე აგრესიის განხორციელებას დაიწყებენ. ამასთან დაკავშირებით, „ბი-ბი-სი“ მაჰმუდ აჰმადინეჯადის გამოსვლის ტექსტს ავრცელებს.

ირანის პირველი პირის განცხადებით, თურქ მეგობრებს უკვე ეცნობათ, რომ მათ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, „სიონისტური რეჟიმის დამხობას კი ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს“. როგორც ცნობილია, თურქულ-ამერიკული შეთანხმების თანახმად, სექტემბრის შუა რიცხვებში, ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულების ტექსტი, ამერიკული რადარის,   AN/TPY-2 - ის თურქეთის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. წლის ბოლომდე ის ქვეყნის აღმოსავლეთით, პროვინცია მალატიაში უნდა გამოჩნდეს, რომელიც ირანის, ასევე, საქართველოს და სომხეთის საზღვრებთან მდებარეობს. აშშ-ის ხელისუფლებამ ამ შეთანხმებას უკვე უწოდა უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში, ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, ორ მოკავშირეს შორის.   

0

ავტორი: