ნატო-სთან პარტნიორობის პროგრამები ნატო-სთან პარტნიორობის პროგრამები />


  14:36:51     08-10-2011

ნატო-სთან პარტნიორობის პროგრამები

a11078.jpg

1994 წლიდან საქართველო აქტიურ მონაწილეობას იღებს ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამაში (PfP). პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ნატო-ს და პარტნიორ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი, ასევე სხვა და სხვა ტიპის პროგრამები და ღონისძიებები. 1995 წელს შემუშავებულ იქნა საქართველო-ნატოს ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა (IPP) რომელშიც გაწერილ იქნა თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში ჩასატარებელი ღონისძიებები. 1996 წელს პირველმა ქართულმა სამხედრო ქვედანაყოფმა მიიღო მონაწილეობა პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში გამართულ საველე წვრთნებში. ამ დროიდან საქართველო აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პრაქტიკულ სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებში, ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა სამსახურის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი იღებს განათლებას პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის სასწავლო ცენტრებში.

1999 წლიდან 2003 წლამდე საქართველომ უმასპინძლა მრავალ ნატო/პმპ და პმპ-ს სულისკვეთებით ფორმატში გამართულ სწავლებას (Medceur-00, Coop.Partner-01, Best Effort-02, Eternity-02, Medceur/Rescuer-03). მიმდინარე წელს საქართველო მასპინძლობს პმპ-ს სულისკვეთებით სწავლებებს Medceur/Rescuer-05 და Eternity-05.

პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის ფარგლებში ქართული სამშვიდობო კონტინგენტი მონაწილეობას იღებს ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში (KFOR-მიმდინარეობს, ISAF-2004 წელს).

1999 წლიდან საქართველო მონაწილეობას იღებს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP). პარტნიორობის აღნიშნული მექანიზმი წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს რომლის საშუალებითაც ხდება პარტნიორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფების, ასევე მართვის სისტემების ნატო-ს ძალებთან თავსებადობის მიღწევა. აღნიშნულ ფორმატში ნატო-ს საერთაშორისო სამსახური ატარებს პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ შეფასებას. ნატო/პარტნიორი ქვეყნების მინისტრთა დირექტივების და ყოველწლიური შეფასებების შედეგებზე დაყრდნობით ხორციელდება საქართველოსათვის პარტნიორობის მიზნების (Partnership Goals) დასახვა და განახლება.

2004 წელს საქართველომ განაცხადა ერთი მსუბუქი ქვეითი ასეული ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციისათვის (OCC).

საქართველო ნატოს მთავარი პოლიტიკური ფორუმის, ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს (EAPC) წევრია.

საქართველო ასევე მონაწილეობს ნატო-ს ისეთ ინიციატივებში, როგორიცაა პარტნიორობის სამოქმედო გეგმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში (PAP-T) და პარტნიორობის სამოქმედო გეგმა თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობისათვის (PAP-DIB).

პარტნიორობის სამოქმედო გეგმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში (PAP-T) წარმოადგენს ძირითად პლატფორმას რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების ანტიტერორისტული ქმედებების კოორდინაცია.

პარტნიორობის სამოქმედო გეგმა თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობისათვის (PAP-DIB) მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს წევრი ქვეყნების ძალისხმევას განახორციელონ თავდაცვის ინსტიტუტების სრულფასოვანი რეფორმირება. ზემოხსენებული ინიციატივა აგრეთვე აძლევს პარტნიორ ქვეყნებს საშუალებას უპასუხონ არსებულ მოთხოვნებს და შეასრულონ ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება პარტნიორობა მშვიდობისათვის ჩარჩო დოკუმენტს, ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს ძირითად დოკუმენტს, ასევე ეუთოს შესაბამის დოკუმენტებს როგორიცაა უსაფრთხოების სამხედრო-პოლოტიკური ასპექტების ეუთოს კოდექსი.

0

ავტორი: