13:15:47     18-10-2010
რეზერვი – დანიშნულება, სტრუქტურა (ნაწილი პირველი)
[გიორგი თავდგირიძე; სამხედრო ანალიტიკური ჯგუფი „ჰერი“]
თანამედროვე შეიარაღებული ძალები წარმოუდგენელია რეზერვისა და სარეზერვო სისტემის გარეშე. ისტორიული წიაღსვლების გარეშე განვიხილავ, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი სარეზერვო-სამობილიზაციო სისტემა საქართველოში.
სწრაფი რეაგირების ძალები - თავდაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მზად არის დაუყოვნებლივ ჩაერთოს ბრძოლაში და მოიგერიოს მოწინააღმდეგე საზღვრის გასწვრივ, წინასწარ დაგეგმილ თავდაცვის ზღუდეზე. როგორც წესი ეს ქვედანაყოფები დაკომპლექტებულია სრულად, იმყოფებიან მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში და გამოირჩევიან საბრძოლო მომზადებისა და შესაძლებლობების მაღალი დონით.
ჩვენ რეალობაში მიზანშეწონილი იქნება სწრაფი რეაგირების ძალები თავმოყრილი იყოს „სწრაფი რეაგირების კორპუსში“, ეს ქვედანაყოფები უნდა დაკომპლექტდეს დაქირავებული სამხედრო მოსამსახურეებით. სრკ-ს საბრძოლო ელემენტი უნდა შედგებოდეს 4-5 ქვეითი საბრძოლო ბრიგადისაგან, სპეციალური დანიშნულების ბრიგადისაგან და მოტომსროლელი ბრიგადისაგან.
ქვეითი ბრიგადა უნდა შედგებოდეს სამ ქვეით ბატალიონისგან, ერთ მსუბუქქვეით ( ან სამთო) ბატალიონისაგან და სატანკო ასეულისაგან. იგულისხმება რომ ბრიგადის საბრძოლო უზრუნველყოფის ( არტილერია, საინჟინრო, ჰაერსაწინააღმდეგო და ა.შ.) და ლოგისტიკური უზრუნველყოფის კომპონენტი შესაბამისად იქნება კონფიგურირებული. მოტომსროლელი ბრიგადა მიზანშეწონილია შედგებოდეს ერთი სატანკო, ერთი მოტომსროლელი და ორი შერეული მოტომსროლელი ბატალიონისაგან( ორი სატანკო და ორი მოტომსროლელი ასეული).
ქართული შეიარაღებული ძალების პროფესიული კომპონენტი წარმოდგენილი იქნება სწრაფი რეაგირების ძალების სახით. მთელი სატანკო და ჯავშანტექნიკა კონცენტრირებული იქნება ერთი სარდლობის ქვეშ. აქვე დავამატებ რომ სამთოქვეითი და „კომანდოს“ ტიპის ქვედანაყოფების არსებობა უზრუნველყოფს სიღრმითი და სპეციალურ ოპერაციების წარმოების შესაძლებლობას. ფაქტიურად სწრაფი რეაგირების კორპუსს საშუალება ექნება აწარმოოს სწრაფი, მანევრული ოპერაციები და გამოიყენოს როგორც კლასიკური ტაქტიკური ილეთები, ასევე ბრძოლის თანამედროვე ხერხები.
სწრაფი რეაგირების კორპუსი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ერთიანი საბრძოლო შენაერთი ( ამ შემთხვევაში ის შეიძლება ორ დივიზიად ან სამ ნახევარდივიზიად დაიყოს და გაძლიერდეს რეზერვის ქვედანაყოფებით) ან მისი ქვედანაყოფები ოპერატიულ მართვაში გადაეცეს ფრონტის სარდლობებს ოპერატიული საჭიროებიდან გამომდინარე (ფართომაშტაბიანი ომის შემთხვევაში ქვეყნის გეოგრაფიული და სამხედროგეოგრაფიული თავისებურებებიდან გამომდინარე შესაძლებელია ოთხამდე დამოუკიდებელი საბრძოლო მოქმედებების რაიონი გამოიყოს).
სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო შესაძლებლობების მიმართ მაღალი მოთხოვნების მიუხედავად, ფინანსური და ადამიანური რესურსების დაზოგვის მიზნით შესაძლებელი მშვიდობიანობის დროს გვქონდეს შემცირებული შტატი, ხოლო ომიანობის დროს სრული შტატი. მაგალითად საბრძოლო ბატალიონში მშვიდობიანობის დროს იყოს სამი საბრძოლო ასეული, ხოლო სრული შტატით ოთხი საბრძოლო ასეული, ან მშვიდობიანობის დროს არ გვყავდეს მზარეულებისა და მძღოლების სრული შემადგენლობა და ა.შ. ფაქტიურად საჭიროების შემთხვევაში უნდა შეგვეძლოს სწრაფი რეაგირების ძალების 25-30 %-იანი ზრდა.
გამოიკვეთა თავდაცვის სისტემის პროფესიული კომპონენტის მოთხოვნა რეზერვის მიმართ, საბრძოლო შტატებზე გადასასვლელად საჭირო პერსონალი და დანაკარგის შესავსებად საჭირო რეზერვი.
ფართომაშტაბიანი ომის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების ძალები საკმარისი არ იქნება სტაბილური და ერთიანი თავდაცვის ხაზის შესაქმნელად, აქვე დავძენ რომ პასიური თავდაცვითი ოპერაციების საწარმოებლად პროფესიული კომპონენტის გამოყენება არც იქნება მიზანშეწონილი.
ამიტომ ქართულ შეიარაღებულ ძალებში, პარალელურად უნდა არსებობდეს ნაწილობრივ ან სრულად კადრირებული ქვედანაყოფები. რომლებსაც შესაძლებლობა ექნებად საჭიროებიდან გამომდინარე, სამობილიზაციო გეგმის მიხედვით გადავიდენ საბრძოლო შტატზე 24 , 48 ან 96 საათის განმავლობაში. რაც უფრო კარგად იქნება სამობილიზაციო სისტემა აწყობილი, მით უფრო სწრაფად და ორგანიზებულად იქნება შესაძლებელი ქვედანაყოფების გაშლა.
შესაბამისად ამ ქვედანაყოფების გასაშლელად საჭირო იქნება გაწვრთნილი პერსონალი, რომელიც მიწერილი იქნება ქვედანაყოფებს და დატყობინების შედეგად გამოცხადდებიან ქვედანაყოფების განლაგების ადგილას. გარდა ამისა პერსონალი საჭირო იქნება დანაკარგების შესავსებად.
ფართომაშტაბიანი ომის შემთხვევაში საჭირო იქნება ქვედანაყოფები მეორეხარისხოვანი ( ბრძოლების არმონაწილეობის თვალსაზრისით) ამოცანების შესასრულებლად, მაგალითად სამხედრო გადაზიდვები ფრონტის უკანა ხაზზე, სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებები, სამხედრო და ნახევრადსამხედრო ობიექტების დაცვა და ა.შ. ამ ამოცანების შესასრულებლად მიზანშეწონილი იქნება სახალხო ლაშქარის ჩამოყალიბება. ამ შემთხვევაშიც საჭირო იქნება გაწვრთნილი და ელემენტარული სამხედრო ცოდნის მქონე რეზერვისტები.
შეიარაღებული ძალების მოწყობის ერთერთი პრინციპი ასე ჟღერს, მშვიდობიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს აუცილებელი მინიმუმი, ხოლო ომიანობის შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო მაქსიმუმის მობილიზება.
იმისთვის რომ თავდაცვის სისტემა სრულად იყოს უზრუნველყოფილი პერსონალით, აუცილებელია ქვეყანას ჰყავდეს რეზერვი. რეზერვი შედგება გაწვრთნილი, სამხედრო ცოდნისა და უნარჩვევების მქონე გარკვეული ასაკის მამაკაცებისაგან და ქალებისაგან.
მომზადება:
გონივრული იქნება სამხედრო მომზადების ერთიანი სისტემის შექმნა. ანუ ყველა მამაკაცი 18 წლის ასაკიდან უნდა გადიოდეს საწვრთნელ შეკრებას და იღებდეს საბაზისო სამხედრო ცოდნას. ამის მიღწევა არსებული სისტემით შეუძლებელია. განსხვავებული პროგრამით ემზადება ე.წ. რეზერვისტი, სამხედრო სავალდებულო სამსახურის რიგითი და საკონტრაქტო სამსახურში მყოფი კაპრალი.
თავდაპირველი სამხედრო მომზადების ( საბაზისო მომზადების) გონივრული ვადა 90 დღეა, შეიძლება პროგრამის შეკუმშვა ან განვრცობა, მაგრამ 3 თვე ოპტიმალური ვადაა და მოგვიანებით ავხსნი რატომაც. თუ მომზადების ერთიან პროგრამას გავაკეთებთ, არ დავგჭირდება „რეზერვისტების“ ცალკე მომზადება, რეზერვში მყოფი ადამიანები მხოლოდ გადამზადებას გაივლიან, რომელსაც არც ისე ბევრი დრო დასჭირდება.
ამ ყველაფრის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახური ექვსთვიანი იქნება. 18 წელს მიღწეულ მამაკაცთა უმეტესობას ( 60- 70 %-ს) მოუწევს ჯარში სამსახური. გადავადებაც გამარტივებული უნდა იყოს,მაგალითად სამხედრო ვალდებულს შეეძლება 2 წლის განმავლობაში განცხადების საფუძველზე გადაავადოს სამსახური, შემდგომ 2 წელი გარკვეულ საფასურად. მაგრამ 4 წლის გადავადების შემდგომ აუცილებლად მიდის ჯარში.
მოკლევადიანი და საყოველთაო სამხედრო სავალდებულო სამსახური, ზედმეტი დანახარჯების გარეშე მოგვიხსნის რეზერვის მომზადები, რაოდენობის და ხარისხის პრობლემას.
(გაგრძელება იქნება)
0