16:50:19     07-10-2011
შექსპირი იტალიელია?
დიდი ინგლისელი მწერლის, უილიამ შექსპირის, ამ ქვეყნად მოსვლისა და წასვლის არანაირი ოფიციალური ცნობა არ არსებობს. უცნობია როდის დაიბადა და როდის გარდაიცვალა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დრამატურგი, ამის მხოლოდ ვარაუდები არსებობს. თუმცა, ერთი კი ფაქტია, იგი XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე, ინგლისის მიწაზე მოღვაწეობდა.
რაც უფრო იდუმალია ისტორია, მით უფრო ადვილია მისი იმპროვიზაცია. და აი, თურმე, უილიამ შექსპირი ინგლისელი კი არა, იტალიელია! ყოველ შემთხვევაში, ამაში ღრმადაა დარწმუნებული იტალიის ქალაქ მესინას საკრებულოს ხელმძღვანელი ჯუზეპე პრევიტი. ცოტა ხნის წინ, მან ელიზაბეტ მეორეს წერილიც კი მისწერა, რომელშიც დედოფალს სთხოვს დააზუსტოს დრამატურგის დაბადების ადგილი.
პრევიტი თვლის, რომ ინფორმაცია რომელიც მის ვერსიას ამართლებს, შესაძლოა, ინგლისის ბიბლიოთეკების ძველ არქივებში ინახება.
იტალიელებმა იმდენად ირწმუნეს პრევიტის თეორია, რომ ცოტა ხნის წინ, ქალაქის მმართველობამ, შექსპირს მესინას საპატიო მოქალაქის ორდენი მიანიჭა. მანამდე კი საკათედრო მოედანზე მემორიალური დაფა გაკეთდა უკვდავი სტრიქონებით კომედიიდან Much Ado About Nothing, რომლის მოქმედებაც სწორედ მესინაში ხდება.
სხვათა შორის, სწორედ ეს კომედიაა შექსპირის იტალიელობის თეორიის წარმოშობის კატალიზატორი. საქმე იმაშია, რომ პიესაში მრავლადაა ის სიტყვები და გამოთქმები, რომელსაც მაშინდელი მესინას მოქალაქეები ხმარობდნენ.
როგორც ჯუზეპე პრევიტი ირწმუნება, უილიამ შექსპირს სინამდვილეში მიქელანჯელო ფლორიო ერქვა, მისი მშობლები იყვნენ ექიმი-კალვინისტი ჯოვანი ფლორიო და გუგლიემო კროლალანსტა.
ინკვიზიციას გაქცეული მიქელანჯელო ინგლისში აღმოჩნდა. უილიამ შექსპირი კი მისი ფსევდონიმია. პრევიტი ირწმუნება, რომ მიქელანჯელოს დედის სახელი და გვარი ინგლისურად სწორედ ასე - „უილიამ შექსპირი“ ითარგმნება.
ამას გარდა, არგუმენტების სახით პრევიტის მოჰყავს ის ფაქტი, რომ შექსპირის 37დრამიდან 15-ის მოქმედება იტალიაში ხდება. მაგრამ, თუ ამ ლოგიკას გავყვებით, სავსებით შესაძლებელია შექსპირი იყოს შოტლანდიელი, დანიელი ან ბრიტანელი.
ბოლო დროს დიდი ბრიტანეთის ისტორიულ ფიგურებს საფრთხე დაემუქრათ - ცოტა ხნის წინ ხორვატიამ განაცხადა, რომ ცნობილი მეფე არტური მის მიწაზე დაიბადა.
0